ახალი კვლევის თანახმად, სახლში ძაღლის ყოლა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს დადებითი გავლენა, ნაწილობრივ, ორგანიზმში არსებული მიკრობების გაზიარებითაც შეიძლება იყოს განპირობებული.
იაპონიის აზაბუს უნივერსიტეტის პროფესორი ტაკეფუმი კიკუსუი, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ძაღლებთან ურთიერთობა ამცირებს სტრესს და ასტიმულირებს მიჯაჭვულობის ჰორმონის, ოქსიტოცინის გამოყოფას. თუმცა, მისი გუნდის კვლევამ სხვა შესაძლო მიზეზებიც გამოავლინა.
”არაერთმა კვლევამ დაადასტურა ძაღლის ყოლის სარგებელი მენტალურ ჯანმრთელობაზე, და ვაჩვენეთ, რომ მიკრობიომი შესაძლოა ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი იყოს,” – აღნიშნა კიკუსუიმ.
ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ფარგლებში, კიკუსუიმ და მისმა კოლეგებმა გაანალიზეს 343 მენტალურად და ფიზიკურად ჯანმრთელი მოზარდის გამოკითხვის შედეგები, რომლებიც მოზარდთა კოჰორტულ კვლევაში მონაწილეობდნენ. მათგან 96 ძაღლის მფლობელი იყო.
კვლევის შედეგი ასეთია: 13 წლის მოზარდები, რომლებსაც ძაღლი ჰყავდათ, 14 წლის ასაკისთვის მნიშვნელოვნად დაბალ ქულებს აჩვენებდნენ ისეთი პრობლემების თვალსაზრისით, როგორიცაა: სოციალური იზოლაცია, აზროვნების პრობლემები, დელინკვენტური (სამაგალითო ქცევიდან გადახრილი) ქცევა, აგრესიული ქცევა.
მკვლევრებმა მოზარდების ნერწყვში არსებული მიკრობები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ძაღლის არმქონე მოზარდების ნერწყვში 12 ტიპის ბაქტერია, მათ შორის Streptococcus და Prevotella, მნიშვნელოვნად ნაკლები რაოდენობით იყო წარმოდგენილი.
მეცნიერთა გუნდმა ამ მოზარდების ნერწყვიდან მიკრობები საკუთარი მიკრობების არმქონე თაგვებს გაუზიარა. შედეგად, ძაღლის მფლობელი მოზარდების მიკრობიომის მქონე თაგვები:
- მეტი ინტერესით ყნოსავდნენ უცნობ თაგვებს.
- უფრო ხშირად უახლოვდებოდნენ ხაფანგში მოხვედრილ გალიის მეზობლებს.
”ამ უკანასკნელ ქცევას ეწოდება “ემპათიური წუხილი”, რაც ადამიანებსა და ცხოველებში ემპათიური რეაგირების ერთ-ერთი სახეა,” – განმარტა პროფესორმა კიკუსუიმ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისა და თაგვის ქცევის პირდაპირი შედარება შეუძლებელია, მეცნიერთა აზრით, შედეგები მიუთითებს, რომ მიკრობიოტა ნაწილობრივ პასუხისმგებელია მოზარდების სოციალური ქცევის გაუმჯობესებაზე.
კვლევამ არ გააანალიზა თავად ძაღლების მიკრობები. კიკუსუის თქმით, გაურკვეველია, ეს მიკრობული განსხვავებები უშუალოდ ძაღლებისგან მომდინარეობს თუ ძაღლის ყოლამ შეამცირა სტრესი, რამაც თავის მხრივ მიკრობიოტას ცვლილებები გამოიწვია.
პროფესორი კიკუსუი დასძენს, რომ ეს კვლევა არ ნიშნავს, რომ ყველას ძაღლი უნდა ჰყავდეს.
”ძაღლის ყოლის გარეშეც, მრავალფეროვანი მიკრობიომის შენარჩუნებას პოტენციურად შეუძლია მენტალური ჯანმრთელობის ქულების გაუმჯობესება,” – განაცხადა მან.
გარდა ამისა, პრობლემური ქცევის მქონე ძაღლმა შეიძლება სტრესიც კი გამოიწვიოს მფლობელში, ამიტომ ძაღლის ყოლა ყველასთვის დადებითი გამოცდილების მომცემი არ იქნება.
წყარო: The Guardian

