გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მსოფლიოში თითქმის სამი მილიარდი ადამიანი ვერ ახერხებს ჯანსაღი დიეტის ფინანსურად უზრუნველყოფას, რაც თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. FAO-ს მთავარი ეკონომისტის, მაქსიმო ტორეროს განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯანსაღი კვების გლობალური ღირებულება 25 პროცენტით გაიზარდა და ერთ ადამიანზე დღეში 4.28 აშშ დოლარს მიაღწია (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით). აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება უკიდურესი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს — დღეში 3 აშშ დოლარს ერთ ადამიანზე. შედეგად, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი — 2.69 მილიარდი ადამიანი — ვერ იღებს ისეთ რაციონს, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს სრულად უზრუნველყოფს.
ჯანსაღი კვების ხელმისაწვდომობის პრობლემა მხოლოდ საკვების რაოდენობასა და კალორიების მიღებას არ უკავშირდება. მთავარი გამოწვევა საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტების ეკონომიკურ ხელმისაწვდომობაში მდგომარეობს. როგორც FAO-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, „კალორიები შედარებით იაფია, მაგრამ კვებითი ღირებულება — არა“. ძირითადი სასურსათო პროდუქტები (staple food) უზრუნველყოფს ჩვენთვის საჭირო კალორიების დაახლოებით ნახევარს, თუმცა ჯანსაღი დიეტის საერთო ღირებულებაში მათი წილი მხოლოდ 13 პროცენტს შეადგენს. ამის საპირისპიროდ, ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მიღებული კალორიების მხოლოდ დაახლოებით 5 პროცენტს უზრუნველყოფს, ჯანსაღი კვების ღირებულების 16 პროცენტს ქმნის, ხოლო ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტების წილი თითქმის 30 პროცენტს აღწევს. აღნიშნული განსხვავება ცხადყოფს, რომ გლობალური კვების პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ საკმარისი კალორიების უზრუნველყოფა, არამედ მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და წარმოადგენს არაგადამდები დაავადებების განვითარების ერთ-ერთ ძირითად რისკ-ფაქტორს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, არაჯანსაღი დიეტა დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ტიპი 2 დიაბეტის, სიმსუქნისა და ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების განვითარების გაზრდილ რისკთან. შესაბამისად, ჯანსაღი კვების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ ამოცანას, არამედ დაავადებების პრევენციისა და ჯანდაცვის სისტემებზე დატვირთვის შემცირების მნიშვნელოვან სტრატეგიას.
FAO-ს ანალიზის მიხედვით, ჯანსაღი დიეტის ღირებულების დაახლოებით 70–75 პროცენტი წარმოიქმნება არა უშუალოდ სოფლის მეურნეობის წარმოების ეტაპზე, არამედ მას შემდეგ, რაც პროდუქტი ფერმას ტოვებს. სურსათის შენახვა, ტრანსპორტირება, გადამუშავება, ცივი ჯაჭვის ინფრასტრუქტურა და საბითუმო მიწოდების სისტემები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო ფასზე. სწორედ ამიტომ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინფრასტრუქტურის და ლოჯისტიკური ქსელების განვითარებაში მიზანმიმართული ინვესტიციები, განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის მიწოდების ჯაჭვში, უფრო ეფექტიანად ამცირებს ჯანსაღი დიეტის ღირებულებას, ვიდრე ფართომასშტაბიანი და არასამიზნო სუბსიდირების პროგრამები. ამასთან, FAO აღნიშნავს, რომ მხოლოდ ძირითადი საკვები პროდუქტების სუბსიდირებამ შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ჯანსაღი დიეტის ფარდობითი ღირებულება გაზარდოს.
აღნიშნული საკითხები წარმოადგენს 2026 წლის „მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოებისა და კვების მდგომარეობის“ (State of Food Security and Nutrition in the World, SOFI) ანგარიშის ერთ-ერთ მთავარ თემას, რომელიც აფასებს გლობალური პროგრესს შიმშილის აღმოფხვრისა და მდგრადი განვითარების მე-2 მიზნის — შიმშილის დასრულების, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ყველა ფორმის არასრულფასოვანი კვების აღმოფხვრის — მიმართულებით. ანგარიშის მიხედვით, ჯანსაღი დიეტის მაღალი ღირებულება კვლავ რჩება მნიშვნელოვან ბარიერად 2030 წლის მიზნების მისაღწევად.
პრობლემის გადაჭრა მოითხოვს მრავალსექტორულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც მოიცავს მიწოდების ჯაჭვში სტრუქტურული ხარჯების შემცირებას, სოფლის მეურნეობისა და კვების პოლიტიკის გადამისამართებას საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტების ხელშეწყობისკენ და ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და სოციალური დაცვის სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. საბოლოო ჯამში, ჯანსაღი კვების ღირებულება მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი არ არის — ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ინდიკატორს გლობალური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და იმ ფარული სოციალური და ჯანდაცვითი ხარჯების შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია სიმსუქნესთან, ქრონიკულ დაავადებებთან და არასრულფასოვან კვებასთან.
წყარო: www.euronews.com

