ავტომობილების, განსაკუთრებით კი SUV-ების (სპორტული ყველგანმავალი ავტომობილები) ზომაში ზრდის შეუქცევადი ტენდენცია რისკებს აჩენს ფეხით მოსიარულეებისა და გარემოსთვის. ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებული ახალი სტატიის თანახმად, საგზაო შემთხვევის დროს SUV-ის მონაწილეობით, ფეხით მოსიარულე ზრდასრულის გარდაცვალების ალბათობა 44%-ით იზრდება, ხოლო ბავშვებში ეს მაჩვენებელი 82%-ს აღწევს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სულ უფრო მაღალი და ბრუტალური ფორმის კაპოტები მძიმე დაზიანებებს იწვევს. მაგალითად, 2010 წლის შემდეგ ევროპაში ახალი ავტომობილების კაპოტის საშუალო სიმაღლე 7 სმ-ით გაიზარდა, რამაც ავარიები უფრო ლეტალური გახადა. ამასთან, დიდ SUV-ებში გაუარესებული ხილვადობა დამატებით საფრთხეს უქმნის ბავშვებს.
ასევე, SUV-ები ეკოლოგიურ პრობლემებსაც ქმნიან: ისინი მეტ ნახშიროჟანგს გამოყოფენ და, გაზრდილი წონის გამო, საბურავების ცვეთის შედეგად გამოყოფილი მავნე ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურებას იწვევენ.
სტატიის ავტორები მოუწოდებენ ადგილობრივ და ეროვნულ ხელისუფლებებს, მიიღონ მკაცრი პოლიტიკური ზომები ამ საშიში ტენდენციის შესაცვლელად. შემოთავაზებული გადაწყვეტილებები მოიცავს: დიდი ავტომობილებისთვის პარკირების გადასახადის გაზრდას (როგორც ეს პარიზსა და კარდიფში მოხდა) და სატრანსპორტო გადასახადების რეფორმას (რადგან, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დიდი ავტომობილების გადასახადები ყველაზე დაბალია ევროპაში), ყოველივე ეს წაახალისებს მცირე ზომის მანქანების შეძენას.
ჯანდაცვის პროფესიონალებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივებს, რათა ურბანულ სივრცეებში დაცული იყოს უსაფრთხოება.

