დედის რძე საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ბავშვისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებისა და იმუნური დაცვის წყარო. თუმცა დედის რძე კიდევ ერთ საიდუმლოს ინახავს – ბუნებრივ ბიოლოგიურ საათს, რომელიც დაბადებიდანვე აწესრიგებს ჩვილის ძილს, მეტაბოლიზმსა და იმუნურ სისტემას.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ დედის რძე არ არის უბრალოდ საკვები, ის დედიდან შვილზე გადაცემული სიგნალია, რომელიც არეგულირებს ახალშობილის ცირკადულ რიტმს (ძილ-ღვიძილის მონაცვლეობას). ამ აღმოჩენამ შესაძლოა შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება გამოწველილი რძის მიმართ და მომავალში საშუალება მოგვცეს, რომ კვების დროები ჩვილის ბიოლოგიურ საათს მოვარგოთ, რაც მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კვლევის დეტალები:
კვლევამ დაადგინა, რომ დედის რძის შემადგენლობა დღის განმავლობაში იცვლება, რათა დედის ცირკადული რიტმის შესაბამისად, ჩვილს მნიშვნელოვანი ჰორმონული და იმუნური სიგნალები გადასცეს. 24 საათის განმავლობაში აღებულ ნიმუშებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ისეთი ჰორმონები, როგორებიცაა მელატონინი და კორტიზოლი, დღის განმავლობაში ვარირებს. მელატონინი (ძილის ჰორმონი) პიკს შუაღამისას აღწევს, ხოლო კორტიზოლი (მეტაბოლიზმის მარეგულირებელი) დილით არის ყველაზე მაღალი. დედის რძეში არსებული ეს ბუნებრივი ფლუქტუაციები ჩვილებს საკუთარი დღე-ღამის ციკლის განვითარებაში ეხმარება.
ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი დედა რძეს იწველის და ინახავს შემდგომი კვებისთვის. ეს გავრცელებული პრაქტიკა შესაძლოა უნებლიედ არღვევდეს ამ ბიოლოგიურ სიგნალებს, თუ რძე „არასწორ“ დროს იქნება გამოყენებული. გამოწველილი რძით კვება მისი შეგროვების დროის მიხედვით (დილის რძით კვება დილითვე, ღამის რძით – ღამით) შესაძლოა დაეხმაროს ჩვილებს ბიოლოგიური საათის უკეთ ჩამოყალიბებაში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ ძილსა და ზოგადად ჯანმრთელობაზე.
კვლევამ აჩვენა, რომ დედის რძის შემადგენლობა იცვლება ბავშვის ზრდასთან ერთად. მაგალითად, იმუნური ცილების, როგორიცაა ლაქტოფერინი და იმუნოგლობულინ A, დონე ყველაზე მაღალი სიცოცხლის პირველ თვესაა, რაც ახალშობილის მოუმწიფებელ იმუნურ სისტემას დაცვაში ეხმარება.
აღსანიშნავია, დედის სხეულის მასის ინდექსი (BMI) გავლენას ახდენს დედის რძეში არსებულ ჰორმონალურ ცვლილებებზე: ჭარბი წონის მქონე დედების რძეში ჰორმონების ნაკლები ვარიაცია აღინიშნებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დედის ჯანმრთელობა ჩვილზე გადაცემულ ბუნებრივ “ქრონოლოგიურ სიგნალებზე” მოქმედებს.
ჰორმონების გარდა, მკვლევრებმა რძის მიკრობული შემადგენლობაც შეისწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ მიკროფლორა დღის განმავლობაში შედარებით სტაბილური რჩებოდა, დილასა და ღამეს შორის გარკვეული ბაქტერიების ტიპებში განსხვავებები გამოვლინდა. ეს მიკრობები სასიცოცხლო როლს თამაშობენ ნაწლავების ჯანმრთელობასა და იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევამ დედის რძის კომპლექსურ და დროზე დამოკიდებულ ბუნებას ნათელი მოჰფინა, ავტორები აღნიშნავენ, რომ მას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს, მათ შორის საკვლევი პოპულაციის შედარებით მცირე რაოდენობა. ამიტომ საჭიროა უფრო ფართო, მრავალფეროვანი კვლევების ჩატარება. სამომავლო ნაშრომები შეისწავლის, თუ როგორ აისახება კვების არათანაბარი დრო ჩვილის განვითარებაზე და როგორ შეიძლება გამოწველილი რძის დროების შესაბამისი ეტიკეტირებით სასურველი შედეგების ოპტიმიზაცია.
წყარო: Frontiers in Nutrition

