“ძილის ჰორმონი” და ქოლესტეროლი — ჩვენი ახალი კვლევა საქართველოდან.

გააზიარე

„„ძილის ჰორმონი“ და ქოლესტეროლი — ჩვენი ახალი კვლევა საქართველოდან.

მელატონინს უმეტესად ძილთან ვაკავშირებთ. ჩვენი ახალი კვლევა კი მის მაჩვენებელს, ქოლესტეროლს, ანთებასა და ნაწლავის ბაქტერიებს შორის საინტერესო კავშირებს აჩვენებს.

კვლევა გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Annals of Medicine — Taylor & Francis, Q1.

577 ადამიანი. თითოეულთან სამი სხვადასხვა დღის 24-საათიანი შარდის კვლევა. რამდენიმე სისტემის ერთდროული შეფასება.

2020–2025 წლებში, აშშ, შვეიცარიასა და საქართველოში, შევისწავლეთ დისლიპიდემიის მქონე ზრდასრულები — ადამიანები, რომლებსაც სისხლში ქოლესტერინისა თუ სხვა ცხიმების მაჩვენებლები დარღვეული ჰქონდათ.

მელატონინს ხშირად „ძილის ჰორმონს“ ვეძახით. სინამდვილეში ის ჩვენი ბიოლოგიური საათის მთავარი სიგნალია. ახალმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ეს საათი კავშირშია ქოლესტერინთან, ანთებასთან, ღვიძლთან და ნაწლავის ბაქტერიებთანაც.

რა გავაკეთეთ? 2020–2025 წლებში გამოვიკვლიეთ 577 ზრდასრული ადამიანი დისლიპიდემიით, ანუ სისხლში ცხიმების (ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების) დარღვევით. თითოეულმა სამჯერ შეაგროვა 24-საათიანი შარდი. მასში გავზომეთ მელატონინის „კვალი“, 6-სულფატოქსიმელატონინი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენ მელატონინს გამოიმუშავებს ორგანიზმი დღე-ღამეში. პარალელურად შევისწავლეთ ლიპიდები, ანთების მარკერი (hs-CRP), ნაღვლის მჟავები, ჰორმონი FGF19 და ნაწლავის მიკრობიომი.

რა ვნახეთ? რაც ნაკლები იყო მელატონინი, მით მაღალი იყო „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL), ტრიგლიცერიდები და ანთების მაჩვენებელი, და მით დაბალი იყო „კარგი“ ქოლესტერინი (HDL). მონაწილეთა 85%-ს მომატებული ჰქონდა FGF19, ნაწლავიდან ღვიძლისკენ მიმავალი სიგნალი, რომელიც ნაღვლის მჟავების წარმოქმნას არეგულირებს. სამი „სასარგებლო“ ბაქტერია (Akkermansia muciniphila, Faecalibacterium prausnitzii, Christensenella minuta) შესადარებელ ჯგუფთან შედარებით 4–9-ჯერ ნაკლები იყო. რაც ნაკლები იყო მელატონინი, მით ნაკლები იყო ეს ბაქტერიებიც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ერთსა და იმავე ადამიანებში ერთდროულად შევხედეთ ოთხ სისტემას: ბიოლოგიურ საათს, ღვიძლისა და ნაწლავის ურთიერთკავშირს, მიკრობიომს და ლიპიდურ-ანთებით პროფილს. ისინი ერთად იცვლება. ეს გვაფიქრებინებს, რომ დისლიპიდემია შესაძლოა მხოლოდ „ცხიმების პრობლემა“ არ იყოს.

რას არ ამბობს კვლევა? ეს არის „ფოტო“ და არა „ფილმი“: ერთმომენტიანი კვლევა აჩვენებს კავშირს და არა მიზეზს. ჯერ არ ვიცით, მელატონინის კლება იწვევს ამ ცვლილებებს, მათი შედეგია, თუ ყველაფერს საერთო მიზეზი აქვს (ასაკი, წონა, ძილი, კვება). ამიტომ კვლევა არ ნიშნავს, რომ მელატონინის მიღება ქოლესტეროლს მკურნალობს. ექიმის დანიშნულ მკურნალობას ის ვერ ჩაანაცვლებს.

რა პოტენციალი აქვს? ეს სტატია ერთი რგოლია კვლევების უფრო ფართო სერიისა. მასზე ვმუშაობთ ამ სტატიის თანაავტორებთან, პროფ. რასელ რეიტერთან და პროფ. მიშელ ბურნიესთან ერთად. სერიაში ჩართულები არიან ასევე ჩემი მენტორი, პროფ. მაკოტო კურო-ო (Jichi Medical University, იაპონია), რომელმაც 1997 წელს აღმოაჩინა Klotho, ე.წ. „დაბერების საწინააღმდეგო გენი“, და ჩემი მეგობარი პროფ. ფაბრის ანდრე (Gustave Roussy, პარიზი). სერიის მთავარი კითხვაა, არის თუ არა ბიოლოგიური საათის მოშლა საერთო ღერძი, რომელიც მეტაბოლურ, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებს და თავად დაბერებას აკავშირებს. თუ ხანგრძლივი და ინტერვენციული კვლევები ამას დაადასტურებს, კლინიკურ აზროვნებაში შეიძლება გაჩნდეს ახალი განზომილება, დრო: პაციენტის შეფასებისას ლიპიდების გვერდით ცირკადული რიტმი და მიკრობიომიც დადგება.

თანაავტორები: პროფ. რასელ რეიტერი (UT Health San Antonio, აშშ) ექვს ათწლეულზე მეტია მელატონინს იკვლევს და მსოფლიოს ყველაზე ციტირებად მეცნიერთა შორისაა. პროფ. მიშელ ბურნიე (ლოზანის უნივერსიტეტი, CHUV, შვეიცარია) ნეფროლოგიისა და ჰიპერტენზიის ერთ-ერთი წამყვანი ევროპელი სპეციალისტია. ასეთი მეცნიერების მონაწილეობა ნიშნავს, რომ მონაცემებმა და დასკვნებმა მკაცრი, კრიტიკული შეფასება გაიარა და რომ ქართული კლინიკური მეცნიერება საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის სრულფასოვანი ნაწილია.

ჟურნალი: Annals of Medicine საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალია, გამოდის 1969 წლიდან. Impact Factor: 4.9, კვარტილი: Q1. Scopus-ის CiteScore: 6.3, ზოგადი მედიცინის ჟურნალების საუკეთესო 10%-ში. სტატია ღია წვდომისაა, ანუ ყველას შეუძლია მისი უფასოდ წაკითხვა.

მადლობა ყველა თანაავტორს, კლინიკისა და ლაბორატორიის გუნდს და, რაც მთავარია, 577 პაციენტსა და მოხალისეებს.

P.S. სამეცნიერო ავტორობის მიღმა კონკრეტული წვლილი და პასუხისმგებლობა დგას. დიდ საერთაშორისო კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა — პაციენტების ჩართვა, კვლევის განხორციელება და ხარისხიანი მონაცემების შეგროვება — აუცილებელი და ღირებული სამუშაოა. კვლევის კონცეფციის შექმნა და სამეცნიერო ხელმძღვანელობა კი გულისხმობს თავად საკვლევი კითხვის ჩამოყალიბებას, მისი შემოწმების გზის დაგეგმვას და კვლევის წარმართვას. ეს განსხვავებული პასუხისმგებლობებია. ავტორთა სიაში თუნდაც 300 ადამიანის ყოფნა თავისთავად ვერ გვეტყვის, ვის ეკუთვნის იდეა, ვინ შეიმუშავა მეთოდოლოგია და ვინ ხელმძღვანელობდა სამუშაოს — ამას ავტორთა კონკრეტული წვლილი გვიჩვენებს. ამ ნაშრომში ჩემი წვლილი მოიცავდა კონცეფციის შემუშავებას, მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას, კვლევის ხელმძღვანელობას მსოფლიოს 4 ქვეყანაში (აშშ, შვეიცარია, თურქეთი და საქართველო) და სტატიის პირველადი ტექსტის მომზადებას. პროფ. რასელ რეიტერთან, პროფ. მიშელ ბურნიესა და სხვა თანაავტორებთან თანამშრომლობა მოიცავდა იდეის განვითარებას, მეთოდოლოგიაზე მუშაობას და ნაშრომის კრიტიკულ დახვეწას. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარებულ კვლევაში საკუთარ სამეცნიერო კითხვებს ვსვამთ და მათზე პასუხებს საერთაშორისო კოლეგებთან ერთად ვეძებთ. ეს არის კვლევის შექმნასა და განვითარებაში უშუალო მონაწილეობა — იდეიდან პუბლიკაციამდე“, — წერს სოციალურ ქსელში ექიმი-ონკოლოგი და გენეტიკოსი ალექსანდრე თავართქილაძე.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები