ეკატერინე ბერიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა ბიო-ხელოვნურმა პანკრეასმა პრეკლინიკური ტესტირებები წარმატებით გაიარა

გააზიარე

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კონსორციუმის, VANGUARD-ის ფარგლებში მომუშავე მეცნიერებმა, რომელთაც ქართველი პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი ხელმძღვანელობს, ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ შექმნილი ბიო-ხელოვნური პანკრეასის უმნიშვნელოვანესი პრეკლინიკური გამოცდის შედეგები გამოაქვეყნეს.

კვლევა, რომელიც ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Trends in Biotechnology-ში დაიბეჭდა, ტექნოლოგიის ეფექტურობის მყარ სამეცნიერო მტკიცებულებას (Proof-of-Concept) წარმოადგენს და ადასტურებს, რომ მზა პროდუქტმა ლაბორატორიული გამოცდა წარმატებით გაიარა.

ამ ეტაპზე მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ თხელი, დისკოსებრი იმპლანტები, რომლებიც ორგანიზმში გადანერგვამდე უკვე სრულად ვასკულარიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათში წინასწარ არის ჩამოყალიბებული მოქმედი მიკროსისხლძარღვოვანი ქსელი. კვლევამ აჩვენა, რომ დიაბეტის მქონე მოდელებში ამ კონსტრუქციების ღვიძლგარეშე სივრცეში, კერძოდ კანქვეშ და ბადექონში გადანერგვამ, სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის (ნორმოგლიკემიის) ხანგრძლივი აღდგენა და სტაბილური შენარჩუნება უზრუნველყო, რაც აქამდე ამ სივრცეებში სისხლძარღვების სიმცირის გამო გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

ახალმა კვლევამ იმპლანტის რამდენიმე უნიკალური თვისება გამოავლინა, მათ შორის კუნძულოვანი უჯრედების გარსად გამოყენებული ინოვაციური Amniogel-ის (ადამიანის ამნიონური გარსისგან მიღებული ჰიდროგელი) უნარი, უჯრედებს დაუბრუნოს ის სასიცოცხლო სიგნალები, რომლებსაც ისინი იზოლაციის პროცესში კარგავდნენ.

გარდა ამისა, ლაბორატორიულმა დაკვირვებამ (in vitro) პირველად აჩვენა ახალი იმუნოპროტექტორული ეფექტი – Amniogel-ი საგრძნობლად ანელებს ორგანიზმის ციტოტოქსიკური იმუნური უჯრედების მოძრაობას, რაც იმპლანტის დაცვისა და გადარჩენის დამატებითი გარანტიაა.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ წარმოების მთელი ტექნოლოგიური პროცესი თავიდანვე დაპროექტდა საერთაშორისო GMP (სათანადო საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების შესაბამისად, რაც მას კლინიკური მასშტაბირებისთვის სრულად მზა პროდუქტად აქცევს.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, პრეკლინიკური ეტაპის ასეთი წარმატებით დასრულება მწვანე შუქს უნთებს პროექტის შემდეგ ფაზას, რადგან გუნდი უკვე აქტიურად მუშაობს წარმოების მასშტაბების გაზრდაზე (upscaling), რათა მოწყობილობა სრულად მიესადაგოს ადამიანებზე კლინიკური გამოცდის დაწყების მკაცრ მოთხოვნებს.

წყარო: Science Direct

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები