ომთან დაკავშირებული ტრავმა თითქმის ყოველ მე-3 უკრაინელ მოქალაქეს აღენიშნება

გააზიარე

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეპრეზენტაციული კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ზრდასრული მოსახლეობის 31,2% პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) ან კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (CPTSD) კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. გამოცემა European Journal of Psychotraumatology-ში გამოქვეყნებული შედეგები მიმდინარე ომის ფონზე, მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეფასებას წარმოადგენს.

განმეორებითი ტრავმის წინაშე აღმოჩენილი მოსახლეობა

მკვლევრებმა 2024 წლის 7-დან 31 მაისამდე, სატელეფონო გამოკითხვის გზით, 2 504 ზრდასრული პირი გამოკითხეს. მონაწილეებს შეკითხვები დაუსვეს ცხოვრების განმავლობაში მიღებულ ტრავმულ გამოცდილებაზე, ომთან დაკავშირებულ მოვლენებსა და იმ სიმპტომებზე, რომლებიც PTSD-სა და CPTSD-ს ახასიათებს.

კვლევის თანახმად:

25,2% პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა;

6,0%  – კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (CPTSD) კრიტერიუმებს;

92,9%-მა აღნიშნა, რომ სრულწლოვან ასაკში სულ მცირე ერთი ტრავმული მოვლენა გადაიტანა;

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ტრავმული გამოცდილების მიღება 79%-მადაადასტურა, მაშინ როცა 2022 წლამდე ეს მაჩვენებელი 77%-ს შეადგენდა.

გამოკითხულთა ყველაზე ხშირ გამოცდილებებს შორის იყო: დაბომბვები, ხანძარი თუ აფეთქებები, ომით გამოწვეული ნგრევა, იძულებითი გადაადგილება, აგრეთვე ახლობლების დაშავება, გაუჩინარება ან სიკვდილი. 70%-ზე მეტმა საკუთარ უბნებში დაბომბვების შესახებ განაცხადა, 65%-ს კი ომთან დაკავშირებული ნგრევა საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი.

PTSD და CPTSD 

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) შესაძლოა განვითარდეს ტრავმის გადატანის ან მის მომსწრედ ყოფნის შემდეგ. მას ახასიათებს აკვიატებული მოგონებები, განრიდება, მომატებული სიფხიზლე, გაღიზიანებადობა, შფოთვა, ძილის დარღვევები და ყოველდღიური ფუნქციონირების გაუარესება.

კომპლექსური პტსდ (CPTSD) მოიცავს როგორც PTSD-ის სიმპტომებს, ისე ემოციების რეგულირების, თვითაღქმისა და ურთიერთობების ქრონიკულ სირთულეებს. იგი ძირითადად ხანგრძლივ ან განმეორებად ტრავმას უკავშირდება, თუმცა მუდმივი საფრთხის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაში ამ ორ აშლილობას შორის ზღვრის გავლება ხშირად რთულია.

ამ კვლევაში PTSD საგრძნობლად უფრო ხშირად ფიქსირდებოდა, ვიდრე კომპლექსური PTSD. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ აქტიური ომის პირობებში გამოვლენილი რეაქციები შესაძლოა სრულად არ ერგებოდეს იმ მოდელებს, რომლებიც, ძირითადად, ტრავმული გამოცდილების დასრულების შემდეგ შემუშავდა. მიმდინარე კონფლიქტის დროს მომატებული სიფხიზლე შეიძლება არა მხოლოდ წარსული მოვლენების გამოძახილი, არამედ არსებული საფრთხის ადეკვატური ასახვაც იყოს.

ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად?

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) ან კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (CPTSD) განვითარების უფრო მაღალი ალბათობა უკავშირდებოდა მდედრობით სქესს, ასაკს, განათლების შედარებით დაბალ დონეს, წარსულში სამხედრო სამსახურს, იძულებით გადაადგილებას, აგრეთვე ცხოვრების განმავლობაში გადატანილ უფრო მეტ ტრავმულ მოვლენასა და ომთან დაკავშირებულ სტრესორებს.

იმ პირებს შორის, რომლებიც CPTSD-ის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, PTSD-ის მქონეებთან შედარებით, მარტოხელები ჭარბობდნენ. ისინი ასევე უფრო ხშირად აღნიშნავდნენ სექსუალურ ძალადობას, არასასურველ სექსუალურ გამოცდილებასა და ბულინგს, თუმცა დაკორექტირებულმა ანალიზმა ორ ჯგუფს შორის ტრავმის ტიპების მკაფიო განსხვავება ვერ გამოავლინა.

ეს მიგნებები არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს უკრაინელთა უმრავლესობას ფსიქიკური აშლილობა აქვს. ტრავმული გამოცდილების მქონე ბევრი ადამიანი განიცდის დისტრესს, მწუხარებას, შიშს ან ძილის დარღვევებს, თუმცა ეს არ აკმაყოფილებს PTSD-ის ან CPTSD-ის სადიაგნოზო კრიტერიუმებს. გარდა ამისა, უმრავლესობა საგანგებო ვითარების მიუხედავად აგრძელებს ფუნქციონირებასა და ადაპტაციას.

მნიშვნელოვანი შეზღუდვები

კვლევა არსებული ვითარების მხოლოდ ერთჯერად სურათს ასახავს და სიმპტომების დროთა განმავლობაში განვითარების დინამიკას არ აფასებს. მონაცემები აქტიური კონფლიქტის პირობებში შეგროვდა, მონაწილეებმა კი სიმპტომები თავად შეაფასეს. კვლევაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი და უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანები არ ჩართულან, ამიტომ მიღებული შედეგები მთელ უკრაინელ მოსახლეობაზე არ ვრცელდება.

სკრინინგული კითხვარის გამოყენება ინდივიდუალურ კლინიკურ შეფასებას ვერ ანაცვლებს. გავრცელების სავარაუდო მაჩვენებლებზე შესაძლოა გავლენა იქონიოს კულტურულმა და ენობრივმა განსხვავებებმა, ტრავმის გამხელისგან თავის შეკავებამ და მიმდინარე ომის პირობებში პოსტტრავმული მოდელების მორგების სირთულემაც.

გავლენა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე

ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინას ფსიქიკური ჯანმრთელობის უწყვეტი მხარდაჭერა დასჭირდება როგორც ომის დროს, ისე პოსტკონფლიქტურ ეტაპზეც. ტრავმაზე ორიენტირებული მკურნალობა მნიშვნელოვანია კლინიკურად გამოხატული სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის, თუმცა ასევე არსებითია თემზე დაფუძნებული სერვისები, სოციალური თანადგომა, ჯგუფური ინტერვენციები და ფსიქოლოგიური დახმარების ფართო ხელმისაწვდომობა.

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დაგეგმვა მხოლოდ ვეტერანებისა და ფრონტის ხაზთან მცხოვრები პირებით არ უნდა შემოიფარგლოს. დახმარება შესაძლოა დასჭირდეთ მშვიდობიან მოქალაქეებსაც, რომლებსაც იძულებითი გადაადგილება, ქალაქებსა და დაბებზე თავდასხმები, ახლობლების დაღუპვა, ტრავმები, ოჯახის წევრებთან განშორება და დაჭრილი თუ ტრავმირებული ნათესავების მოვლა შეეხო.

მკვლევრები ასკვნიან, რომ კონფლიქტის გაგრძელების პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მხარდაჭერა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

წყარო: European Journal of Psychotraumatology



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები