ფარმაცევტულმა გიგანტმა Roche-მა განაცხადა, რომ შეიძენს ბიოტექნოლოგიურ კომპანია 89bio-ს $3.5 მილიარდად. Roche-ს ამ გადაწყვეტილების მიზანი ღვიძლის დაავადებების სამკურნალო პოტენციურად რევოლუციური პრეპარატით — პეგოზაფერმინით — დაინტერესებაა.
როგორც ცნობილია, გარიგების ფარგლებში Roche თავდაპირველად $2.4 მილიარდს გადაიხდის, დამატებითი $1.1 მილიარდი კი ეტაპობრივად იქნება გადახდილი, რაც დამოკიდებული იქნება პრეპარატის კომერციულ წარმატებაზე.
პეგოზაფერმინი არის მესამე ფაზის კლინიკურ კვლევებში მყოფი თერაპია, რომელიც მეტაბოლური დისფუნქციით გამოწვეული ღვიძლის დაავადების, არაციროზული და კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ არის განკუთვნილი. აღნიშნული პრეპარატი იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს როგორც ღვიძლის ანთების, ისე ფიბროზის შემცირების კუთხით.
ამ გარიგებით, Roche მნიშვნელოვნად აძლიერებს საკუთარ პოზიციებს იმ სამედიცინო სფეროში, სადაც მკურნალობის აუცილებლობა განსაკუთრებით მაღალია. აღნიშნული გარიგება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად ითვლება ღვიძლისა და მეტაბოლური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების დასრულება 2025 წლის ბოლო კვარტალში იგეგმება.
წყარო: BioSpace

