ერთიანი ჯანმრთელობა – როგორ ქმნის საქართველოს უნივერსიტეტი ახალ სამეცნიერო ეკოსისტემას

გააზიარე

თანამედროვე მსოფლიოში ჯანმრთელობა მხოლოდ მედიცინა აღარ არის. ის უკვე რთული, ერთმანეთთან გადაჯაჭვული ეკოსისტემაა, სადაც ადამიანის, ცხოველის, მცენარისა და გარემოს მდგომარეობა ერთ მთლიან სისტემად განიხილება. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება „ერთიანი ჯანმრთელობის“ (One Health) მიდგომა – ინტერდისციპლინური მიმართულება, რომელიც პასუხობს XXI საუკუნის ყველაზე რთულ გამოწვევებს.

ამ იდეის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში 2024 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლაში ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი დაარსდა. ინსტიტუტი საქართველო სუნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილია, რომელიც სამ მიმართულებას: მოლეკულურ მედიცინას, ერთიან ჯანმრთელობასა (One Health) და სინთეტურ ბიოლოგიას აერთიანებს.

ახალი ინსტიტუტი – ახალი ინფრასტრუქტურა

ინსტიტუტის შექმნა მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი არ ყოფილა. უნივერსიტეტმა საკუთარი რესურსებით დაიწყო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება და უკვე შექმნა ფუნქციური გენომიქსისა და პროტეომიქსის ინ სილიკო ლაბორატორია.

ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია მიკრობული გენეტიკისა და ეკოლოგიის ლაბორატორია, რომლის სრულფასოვანი ამოქმედება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში იქმნება სივრცე, სადაც თანამედროვე ბიოინფორმატიკა და მოლეკულური ბიოლოგია ერთიანდება.

რას იკვლევს ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი

ინსტიტუტის კვლევითი ფოკუსი უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. მისი პროექტები ეხება:

  • ანტიმიკრობული რეზისტენტობის გენების ევოლუციურ დინამიკას
  • რეზისტენტობის გავრცელების მიკრობული ქსელების გამოვლენას
  • სხვადასხვა ტიპის დნმ-ის ანალიზსა და გენომების ანალიტიკურ მოდელირებას
  • ინდუსტრიულად მნიშვნელოვანი ბაქტერიოფაგების გენომების კვლევას

ინსტიტუტის დირექტორის, მამუკა კოტეტიშვილის თქმით: „ჩვენი კვლევები აჩვენებს რეზისტენტობის გავრცელების ტრაექტორიებსა და ევოლუციურ ტენდენციებს, ასევე ბაქტერიოფაგების განვითარების თავისებურებებს. ეს ფაგები შეიძლება გამოყენებული იყოს სურსათის უვნებლობაში, თერაპიაში, ვეტერინარიაში, ბიოკონტროლსა და გარემოს დაცვაში.“

კვლევების ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, ნაწილი კი რეცენზირების პროცესშია.

საერთაშორისო აღიარება და ახალი მხარდაჭერა აშშ-დან

ინსტიტუტის საერთაშორისო ინტეგრაცია სწრაფად ვითარდება. 2025 წელს იგი გახდა ევროპის ერთიანი ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ინსტიტუტის სამი სამეცნიერო ნაშრომი მალე წარდგენილი იქნება ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე მადრიდში. ეს უკვე ნიშნავს, რომ ქართული მეცნიერება ერთიანი ჯანმრთელობის გლობალურ ქსელში აქტიურად ერთვება.

ამ წარმატებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა: One Health Initiative – ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საკუთარ ვებ.გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის შესახებ და ოფიციალურად დაუჭირა მხარი მის საქმიანობას.

ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ზრდის როგორც უნივერსიტეტის, ისე ინსტიტუტის საერთაშორისო ცნობადობას და ადასტურებს, რომ ქართული კვლევები უკვე გლობალური სამეცნიერო ქსელის ნაწილია.

ძლიერი პარტნიორები საქართველოში

ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა ვერ ვითარდება ერთ სფეროში ჩაკეტილად. სწორედ ამიტომ ინსტიტუტი აქტიურად ქმნის პარტნიორულ ქსელს ეროვნულ დონეზე.

თანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, ასევე გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტთან აძლიერებს ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის საქმიანობას და სამომავლო ხედვის აღსრულებას ამარტივებს.

ეს პარტნიორობები ქმნის საფუძველს, რომ კვლევები პირდაპირ დაუკავშირდეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვას.

მომავალი გეგმები – საერთაშორისო ვორქშოფი საქართველოში

ინსტიტუტისთვის 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებით დაიწყო – მხოლოდ წლის პირველ ოთხ თვეში ოთხი სამეცნიერო სტატია უკვე გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვან ჟურნალებში.

ინსტიტუტი მუშაობს ახალი საერთაშორისო თანამშრომლობების გაფართოებაზე ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-ის ინსტიტუტებთან. ევროპის ერთიანი ჯანმრთელობის ასოციაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში იგეგმება საერთაშორისო ვორქშოფი, რომელიც ევროპულ და ქართულ სამეცნიერო სექტორებს დააახლოებს.

ერთიანი ჯანმრთელობა აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ტერმინი – ის პრაქტიკული პასუხია თანამედროვე გამოწვევებზე: პანდემიებზე, გარემოს ცვლილებებზე, სურსათის უსაფრთხოებაზე და ანტიბიოტიკების ეფექტიანობაზე.

საქართველოს უნივერსიტეტის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი კი, ამ გლობალურ პროცესში საქართველოს აქტიურ და გავლენიან მოთამაშედ აქცევს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები