შეუძლია თუ არა თმის ერთ ღერს სიცოცხლისთვის საშიში დაავადების დიაგნოზი დასვას? “მაუნთ სინაის“ იკანის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) აღმოსაჩენად საოცარი მეთოდი შეიმუშავეს. მათ თმის ღერში შემავალი ლითონებისა და სხვა ელემენტების ნიმუშები გაშიფრეს და ისეთი სიგნალები იპოვეს, რომლებიც ALS-ის მქონე პაციენტებს ჯანმრთელი ადამიანებისგან მკაფიოდ განასხვავებს.
ეს აღმოჩენა ALS-ის დიაგნოსტიკაში რევოლუციურ გარღვევას გვპირდება, რადგან ის გვთავაზობს სწრაფ, არაინვაზიურ და ხელმისაწვდომ საშუალებას, მაშინ როცა დღევანდელი მეთოდები ნელი, ძვირადღირებული და ტრავმულია.
საშუალოდ ALS-ის 4–6 შემთხვევა გვხვდება 100,000 მოსახლეზე. ესაა ნევროლოგიური დაავადება, რომელიც აზიანებს მოტორულ ნეირონებს, იმ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც კუნთების მუშაობას აკონტროლებენ. ის იწვევს კუნთების პროგრესირებად სისუსტესა და დამბლას, რაც პაციენტების უმეტესობისთვის დიაგნოზიდან 2-5 წელიწადში სიკვდილით სრულდება და მხოლოდ მცირე მათგანი ცოცხლობს 10 წელზე მეტს. იქიდან გამომდინარე, რომ ადრეული დიაგნოსტიკის პოტენციალი დიდია, ამიტომაც აქტიურად მიმდინარეობდა ბიომარკერების, დაავადების ადრეული აღმომჩენი ბიოლოგიური ნიშნების, ძიება.
დღემდე, ამ ბიომარკერების უმეტესობისთვის საჭირო იყო ინვაზიური და ძვირადღირებული პროცედურები, როგორიცაა ზურგის ტვინის სითხის ანალიზი ან ვიზუალური კვლევა. თმის გამოყენება გონივრული მიდგომაა, რადგან ის ნელა იზრდება და ორგანიზმში ელემენტების ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ინახავს, ყოველგვარი ნემსისა და სკანირების გარეშე. ეს არაინვაზიური მეთოდი ექიმებს დაეხმარება, ALS-ის დიაგნოზი უფრო სწრაფად დასვან და მკურნალობა დროულად დაიწყონ.
კვლევის დეტალები:
კვლევითმა ჯგუფმა 391 ადამიანის თმის ცალკეული ღერები შეისწავლა. მათ შორის იყო 295 ALS-ის მქონე პაციენტი და 96 ჯანმრთელი მოხალისე. ლაზერული აბლაცია-ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმა-მასსპექტრომეტრიის (LA-ICP-MS) მოწინავე ტექნოლოგიის მეშვეობით, მათ ზუსტად გაზომეს 17 ელემენტის დონე, მათ შორის სპილენძის, თუთიის, მაგნიუმისა და ტყვიის.
კვლევის მთავარი აღმოჩენაა სპილენძის ცვლის დარღვევა ALS-ის მქონე ადამიანებში. როგორც წესი, სპილენძი კოორდინირებულად მოქმედებს თუთიასთან და სხვა ელემენტებთან, თუმცა ALS-ით დაავადებულ პაციენტებში ეს ურთიერთქმედება ნაკლებად სინქრონულია. ვინაიდან სპილენძი ნერვული ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელია, ეს დისბალანსი, შესაძლოა, დაავადების პროგრესთან იყოს დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ თმის ანალიზმა მამაკაცებსა და ქალებში განსხვავებული ნიმუშები აჩვენა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ALS-ს, შესაძლოა, სქესობრივად-სპეციფიკური მახასიათებლები ჰქონდეს.
კვლევამ დაადგინა, რომ ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით, ALS-ის პაციენტებს სპილენძის კავშირებსა და ქსელებში „კოლაფსი“ აღენიშნებათ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სპილენძის სისტემური მოქმედება დარღვეულია მთელს ორგანიზმში. ვინაიდან სპილენძი ALS-ის პროგრესირებასთან დაკავშირებულ საკვანძო ნერვულ პროტეინებში მონაწილეობს, ამ ელემენტარული დარღვევების შესწავლამ, შესაძლოა, ახალი თერაპიების შექმნას შეუწყოს ხელი.
კვლევის მიხედვით, სხვა ელემენტებშიც (ქრომი, ნიკელი, კალა, თუთია) გამოვლინდა განსხვავებები, რაც მიანიშნებს, რომ ALS, სავარაუდოდ, ლითონების კომპლექსურ დისბალანსთან არის დაკავშირებული.
კვლევის შედეგები და ინოვაციური მიდგომა ALS-ის ბიომარკერებზე ახალ შეხედულებას გვთავაზობს, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თმის ტესტის კლინიკურ ინსტრუმენტად გადაქცევამდე საჭიროა შემდგომი ვალიდაცია სხვადასხვა პოპულაციაში. ასევე, საჭიროა მისი სიზუსტის დახვეწა და სხვა ბიომარკერებთან ერთად მისი, როგორც სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის, პოტენციალის შესწავლა.
წყარო: eBioMedicine

