ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული სიმსივნეა მსოფლიოს მასშტაბით ქალებში. 2022 წელს, სტატისტიკურად, 2.3 მილიონ ქალს დაესვა ძუძუს კიბოს დიაგნოზი და 670, 000 გარდაიცვალა. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს, როდესაც ეს მაჩვენებელი 66%-ია ინდოეთში, ხოლო 40% სამხრეთ აფრიკაში. გამოხატული უთანასწორობა აიხსნება არათანაბარი შესაძლებლობებით, კულტურული, სოციალური და ეკონომიკური გამოწვეევების ფონზე სხვადასხვა რეგიონში მაშინ, როდესაც ძუძუს კიბოს პრევენცია შესაძლებელი და მიღწევადია სწორი განათლების და სკრინინგის არსებობის ფონზე. ჯანმოს მონაცემებით, თუ არსებული მაჩვენებელი არ შეიცვლება, ახალი შემთხვევების სიხშირე და სიკვდილიანობა 2050 წლისთვის 40%-ით გაიზრდება.
ძუძუს კიბო დაავადებაა, რომლის დროსაც სარძევე ჯირკვლის პათლოგიური უჯრედები უკონტროლოდ იზრდება და სიმსივნეს წარმოქმნის, რომელსაც აქვს პოტენციალი გავრცელდეს მთელს სხეულში. სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედები იწყებენ გამრავლებას რძის წარმომქმნელ სადინრებში და/ან წილებში. ადრეული ფორმა (in situ) სიცოცხლისთვის საშიში არ არის და მისი აღმოჩენა საწყის სტადიაზეა შესაძლებელი. თუმცა საყურადღებოა, რომ კიბოს უჯრედებს შეუძლიათ ჩაზრდა(ინვაზია) ახლომდებარე სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში. ეს ქმნის კვანძებს, რომლებიც სქელდებიან. ინვაზიურ სიმსივნეს შესაძლებლობა აქვს გავრცელდეს ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში და შემდეგ მეტასტაზირდეს. მკურნალობა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე და მისი გავრცელების მასშტაბზე. მეტასტაზირებული ძუძუს კიბო სიცოცხლისთვის საშიში და ფატალურია.
ეპიდემიოლოგია
სტატისტიკურად ყოველი 8 დიაგნოსტირებული კიბოდან ერთი ძუძუს კიბოა. 2025 წლის გლობალური კიბოს დაკვირვების ცენტრის (GLOBOCAN) მონაცემებით, 2.45 მილიონი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი მსოფლიოს მასშტაბით, რაც 11.5%-ია სხვადასხვა დიაგნოსტირებულ კიბოებს შორის. ძუძუს კიბო ასევე წამყვანია კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზებს შორის ქალებში და 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, 6.9%-ია ყველა კიბოთი გარდაცვლილთა მაჩვენებელს შორის. 2025 წლის მონაცემებით დაახლოებით 316, 950 ქალს დაუდგინდა ინვაზიური ძუძუს კიბო, 59,080 ახალი შემთხვევა იყო ასევე სადინრის კარცინომა in situ ( DCIS), რომელიც არაინვაზიურია.
მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს სიხშირე და სიკვდილიანობა ქვეყნებს შორის უთანასწოროდ არის განაწილებული. ზოგ ქვეყანაში ეს ტვირთი უფრო დიდია, ზოგში ნაკლები. ეს განსხვავება მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის განვითარების დონეს, ანუ მის ადამიანური განვითარების ინდექსს (HDI), რაც მოიცავს მოსახლეობის განათლებას, შემოსავლებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსის მქონე ქვეყნებში ყოველი 12 ქალიდან 1-ს სიცოცხლის განმავლობაში ძუძუს კიბოს დიაგნოზი ესმევა, ხოლო ყოველი 71 ქალიდან 1 იღუპება ამით. ამის საპირისპიროდ, დაბალი HDI-ის მქონე ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი 27 ქალიდან მხოლოდ 1-ს უსვამენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს, ყოველი 48 ქალიდან 1 სწორედ ამ დიაგნოზით იღუპება.
განვითარებულ ქვეყნებში ძუძუს კიბოს ასაკ-დამოკიდებული შემთხვევების რაოდენობის სიმრავლე (ASIR) განპირობებულია ისეთი რისკ-ფაქტორების არსებობით, როგორებიცაა: ასაკი, პირველი ორსულობის გვიანი დადგომა ან არ დადგომა, ძუძუთი კვების ნაკლებობა, დაგვიანებული პირველი მენარქე, ჭარბწონიანობა, ჰორმონული კონტრაცეპტივები და მენოპაუზისშემდგომი ჰორმონჩანაცვლებითი თერპიის აქტიური გამოყენება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მზარდი შემთხვევების მიუხედავად, მაღალნგვითარებულ ქვენყებში ჯანდაცვის პროგრამებისა და მაღალი ხარისხის მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის და დროული დიაგნოსტიკის პირობებში, პროგნოზი და 5 წლიანი გადარჩენა ძუძუს კიბოს დიაგნოზის დასმიდან 90%-ზე მეტია, განსხვავებით დაბალგანვითარებული ქვეყნებისგან, რომლებშიც ძუძუს კიბო რჩება შემთხვევების დაბალ ნიშნულზე, თუმცა თან ახლავს მაღალი სიკვდილიანობა დაგვიანებული მკურნალობისა და დეტექციის ფონზე.
ძუძუს კიბოს ნიშნები და სიმპტომები
კიბოს ადრეულ სტადიაზე ადამიანების უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება, სწორედ ამიტომ მნიშნველოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. ძუძუს კიბოს შეიძლება ჰქონდეს მრავალგვარი სიმპტომების კომბინაცია, რაც დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად მეტასტაზირებულია:
- მკერდის გასქელება ტკივილის გარეშე
- მკერდის ზომის ან ფორმის ცვლილება
- კანზე ჩაღრმავებები, სიწითლე, ფოსოები ან სხვაგვარი ცვლილებები
- ძუძუსთავის გარეგნობის ან ძუძუსთავების გარშემო კანის (არეოლა) ცვლილება
- ძუძუდან უჩვეულო გამონადენი ან სისხლიანი სითხე.
ძუძუს კიბოს რისკ ფაქტორები
ძუძუს კიბოს მაღალი რისკი აქვთ მდედრობით სქესის წარმომადგენლებს, დაახლოებით 99%-ში ქალებში გვხვდება, ხოლო 0.5%-1% მამაკაცებში. ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ასაკი, სიმსუქნე, ალკოჰოლი, ძუძუს კიბოს ოჯახური ისტორია, რადიაციული ზემოქმედების კვალი, მენსტრუალური ციკლის დაწყებისა და პირველი ორსულობის დადგომის ასაკი, თამბაქოს მოხმარება და პოსტმენოპაუზური ჰორმონოთერაპია.
განსაკუთრებით საყურადღებოა მემკვიდრეობით მიღებული გენების (BRCA1, BRCA2 და PLAB-2) მუტაციები, რომლებიც მნიშნველოვნად ზრდიან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. ქალებს, რომლებსაც ამ გენებში მუტაციები აღენიშნებათ, რეკომენდებულია განიხილონ რისკის შემცირების სტრატეგიები, როგორებიცაა ჯირკვლის ქირურგიული მოცილება და ქიმიოთერაპია. სტატისტიკურად, ძუძუს კიბო ვითარდება ასევე ისეთ ქალებში, რომლებსაც არ აქვთ ძუძუს კიბოს იდენტიფიცრებადი რისკ ფაქტორები, გარდა მდედერობითი სქესისა და ასაკისა (40 წელზე მეტი). სიკვდილიანობა მცირდება, როდესაც ძუძუს კიბოს შემთხვევები ადრეულ ეტაპზე ვლინდება და მკურნალობენ, ამისთვის კი საჭიროა დროული დოაგნოსტიკა და სკრინინგი.
ძუძუს კიბოს სკრინინგის გაიდლიანები
აშშ-ის პრევენციული სამსახურის სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული გაიდლაინების მიხედვით, ქალები იყოფიან საშუალო და მაღალი რისკის მქონე კატეგორიებად. ქალს, რომელსაც აქვს საშუალო რისკი იწყებს მამოგრაფიულ შემოწმებას 40 წლის ასაკში და ყოველ ორ წელიწადში მიდის კონტროლზე 74 წლამდე. ხოლო, მაღალი რისკის მქონე ინდივიდები, რომლებსაც 20%-ზე მაღალი რისკი და გენური მუტაცია აქვთ ან გულმკერდის მიდამოში რადიაციის პრეისტორია ან სხვა კეთილთვისებიანი მკერდის წარმონაქმნები, მათთვის უმჯობესია სკრინინგის ადრეული ჩატარება და მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა.
ძუძუს კიბოს მართვა: ჯანმოს რეკომენდაციები
ძუძუს კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად გავრცელებულია სარძევე ჯირკვლის გარეთ, ლიმფურ კვანძებში (II ან III სტადია) ან სხეულის სხვა ნაწილებში (IV სტადია). ექიმები ძუძუს კიბოს მკურნალობისთვის და რეციდივის (განმეორების) შესამცირებლად იყენებენ:
- ოპერაცია მკერდის სიმსივნის მოსაშორებლად (ქირურგიული ჩარევით შეიძლება ამოიკვეთოს მხოლოდ სიმსივნური ქსოვილი (ლუმპექტომია) ან მთელი სარძევე ჯირკვალი (მასტექტომია)). წარსულში კიბოს განვრცელების თავიდან ასარიდებლად ასევე იღლიის ლიმფური კვანძების სრული დისექცია კეთდებოდა. დღესდღეობით ტარდება თანამედროვე, მცირე ზომის ლიმფური კვანძების ბიოფსია, რომელსაც ნაკლები გართულება აქვს.
- სხივური თერაპია სარძევე ჯირკვალსა და მიმდებარე ქსოვილებში რეციდივის რისკის შესამცირებლად, რომელიც ასევე ამცირებს მასტექტომიის საჭიროების ალბათობას.
- მედიკამენტები კიბოს უჯრედების გასანადგურებლად და გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ჰორმონული თერაპიები თუ გამოხატულია ესტროგენის (ER), პროგესტერონის (PR) ან HER-2 ის რეცეპტორებზე დადებითობა. ქიმიოთერაპიის გამოყენება ისეთ დროს, როდესაც სიმსივნე უარყოფითია ჰორმონორეცეფტორებზე ან ასევე არსებობს მიზნობრივი ბიოლოგიური თერაპიებიც.
კვლევებით დადგინდა რომ, რაც უფრო ადრეულად დიანგოსტირდება სარძევე ჯირკვლის კიბო, მკურნალობა დაიწყება ადრეულ ეტაპზე და პაციენტი გაივლის მკურნალობის სრულ კურსს, მით უფრო ეფექტურია თერაპია.
საქართველოს სტატისტიკა
საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენს და 2025 წლის GLOBOCAN-ის მონაცემებით, ქვეყანაში 1620 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო 801 ლეტალური დასასრული. ქვეყანაში „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო და „დაავადებათა სკრინინგის“ მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს, რომელთა ფარგლებშიც მიზნობრივ პოპულაციებში ხორციელდება ძუძუს კიბოს სკრინინგი. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2024 წლის მონაცემებით, ძუძუს კიბოს რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 3.8%-ით შემცირდა. ამასთან, ქალებში 2020 წელს, დიაგნოსტირებული ძუძუს კიბოს გადარჩენის მაჩვენებელი 72%-ია. ქვეყანაში „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ყოველწლიურად მიმდინარეობს სასკრინინგო აქციები, საინფორმაციო, გაცნობითი და სამუშაო შეხვედრები, თუმცა სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით, 2022 წლიდან 2025 წლამდე შემთხევათა რეგისტრირებულმა რაოდენობამ, უწყვეტი სკრინინგისა მიუხედავად დაიკლო. ეს, ბუნებრივია, აჩენს კითხვას თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგი და რა უნდა შეიცვალოს, რათა გამოსწორდეს სტატისტიკური მონაცემები და გაიზარდოს სკრინინგის მოცვა. სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხობს მედსკრიპტუმს პროფესორი, ონკოქირურგი და მამოლოგი მიხეილ ჯანჯალია : “ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის უმთავრესი პირობაა ადრეული დიაგნოსტიკა, რაც მკურნალობის წარმატების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. დღეს საქართველოში მთავარ პრობლემას პაციენტთა დაბალი ჩართულობა წარმოადგენს. ქვეყანაში მოქმედებს პასიური სკრინინგი, როდესაც თავად პაციენტი მიმართავს სკრინინგ ცენტრს. იმისათვის რომ გაიზარდოს პაციენტთა ჩართულობა, საჭირო და ეფექტურია აქტიური სკრინინგის მოდელის დანერგვა, რომელიც გულისხმობს პაციენტების მიზანმიმართულ გამოძახებას (ტელეფონით, SMS შეტყობინებით და სხვა მეთოდებით). გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სკრინინგში მოლეკულური და გენეტიკური კვლევების ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს ცრუპოზიტიური შედეგების შემცირებას და დიაგნოსტიკის სიზუსტის გაუმჯობესებას. აღნიშნული კვლევების ჩატარება საქართველოში ხელმისაწვდომია, თუმცა ჯერჯერობით არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც პაციენტებისთვის სერიოზულ ფინანსურ ბარიერს წარმოადგენს. სასურველია თუ აღნიშნული მეთოდები შევა სახელმწიფო დაფინანსდების პროგრამაში, რაც გააძლიერებს სკრინინგის ეფექტურობას, შეამცირებს პოტენციურ ლეტალობას, გაზრდის სასკრინინგო პაციენტთა რაოდენობას და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ძუძუს კიბოს ადრეულ გამოვლენასა და გადარჩენის მაჩვნევლებლების მატებას.”
გლობალური გავლენა, გამოწვევა და ჯანმოს რეაგირება
1980-იანი წლებიდან 2020 წლამდე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობა 40%-ით შემცირდა. ძუძუს კიბოს შედეგების გაუმჯობესების სტრატეგიები დამოკიდებულია ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტურ გაძლიერებაზე, რათა უზრუნველყოფილ იყოს უკვე ეფექტური მკურნალობის მეთოდები. სწორედ ამიტომ, ცნობიერების გაზრდას სარძევე ჯირკვლის კიბოს ნიშნებისა და სიმტომების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვა განათლების გზითა და სკრინინგით ცდილობს, ხელს უწყობს ქალებს და მათ ოჯახებს ადრეულად შეამჩნიონ დაავადება და დროულად მიმართონ ექიმს, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტირებასა და მკურნალობას მანამ, სანამ კიბო გავრცელდება. ეს შესაძლებელია მაშინაც კი, თუ მამოგრაფიული სკრინინგი ხელმისაწვდომი არ არის.
2021 წელს ჯანმომ დაარსა გლობალური ძუძუს კიბოს ინიციატივა (GBCI), რომლის მიზანია ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობის შემცირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2.5%-ით წელიწადში და 2040 წლისთვის 2.5 მილიონი სავარაუდო ლეტალობის თავიდან აცილება. ინიციატივა ეფუძნება სამ მთავარ პრონციპს 60-60-80: ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა (სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების 60%-ის დიაგნოსტიკა I ან II სტადიაზე), დროული დიაგნოსტიკა (პაციენტს პირველადი მიმართვიდან დიაგნოზი 60 დღის ვადაში დაესვას) და ეფექტური მკურნალობა (პაციენტების 80%-მა დაასრულოს რეკომენდებული მკურნალობის კურსი). ამ ინიციატივის ფარგლებში განვითარებულმა ქვეყნებმა მაღალი HDI-ის მაჩვენებლით მიაღწიეს ჯანმოს სასურველ მოდელს. ცხრა ქვეყანაში დაფიქსირდა 50 წლამდე ქალებში სკრინინგის ფონზე ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის და შემთხვევების სიმრავლე. თუმცა, ამ კვლევების ფონზე გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, ახალგაზრდა ასაკში სკრინინგი მოსახლეობას უჩენს შიშს, ეჭვს და გამოიწვია დებატები, თუ რამდენად უნდა იარსებოს 40-45 წლის ასაკში სკრინინგმა, რადგან ეს პოტენციურად იწვევს ზედმეტ დიაგნოსტიკას, ცრუ პოზიტიურ შედეგებს, ზოგჯერ არასაჭირო მკურნალობას და ფსიქოემოციურ სტრესს პაციენტებში. მიუხედავად ამისა, ადრეულ ასაკში დიაგნოსტირება შემოიღო რამდენიმე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანამაც, ერთ-ერთია ასეთი ქვეყანაა კენია.
2025 წლის „ვარდისფერი ოქტომბრის“ ჯანმოს ინიციატივა
„ვარსიფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ჯანმო ახორციელებს ისტორიების მოყოლის კამპანიას, რომელშიც სოციუმის ნებისმიერ წევრს შეუძლია ფოტო/ვიდეო მასალის განთავსება და მოყოლა თუ როგორ აღნიშნავენ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს. ასევე აზიარებენ პირად გამოცდილებას #EveryStoryIsUnique კამპანიის ფარგლებში სიტყვის გასავრცელებლად. 8 ოქტომბერს ჩატარდა გლობალური ძუძუს კიბოს ინიციატივის მესამე არაფორმალური პარტნიორების შეხვედრა, სადაც განიხილეს ძირითადი პრიორიტები. იგეგმება, რომ გამოუშვან სასწავლო სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს GBCI-ის დანერგვისთვის საბაზისო ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას. აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი და რეგიონული ღონისძიებები: ჩვენებები, საინფორმაციო აქტივობები, ვებინარები, შოუები და სხვადასხვა აქტვობები ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად.
ძუძუს კიბო გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომლის გადაჭრაც დამოკიდებულია თანაბარ რეეურსებზე, ეფექტურ სკრინინგზე, დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. მიუხედავად არსებული პროგრესისა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, გლობალური უთანასწორობა კვლავ დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორში. სწორედ ამიტომ, ადრეული გამოვლენა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება რჩება გარდამტეხ ფაქტორად, რაც შესაძლოა ათასობით სიცოცხლის გადარჩენის წინაპირობა გახდეს.
წყარო:
WHO Breast Cancer Awareness Month 2025
Global Breast Cancer Initiative
Nature Medicine: Global patterns and trends in breast cancer incidence and mortality across 185 countries- https://doi.org/10.1038/s41591-025-03502-3
The Breast: ELSEVIER Current and future burden of breast cancer in Asia: A GLOBOCAN data analysis for 2022 and 2050

