„ექიმის პროფესიული ქცევის შემოწმება პროვოკაციული მეთოდებით პროფესიული ღირსების შემლახავია“

გააზიარე

“მხარდაჭერა ექიმ მაია კოხტაშვილს
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის ფონზე იკვეთება გარემოებები, რომლებიც სამედიცინო პროფესიული თემის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
არსებული ცნობებით, ნევროლოგმა მაია კოხტაშვილმა დახმარება გაუწია ადამიანს, რომელმაც მას საწოლს მიჯაჭვული, ძლიერი ტკივილის მქონე ოჯახის წევრის სახელით მიმართა და განმარტა, რომ პაციენტის კლინიკაში მიყვანა შეუძლებელი იყო.
ექიმებისთვის მსგავსი ვითარება უცხო არ არის. მძიმე, ქრონიკულად დაავადებული ან გადაადგილების შეზღუდვის მქონე პაციენტები ხშირად აწყდებიან რეგულაციურ და ბიუროკრატიულ ბარიერებს, რომლებიც საჭირო მედიკამენტის მიღებას ართულებს. ფსიქიატრიულ პრაქტიკაშიც არაერთხელ ვხვდებით სიტუაციას, როდესაც ექიმს ერთდროულად უწევს კანონის მოთხოვნების, პაციენტის რეალური საჭიროებისა და ელემენტარული ადამიანური გულისხმიერების გათვალისწინება.
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება ემხრობა უდანაშაულობის პრეზუმფციის სრულ დაცვას. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არცერთი ექიმი არ უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ საზოგადოებრივ სივრცეში. ამასთან, თუ დადასტურდება ინფორმაცია, რომ ექიმთან სპეციალურად მივიდა სამართალდამცავი უწყების თანამშრომელი ან მათი დავალებით მოქმედი პირი და ხელოვნურად შექმნა ვითარება მისი „კეთილსინდისიერების შესამოწმებლად“, ასეთი პრაქტიკა სერიოზულ პროფესიულ და ეთიკურ კითხვებს აჩენს. ექიმის პროფესიული ქცევის შემოწმება პროვოკაციული მეთოდებით შეიძლება აღქმული იყოს არა მხოლოდ როგორც არაპროპორციული ჩარევა, არამედ როგორც ექიმის პროფესიული ღირსების შემლახავი მიდგომაც.
ჩვენ შეგნებულად არ ვეხებით გავრცელებულ პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს და ექიმის შესაძლო პოლიტიკურ შეხედულებებს — ამის შეფასება ჩვენი პროფესიული კომპეტენცია და ამ განცხადების მიზანი არ არის. სამაგიეროდ, გვიკვირს პროფესიული სამედიცინო საზოგადოების სიჩუმე და თავშეკავება.
როდესაც საკითხი ეხება არა მხოლოდ ერთი ექიმის ბედს, არამედ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში სამართალდამცავი მეთოდების დასაშვებ საზღვრებს, სამედიცინო თემმა უნდა მოითხოვოს:
მაქსიმალური საჯაროობა;
გამჭვირვალე გამოძიება;
საქმის ყველა გარემოების ობიექტური შეფასება.
განსაკუთრებით საყურადღებოა საზოგადოების რეაქციაც — გავრცელებული ინფორმაციით, ექიმის გირაოსთვის საჭირო 50 000 ლარი დაახლოებით 55 წუთში შეგროვდა. ეს ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ნათლად აჩვენებს საზოგადოების მნიშვნელოვან ნდობასა და სოლიდარობას ექიმის მიმართ.
მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს და ამავე დროს — მოთხოვნა სამართლიანი, გამჭვირვალე და ღირსების პატივისმცემელი სამართლებრივი პროცესისადმი”, — ნათქვამია საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობის განცხადებაში.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები