დაფინანსების შემცირებამ ამერიკულ მეცნიერებას დარტყმა მიაყენა — ახალგაზრდა მკვლევრები აკადემიას ტოვებენ

გააზიარე

აშშ-ის ფედერალურმა პოლიტიკამ, გრანტების გაუქმებამ და დაფინანსების გაყინვამ ბიოსამედიცინო კვლევების მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა. ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (NBER) ახალი ანგარიში ცხადყოფს: ახალგაზრდა მეცნიერები აკადემიურ სივრცეს მასობრივად ტოვებენ.

მკვლევრებმა, რაფაელა სადუნმა (ჰარვარდის ბიზნესსკოლა), პიერ აზულაიმ (MIT) და დანიელა სკურმა (მონაშის უნივერსიტეტი), აშშ-ის 134 ინსტიტუტის 770 ბიოსამედიცინო ლაბორატორიიდან 916 დოქტორანტი და პოსტდოქტორანტი გამოკითხეს.

მონაცემებმა მკვეთრი ვარდნა გამოავლინა. სულ რაღაც ექვს თვეში იმ მეცნიერთა წილი, ვინც აკადემიაში დარჩენას გეგმავს, 66%-დან 44%-მდე დაეცა. 22-პროცენტიანი კლება თანაბრად შეეხო ყველა სამეცნიერო ჯგუფს — ლაბორატორიის სიდიდის, დაფინანსების წყაროსა თუ მკვლევრის აკადემიური საფეხურის მიუხედავად.

გამოკითხვა სხვა საგანგაშო ტენდენციებსაც აჩვენებს:

  • აშშ-ში დარჩენის მსურველთა წილი 93%-დან 72%-მდე შემცირდა;

  • უცხოელ მკვლევრებში ქვეყანაში დარჩენის სურვილმა 31%-ით იკლო (აშშ-ის მოქალაქეებთან შედარებით ორჯერ მეტად);

  • სამეცნიერო დოქტორანტურის (PhD) არჩევით კმაყოფილება 92%-დან 76%-მდე დაეცა.

სავიზო გაურკვევლობა და შეზღუდული ბიუჯეტი განსაკუთრებულ დარტყმას საერთაშორისო სპეციალისტებს აყენებს.

„ჩვენ მეცნიერთა მთელი თაობის შეკვეცას ვუყურებთ. მათ აქ ისწავლეს, დრო ჩადეს, ჩვენ ეს ტალანტი გამოვზარდეთ, ახლა კი ეს ადამიანები გვეუბნებიან: ‘აქედან წასვლა გვინდა’“, — აცხადებს რაფაელა სადუნი.

ავტორები მიღებულ შედეგებს განგაშის პირველ სიგნალად მიიჩნევენ. დოქტორანტები და პოსტდოქტორანტები მომავალი წამყვანი მკვლევრების ბირთვს ქმნიან. თუ ახალგაზრდები აკადემიურ კარიერას ზურგს შეაქცევენ, ამერიკული მეცნიერება ამ დანაკლისს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში იწვნევს.

წყარო: TS

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები