კვლევა: სპორტი ვირტუალურ რეალობაში ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას აუმჯობესებს

გააზიარე

ფიზიკური სპორტი დიდი ხანია დაკავშირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, მაგრამ ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ვირტუალური (VR) და გაძლიერებული (AR) რეალობის სპორტულ თამაშებსაც შეუძლიათ მსგავსი სარგებლის მოტანა. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩაატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ AR/VR სპორტულ თამაშებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და შეამცირონ მარტოობის განცდა.

ჟურნალ International Journal of Human-Computer Interaction-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გაძლიერებული და ვირტუალური რეალობის (AR/VR) ტექნოლოგია ხელს უწყობს სოციალურ კავშირებს, რადგან მოთამაშეებს რეალურ დროში ურთიერთობის საშუალებას აძლევს.

ეს პროცესი ქმნის ე.წ. „სოციალური დასწრების“ განცდას, რაც მიიღწევა ავატარების, რეალურ დროში კომუნიკაციისა და არავერბალური მინიშნებების გამოყენებით. მკვლევართა თქმით, ეს ფაქტორი განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც მარტოსულობით იტანჯებოდნენ.

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 345 მონაწილის მონაცემები, რომლებიც თამაშობდნენ პოპულარულ AR/VR სპორტულ თამაშებს, როგორიცაა მაგიდის ტენისი, ბოულინგი და ბილიარდი. მონაწილეებმა შეავსეს კითხვარები, რომლებიც ზომავდა მათ ჩართულობას გეიმინგში, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, მარტოობას და სხვა ფაქტორებს.

შედეგებმა აჩვენა, რომ მოთამაშეები, რომლებიც უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები AR/VR სპორტულ გეიმინგში, ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს მიაღწიეს. კვლევამ ასევე გააფართოვა ონლაინ ურთიერთობებზე ტრადიციული წარმოდგენა, რადგან დაამტკიცა, რომ AR/VR თამაშები ტექსტზე დაფუძნებულ კომუნიკაციას სცდება და უფრო კომპლექსურ, ადამიანურ კავშირებს გვთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები მიუთითებს AR/VR სპორტული თამაშების პოტენციურ თერაპიულ გამოყენებაზე იმ პირთათვის, რომლებსაც მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მკვლევრები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგია არ არის უნივერსალური გადაწყვეტა, რადგან ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა არაკომფორტულად მიაჩნდეს ვირტუალურ გარემოში ინტერაქცია, რამაც შესაძლოა შეზღუდოს მისი დადებითი ეფექტი.

წყარო: International Journal of Human–Computer Interaction

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები