ამერიკულ სამედიცინო განათლებაში ახალი ეტაპი იწყება: არკანზასში ახლად გახსნილი სამედიცინო სკოლა – Alice L. Walton School of Medicine (AWSOM)- ტრადიციულ მიდგომებს უპირისპირდება. ის აქცენტს არა დაავადების მკურნალობაზე, არამედ მის პრევენციაზე აკეთებს. ეს ნიშნავს, რომ მომავალი ექიმები სწავლობენ, როგორ გააუმჯობესონ პაციენტის ცხოვრების ხარისხი და თავიდან აიცილონ დაავადებები, სანამ ისინი განვითარდება.
სამედიცინო სკოლის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოა — პირველივე წელს 48 ადგილისთვის 2,000-ზე მეტმა აპლიკანტმა შეიტანა განაცხადი.
Walmart-ის მემკვიდრის, ელის უოლტონის მიერ დაარსებულ სკოლაში, პირველი ხუთი წლის განმავლობაში სწავლა სრულად დაფინანსდება. ამბობენ, რომ უოლტონს ამ პროექტის იდეა საკუთარ ავადმყოფობასთან ბრძოლის გამოცდილების შედეგად გაუჩნდა. ის უკმაყოფილო იყო ამერიკაში არსებული ჯანდაცვის სისტემით, რომელიც ხშირად არა პაციენტის კეთილდღეობაზე, არამედ მოგებაზეა ორიენტირებული.
უოლტონის სამედიცინო სკოლის ხედვა რადიკალურად განსხვავებულია: სწავლების პროცესში აქცენტი გადატანილია პრევენციაზე, სწორ კვებაზე, ცხოვრების წესსა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. ასევე, სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს, სადაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
ტრადიციული მედიცინისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინოვაციური ნაზავი – სწორედ ამით გამოირჩევა ამ ახალი სამედიცინო სკოლის სასწავლო პროგრამა ბენტონვილის კამპუსში. გარდა ჩვეულებრივი სამედიცინო სწავლებებისა, სტუდენტები ეუფლებიან ისეთ უჩვეულო დისციპლინებს, როგორებიცაა, მაგალითად, ხელოვნება, კულინარია და მებაღეობა.
ეს არაორდინარული მიდგომა მიზნად ისახავს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას, არამედ მომავალ ექიმებში ემპათიის, კრეატიულობისა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ცნობიერების განვითარებას. სკოლის ტერიტორიაზე არსებული ბოსტნეულის ბაღი და ახლომდებარე ფერმა სტუდენტებისთვის ცოცხალ საკლასო ოთახებად იქცა, სადაც ისინი სწავლობენ, თუ რა კავშირია კვებასა და ჯანმრთელობას შორის.
მაშინ, როცა ამერიკის სამედიცინო სკოლების უმეტესობას ნუტრიციოლოგიის შესახებ მხოლოდ 20-საათიანი (ხშირად არასავალდებულო, მხოლოდ არჩევითი) კურსები აქვთ, AWSOM-ის სტუდენტები 50-საათიან, გაცილებით სიღრმისეულ პროგრამას გადიან, რომელიც კულინარიულ ტრენინგსაც მოიცავს. ეს მათ საშუალებას აძლევს, უკეთ გაიაზრონ კვებისა და ჯანმრთელობის კავშირი და შემდეგ ცოდნა პაციენტებსაც გაუზიარონ.
გარდა ამისა, სკოლა აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების საზოგადოებრივ ჩართულობას. ისინი თავად გეგმავენ კვლევისა და მომსახურების პროექტებს, რაც ამყარებს სკოლის მთავარ მისიას — მოამზადოს ექიმები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას გამჭრიახობითა და თანაგრძნობით მოემსახურებიან.
აპლიკანტების შერჩევის პროცესი განსაკუთრებული იყო: მათ აფასებდნენ არა მხოლოდ აკადემიური მოსწრებით, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორ აპირებდნენ ჯანდაცვის სფეროში უთანასწორობის აღმოფხვრას. ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლის პრიორიტეტებს — მოამზადოს ექიმები, რომლებსაც არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაც შეეძლებათ.
სკოლის მთავარი გამოწვევა მის კედლებს მიღმაა. როგორც ელის უოლტონი აღნიშნავს, თუ კურსდამთავრებულები მოგებაზე ორიენტირებულ და გაუმართავ სისტემას დაუბრუნდებიან, მათი ცოდნა და ინოვაციური მიდგომები შესაძლოა მაინც გამოუსადეგარი იყოს.
სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად, სამედიცინო სკოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტნიორი კლინიკების ქსელს ქმნის. ეს ქსელი უზრუნველყოფს, რომ სკოლის მიერ შემუშავებული ინოვაციური მიდგომები პრევენციულ მედიცინაზე, კვებასა და ცხოვრების წესზე იყოს ორიენტირებული. ასევე ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სისტემის თანდათანობით ცვლილებას.
მაშინ, როცა სიმსუქნე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც არასწორი კვებითა და ცხოვრების წესით არის გამოწვეული, კვლავაც პრობლემად რჩება აშშ-ში, უოლტონის ინიციატივა შესაძლოა სამომავლოდ მნიშნველოვანი ნაბიჯი გახდეს.
წყარო: alwmedschool

