ამ კვირიდან ევროპის სალონებში მანიკურისა და პედიკურის სერვისები მკაცრად გაკონტროლდება. 1-ლი სექტემბრიდან ევროკავშირში აიკრძალა TPO – ნივთიერება, რომელიც გელ-ლაქის სწრაფ გაშრობას, სიმყარესა და ბზინვარებას უზრუნველყოფს.
TPO-ს შემცველი ლაქით მიღებული მყარი, შუშისებრი ზედაპირი გელ-მანიკურს ტრადიციულ მანიკურთან შედარებით გაცილებით მდგრადს ხდის, სწორედ ამიტომ არის ის ასეთი პოპულარული.
რა არის TPO და რატომ აიკრძალა?
TPO არის ფოტოინიციატორი, რაც იმას ნიშნავს, რომ გელ-ლაქში მოხვედრისას, ის სწრაფად მაგრდება და შრება ულტრაიისფერი (UV) ან LED სხივების შთანთქმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა პროდუქტებშიც გამოიყენება, მაგალითად, მელანსა და წებოებში, გელ-ლაქის ინდუსტრიაში ის განსაკუთრებით ფასობს მისი ფერის მდგარდობისა (ნაკლებად ყვითლდება) და UV სხივების შთანთქმის უნარის გამო.
12 მაისს ევროკომისიამ საკუთარ რეგულაციებში ცვლილება შეიტანა, სადაც ნათქვამია, რომ TPO ადამიანის რეპროდუქციისთვის ტოქსიკურია და აღარ უნდა იყოს დაშვებული კოსმეტიკურ პროდუქტებში. ამ გადაწყვეტილებით ის ოფიციალურად მოხვდა აკრძალული ნივთიერებების სიაში.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევებით TPO-სა და ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებს შორის პირდაპირი კავშირი არ დადგენილა, მღრღნელებში მისი დიდი დოზით მიღება ფერტილობისა და განვითარების პრობლემებს იწვევდა. ამიტომაც ევროკავშირმა პრევენციული მიდგომა აირჩია, რათა დაეცვა როგორც მომხმარებლების, ისე სალონის სპეციალისტების ჯანმრთელობა.
გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები ყოველთვის ზუსტად არ განსაზღვრავს, რა გავლენას მოახდენს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმზე. ერთ-ერთმა in vitro კვლევამ ადამიანის უჯრედების ტოქსიკურობაზე მიანიშნა, თუმცა გაცილებით მაღალი დოზით, ვიდრე ეს სალონშია შესაძლებელი. მიიჩნევა, რომ გელ-ლაქის წასმისას ორგანიზმზე ზემოქმედება ძალიან დაბალია, რადგან ფრჩხილები ძირითადად კერატინისგან შედგება, რაც ქიმიკატების შეწოვისთვის ძლიერ ბარიერს ქმნის.
ამ საკითხთან დაკავშირებით დერმატოლოგებმა ზაზა თელიამ და თამარ ებანოიძემ კომენტარისგან თავი შეიკავეს, რადგან არ არსებობს რანდომიზებული ფართო მასშტაბიანი კვლევები, რომელიც მსგავს ეფექტს ადამიანშიც ადასტურებს.
როგორც ჰარვარდის გარემოსდაცვითი მეცნიერი ელსი სანდერლენდი აღნიშნავს, აკრძალვის პრევენციული ხასიათი გამართლებულია, რადგან ცხოველებზე მიღებული მონაცემები საკმარისად სანდოა TPO-სთან მიმართებაში სიფრთხილის გამოსაჩენად. ანალოგიურად, კოსმეტიკური დერმატოლოგი ჟაკლინ უოჩმეიკერი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანზე საბოლოო ზიანი დადასტურებული არ არის, TPO-ს გარეშე პროდუქტების არჩევა გონივრული ნაბიჯია, რადგან უსაფრთხო ალტერნატივები უკვე ხელმისაწვდომია.
გლობალური პერსპექტივა: მაროკო, გაერთიანებული სამეფო და აშშ
მაროკო ევროპის პოზიციას იზიარებს და TPO-ს შემცველი კოსმეტიკურ პროდუქტებს კრძალავს.
გაერთიანებული სამეფო 2026 წლის ბოლოსთვის აპირებს TPO-ს შემცველი გელ-ლაქის აკრძალვას, რითაც სალონებსა და მომწოდებლებს ადაპტაციისთვის საკმარის დროს მისცემს.
საპირისპიროდ, ამერიკის შეერთებული შტატები TPO-ს აკრძალვას უახლოეს მომავალში არ გეგმავს. აშშ-ის მარეგულირებელი მიდგომა უფრო რეაქტიულია და, როგორც წესი, მკაცრ შეზღუდვებამდე, ზიანის შესახებ სრულყოფილ მტკიცებულებებს ითხოვს, განსაკუთრებით კი ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებს. ეს მკვეთრად განსხვავდება ევროკავშირის პრევენციული პრინციპისგან, რომელიც ადრეულ რეგულაციურ ჩარევას ცხოველებზე ჩატარებული კვლევების ან პოტენციური რისკების საფუძველზეც უშვებს. კოსმეტიკური და პარფიუმერული ასოციაციის მეცნიერების დირექტორის, ქეროლაინ რეინსფორდის თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება „ყველაზე ცუდ სცენარზე“ და მაღალ დოზებზე დაფუძნებული ეფექტებით აიხსნება, რაც კოსმეტიკურ საშუალებებში არ გვხვდება, შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეწოვის პოტენციალიც ნაკლებია. ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ძალიან ცოტა კოსმეტიკური ინგრედიენტი აკრძალა – დაახლოებით 10,000-დან მხოლოდ 11 – რაც აჩვენებს აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებულ მარეგულირებელ სხვაობას.
რას ნიშნავს ეს მომხმარებლებისა და ინდუსტრიისთვის?
ევროპის მასშტაბით სალონებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ TPO-ს შემცველი პროდუქტების გამოყენება და მათი მარაგი უსაფრთხო ალტერნატივებით უნდა ჩაანაცვლონ. მომხმარებლებს, რომლებიც TPO-ს რისკით არიან შეშფოთებულნი, თავისუფლად შეუძლიათ მოითხოვონ გელ-ლაქი ამ ინგრედიენტის გარეშე, მით უმეტეს, რომ ასეთი პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
ეს აკრძალვა მოწოდებაა, რომ კოსმეტიკური ინდუსტრია მკაცრ ჯანდაცვის სტანდარტებს დაექვემდებაროს, რომელთა საფუძველიც მყარი სამეცნიერო მტკიცებულებები იქნება. დეტალური ინფორმაციისთვის, მკითხველს შეუძლია გაეცნოს შემდეგ წყაროებს:

