ყოველ 30 წამში ჰეპატიტით ერთი ადამიანი იღუპება. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსების გავრცელებაზე პასიურად დაკვირვების ფუფუნება აღარ გვაქვს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, გავაძლიეროთ ბრძოლა ვირუსული ჰეპატიტის წინააღმდეგ. ეს ინფექციები „ჩუმად“ ვრცელდება და ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.
რატომ არის გლობალური გაფრთხილება ასეთი მნიშვნელოვანი?
ვირუსული ჰეპატიტის B, C და D ტიპებით მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ყოველწლიურად ამ დაავადების მსხვერპლი 1.3 მილიონზე მეტია.
ამ ფატალურ შედეგს ძირითადად ღვიძლის ციროზი და სიმსივნე იწვევს. სამწუხაროდ, ვიდრე მდგომარეობა არ დამძიმდება, ინფიცირებულების უმრავლესობამ არც იცის, რომ დაავადებულია.
სიმსივნის გამომწვევად D ჰეპატიტის აღიარება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკის გაუმჯობესება, ცნობიერების ამაღლება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა.
იმისთვის რომ განვითარდეს D ჰეპატიტის ინფექცია, ადამიანს უკვე უნდა ჰქონდეს ჰეპატიტი B. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ D ვირუსი ვერ იწვევს დაავადებას, რადგან ის „დეფექტური“ ვირუსია და გამრავლებისთვის დამხმარე პათოგენი სჭირდება.
თუმცა, ორგანიზმში ამ ორი ვირუსის თანაარსებობისას, სერიოზულად იზრდება ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკი – გაცილებით მეტად, ვიდრე მხოლოდ B ჰეპატიტის დროს. სწორედ ამიტომ არის ის განსაკუთრებით საშიში.
რა შესაძლებლობები არსებობს?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აქვს შემუშავებული თანამედროვე გაიდლაინები B და D ჰეპატიტების ტესტირებისთვის. დღეისათვის უკვე არსებობს B და C ჰეპატიტების სამკურნალო საშუალებები, ხოლო D ჰეპატიტის მართვის თერაპიული მიდგომები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.
იმისთვის, რომ შემცირდეს ღვიძლის სიმსივნითა და ციროზით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჯანმო პრიორიტეტულად მიიჩნევს ჰეპატიტის სერვისების – ვაქცინაციის, ტესტირების, ზიანის შემცირებისა და მკურნალობის – ეროვნულ ჯანდაცვის სისტემებში ინტეგრაციას. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია:
ჰეპატიტის ეროვნული სამოქმედო გეგმის მქონე ქვეყნების რაოდენობა 2025 წელს 123-მდე გაიზარდა, რაც 2022 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
ვაქცინაცია ჰეპატიტ B-ზე დაბადებისთანავე უკვე 147 ქვეყანაში ტარდება.
ორსულ ქალებში ჰეპატიტ B-ს ტესტირება უკვე დანერგილია 129 ქვეყანაში.
რა გამოწვევები რჩება?
მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, კვლავაც არსებობს სერიოზული ხარვეზები. 2022 წლის მონაცემებით, B ჰეპატიტით ინფიცირებულთა მხოლოდ 13% იყო დიაგნოსტირებული, ხოლო C ჰეპატიტით – დაავადებულთა მხოლოდ 36%.
ჯანმოს მიზანია 2030 წლისთვის ჰეპატიტის სრული ლიკვიდაცია, რამაც შეიძლება 2.8 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინოს. აღსანიშნავია, რომ დონორების დაფინანსება მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებმა უნდა გაზარდონ შიდა ინვესტიციები, ასევე დახვეწონ სერვისები, უზრუნველყონ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და გააუმჯობესონ მონაცემთა სისტემები.
ჯანმოს წლევანდელი მოწოდება ნათელია: ჰეპატიტის “ჩუმი” ეპიდემია თავისით არ დასრულდება — საჭიროა დაუყოვნებლივი ქმედება.
წყარო: World Health Organization

