აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი რობერტ კენედი უმცროსი საკუთარი პოდკასტს იწყებს, რომელიც, მისივე თქმით, მთავრობაში „რადიკალური გამჭვირვალობის ახალ ეპოქას“ ჩაუყრის საფუძველს.
გადაცემა, სახელწოდებით „The Secretary Kennedy Podcast“, მომავალი კვირიდან დაიწყება და მასში მდივანი ექიმებთან, მეცნიერებთან და სამთავრობო უწყებების თანამშრომლებთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებს განიხილავს.
HHS-ის (აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი) ბრენდირებულ სტუდიაში ჩაწერილ სარეკლამო ვიდეოში კენედი აცხადებს, რომ პოდკასტი გახდება პლატფორმა კორუფციისა და იმ სიცრუის გამოსააშკარავებლად, რამაც ამერიკელების ჯანმრთელობა დააზიანა. „ჩვენ დავასახელებთ იმ ძალებს, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის გზაზე დაბრკოლებებს ქმნიან“, – ამბობს კენედი უმცროსი.
ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, ეს ინიციატივა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიის, „გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელი“ (MAHA), ნაწილია. მათივე თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი მინისტრის მიერ ორგანიზებული პოდკასტი სამთავრობო კომუნიკაციის ოფიციალურ ფორმად იქცევა.
ახალი მედიაპროექტის გაშვება რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას ემთხვევა, მათ შორის უწყების სტრატეგიულ რებრენდინგს, რაც ვაქცინაციის პოლიტიკის გარშემო არსებული კრიტიკისა და სასამართლო დავების ფონზე, აქცენტის ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლასა და კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე გადატანას გულისხმობს.
ამასთანავე, ნოემბრის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კონტექსტი განაპირობებს პოდკასტის თემატიკას, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ნუტრიციოლოგიას დაეთმობა ანუ იმ საკითხებს, რომლებიც ამომრჩევლისთვის ორივე პოლიტიკურ ფლანგზე პრიორიტეტულია.
პარალელურად, ექსპერტთა ნაწილი კრიტიკულ პოზიციას ინარჩუნებს და შიშობს, რომ პოდკასტის ფორმატი, რომელიც მწვავე შეკითხვების ნაკლებობით ხასიათდება, შესაძლოა მეცნიერული კონსენსუსის საწინააღმდეგო იდეებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ოფიციალურ წყაროდ იქცეს.
გადაცემის ეპიზოდები ყოველ მეორე კვირას გამოვა. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი პირველი სტუმარი ცნობილი შეფი რობერტ ირვაინი იქნება, რომელიც აშშ-ის არმიის კვების რაციონის რეფორმირებაზე მუშაობს.
წყარო: CNN

