რატომ არ მოქმედებს წონის კლების პრეპარატები პაციენტთა ნაწილზე?

გააზიარე

GLP-1 კლასის პრეპარატებმა (“Ozempic”, “Wegovy”, “Mounjaro”) სიმსუქნის მკურნალობა რადიკალურად შეცვალა. კლინიკური კვლევების თანახმად, მომხმარებელთა უმეტესობა სხეულის მასის 15-20%-ს კარგავს. მიუხედავად ამისა, პაციენტების 9%-დან 33%-მდე პრეპარატის მიღებით წონის 5%-ზე ნაკლებს იკლებს, რაც ინოვაციური პრეპარატების საყოველთაო ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ეს პაციენტები ფინანსური დანახარჯების მიუხედავად, წონაში კლების შეუძლებლობაზე საუბრობენ. პაციენტთა ნაწილს მედიკამენტების ალტერნატიული ვერსიებით ჩანაცვლებაც კი ვერ ეხმარება. ისინი კვლავ საკვების მიმართ მწვავე ლტოლვას უჩივიან. მკაცრი დიეტისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ფონზეც კი, ეს ჯგუფი მხოლოდ მინიმალურ შედეგს აღწევს.

“GLP-1 რეზისტენტობა ნიშნავს, რომ პრეპარატის კონკრეტული დოზა ორგანიზმზე ნაკლებად მოქმედებს, რაც წონის უმნიშვნელო კლებასა და ინსულინის ნაკლებ სეკრეციას იწვევს”, — განმარტავს ედელაიდის უნივერსიტეტის კლინიკური მკვლევარი, ენდოკრინოლოგი მაჰეშ უმაპატისივამი

მეცნიერები წამლის უმოქმედობას რამდენიმე დემოგრაფიული და კლინიკური ფაქტორით ხსნიან. მკვლევართა დაკვირვებით, ასაკის მატებასთან ერთად პრეპარატების ეფექტურობა იკლებს, კაცები კი ქალებთან შედარებით ბევრად ნაკლებ წონას კარგავენ. შედეგებზე პირდაპირ მოქმედებს მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზიც — ასეთი პაციენტები დიაბეტის არმქონე პირებთან შედარებით ბევრად ნაკლებ წონას იკლებენ. ამასთან, სტატისტიკა გენეტიკურ წარმომავლობაზეც მიუთითებს — ევროპული წარმოშობის პაციენტებში პრეპარატი გაცილებით უკეთ მუშაობს.

ეფექტურობის ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჰორმონალური ფონიც, განსაკუთრებით კი ესტროგენის დონე ორგანიზმში. ავსტრალიელი ენდოკრინოლოგების კვლევებით დასტურდება, რომ მენსტრუალური ციკლის ფაზები GLP-1-ზე რეაგირებას პირდაპირ ცვლის. გარდა ამისა, მენოპაუზის დროს ესტროგენის შემცველი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენება, პრეპარატის მიღების პარალელურად, წონის ბევრად უფრო სწრაფ და მასშტაბურ კლებას უზრუნველყოფს.

ამ პრობლემის კიდევ ერთ მთავარ მიზეზად სპეციფიკური გენეტიკური მუტაციები სახელდება. ტვინის რეცეპტორებსა და ფერმენტების გამომუშავებაზე პასუხისმგებელი გენეტიკური ვარიაციები ორგანიზმში მკაფიო GLP-1 რეზისტენტობას აყალიბებს, რა დროსაც სტანდარტული დოზა მადას ვეღარ თრგუნავს და კუჭის დაცლის პროცესსაც ვეღარ ანელებს.

საბოლოო ჯამში, GLP-1 კლასის მედიკამენტების შეზღუდული ეფექტი ერთ მთავარ მოცემულობას ცხადყოფს: პრეპარატის უმოქმედობა პაციენტის ნებისყოფას ან არასაკმარის ფიზიკურ ძალისხმევას სრულიად არ უკავშირდება. წონის კლების შეუძლებლობას ინდივიდუალური ბიოლოგიური მახასიათებლები, სპეციფიკური გენეტიკური მუტაციები და ჰორმონალური ფონი ერთობლივად განაპირობებს. შესაბამისად, მედიკამენტების უშედეგობა მხოლოდ ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას ასახავს, რაც სიმსუქნის დასამარცხებლად უნივერსალური მიდგომის არსებობას გამორიცხავს და ფარმაცევტული ინდუსტრიისგან მკურნალობის ბევრად უფრო პერსონალიზებული მეთოდების განვითარებას მოითხოვს.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები