ეპიდაფეთქება ბურუნდის რესპუბლიკაში: უცნობმა დაავადებამ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

გააზიარე

აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში, კერძოდ ბურუნდის რესპუბლიკაში, უცნობი ეტიოლოგიის მწვავე ინფექციური დაავადების ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. 2026 წლის მარტის ბოლოდან დღემდე, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მპანდას რაიონში იდენტიფიცირებულია ინფიცირების 35 შემთხვევა, რომელთაგან 5 ლეტალურად დასრულდა.

დაუდგენელი დაავადების კლინიკური სურათი მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: ჰიპერთერმია (მაღალი ცხელება), ღებინება, დიარეა, ჰემატურია (შარდში სისხლი), ასთენია (გამოხატული სისუსტე) და მუცლის ტკივილი. მძიმე კლინიკური ფორმების დროს პაციენტებს გამოუვლინდათ სიყვითლე (იქტერუსი) და ანემია. ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, ინფიცირება ძირითადად ოჯახური კლასტერების ფარგლებში ვლინდება.

ბურუნდის ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდაფეთქების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2026 წლის 31 მარტს მიაწოდა. ამჟამად ეპიდაფეთქების კერაში მიმდინარეობს აქტიური საველე სამუშაოები, რაც მოიცავს შემთხვევათა ადრეულ დეტექციას, იზოლაციას და კონტაქტების მოძიებას. ეტიოლოგიური აგენტის ვერიფიკაციის მიზნით, ბიოლოგიური ნიმუშები დიაგნოსტიკური კვლევისთვის გადაგზავნილია საერთაშორისო რეფერალურ ლაბორატორიებში. დიფერენციული დიაგნოსტიკის საწყის ეტაპზე უკვე გამოირიცხა რეგიონისთვის ენდემურად გავრცელებული ისეთი მაღალპათოგენური ვირუსული ჰემორაგიული ცხელებები, როგორიცაა ებოლა, მარბურგის ვირუსი, ყირიმ-კონგოს ცხელება (CCHF), ყვითელი ცხელება და რიფტ-ველის ცხელება.

მიმდინარე ეტაპზე სამეცნიერო კვლევა ფოკუსირებულია როგორც იშვიათ ბაქტერიულ აგენტებზე (მაგალითად, ლეპტოსპიროზი), ისე გარემოს ქიმიურ და ტოქსიკურ დაბინძურებაზე, როგორც შესაძლო ეტიოლოგიურ ფაქტორებზე. დამატებით ექსპერტები აქტიურად იკვლევენ გვაქვს თუ არა საქმე რომელიმე ნაცნობი პათოგენის მუტირებულ ვერსიასთან, თუ სახეზეა სრულიად ახალი ინფექციური აგენტით გამოწვეული ეპიდაფეთქება. 

არსებულ კრიზისულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შეზღუდული მატერიალურ-ტექნიკური რესურსები და  მაიმუნის ყვავილისა (Mpox) და ქოლერის შემთხვევების მზარდი დინამიკა, რაც კრიტიკულ ზეწოლას ახდენს სამედიცინო სექტორზე. 

საერთაშორისო პარტნიორები, ჯანმოს ეგიდით, აგრძელებენ ბურუნდის ტექნიკურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას ეპიდზედამხედველობის სისტემებისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების ოპტიმიზაციის მიზნით. პარალელურად, მიმდინარეობს აქტიური რისკ-კომუნიკაცია მოსახლეობაში პრევენციული ჰიგიენური ზომების დაცვისა და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ.

წყარო: Afro.who.int

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები