ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის პანდემიის პერიოდის მთავარი სამედიცინო მრჩევლისა და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის პირადი დღიურები საჯარო გახდა. ჩანაწერებში, რომლებიც 2020-2021 წლებით თარიღდება, 85 წლის მეცნიერი მკვეთრად აკრიტიკებს მემარჯვენე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც კორონავირუსის „ხელოვნურად შექმნის“ თეორიას ავრცელებდნენ.
დღიურების გამოქვეყნება ამერიკულ პოლიტიკურ სკანდალს უკავშირდება. რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა, რომელიც წლებია ამტკიცებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ვუხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ფაუჩი სენატის მოსმენაზე გამოიძახა და მისი პირადი ჩანაწერები (1100-ზე მეტი გვერდი) გაასაჯაროვა.
საუბარია ავსტრალიელი ჟურნალისტის, შარი მარქსონის გამოძიებასა და წიგნზე, სადაც ავტორი ამტკიცებდა, რომ ჩინელი სამხედრო მეცნიერები კორონავირუსს, როგორც ბიოლოგიურ იარაღს ჯერ კიდევ პანდემიამდე წლებით ადრე ამუშავებდნენ, ხოლო ფაუჩის უწყება ამ ლაბორატორიას ჩუმად აფინანსებდა.
ფაუჩი თავის პირად დღიურებში წერს, რომ ეს ბრალდებები „არანაირ ლოგიკაში არ ჯდება“ და მას „სრულ აბსურდს“ (bunch of nonsense) უწოდებს:
„რატომ უნდა სურდეს ვინმეს ისეთი ვირუსის შექმნა, რომელიც თავისივე ქვეყნის მოსახლეობასაც დააინფიცირებს? ამ სტატიაში რაღაც წესრიგში არ არის“, — წერდა ფაუჩი 2021 წლის მაისში.
მოგვიანებით ჩატარებულმა დამოუკიდებელმა მოკვლევამ დაადასტურა, რომ ჟურნალისტის მიერ ციტირებული „საშიში სამხედრო დოკუმენტი“ სინამდვილეში ინტერნეტში თავისუფლად ხელმისაწვდომი, 2015 წლის კონსპირაციული წიგნი იყო, რომელსაც მეცნიერები არ იზიარებენ.
დღეისათვის მეცნიერულ და პოლიტიკურ წრეებში დებატები Covid-19-ის წარმოშობაზე კვლავ გრძელდება. არსებობს ორი ძირითადი ვერსია:
-
ბუნებრივი წარმოშობა — ვირუსი გარეული ცხოველისგან (სავარაუდოდ ღამურისგან) ადამიანს ბუნებრივად გადაეცა.
-
ლაბორატორიული ინციდენტი — ვირუსმა ვუხანის ინსტიტუტიდან შემთხვევით გაჟონა
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის დაზვერვის ნაწილი ლაბორატორიულ ინციდენტს გამორიცხავს, პოლიტიკური დაპირისპირება ამ თემის გარშემო აშშ-ში კვლავ აქტიურად გრძელდება.
წყარო: The Guardian

