სიახლე ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მკურნალობაში

გააზიარე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავდაებათა #2 დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი: მაკა გეგენავა MD.PhD

ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის (ESC) 2025 წლის კონგრესზე წარვსდექი მორიგი მოხსენებით, რომელიც ეხებოდა მავაკამტენის (მიოზინის ინჰიბიტორის) გავლენას გულის დიასტოლურ დისფუნქციასა და დოპლერ-ექოკარდიოგრაფიის სხვადასხვა პარამეტრზე, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის (oHCM) მქონე პაციენტებში. კვლევა შევასრულე კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-ფრანცისკოს (UCSF) კარდიომიოპათიის დეპარტამენტში, ამერიკის ექოკარდიოგრაფიის ასოციაციის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია — გენეტიკური, აუტოსომურ-დომინანტური გულის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით. ავადმყოფობის ძირითადი პათოფიზიოლოგიური მახასიათებლებია: ჰიპერკონტრაქტიულობა, დიასტოლური დისფუნქცია, მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის დინამიური ობსტრუქცია. ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია: მოციმციმე არითმია, გულის უკმარისობა და ავთვისებიანი პარკუჭოვანი არითმიები.

დაავადების დიაგნოსტიკა და მართვა საჭიროებს მაღალკვალიფიციური, მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობას. დიაგნოსტიკური პროცესი მოიცავს პაციენტის გასინჯვას, გენეტიკურ ტესტირებასა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ფართო სპექტრს.

ამჟამად არსებული ძირითადი სამკურნალო საშუალებებია: ბეტა-ბლოკერები, კალციუმის არხის ბლოკერები (ძირითადად ვერაპამილი ან დილთიაზემი), დიზოპირამიდი. ინვაზიური ჩარევები მოიცავს ძგიდის შემცირების მეთოდებს (septal reduction therapies) — ალკოჰოლურ სეპტალურ აბლაციას, მიექტომიას, საჭიროების შემთხვევაში ასევე გამოიყენება ICD (იმპლანტირებადი კარდიოვეტერ-დეფიბრილატორი).

ESC 2025 კონგრესზე სიახლის სახით იქნა წარმოდგენილი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის გენური თერაპიის რამდენიმე პერსპექტიული მეთოდი, რომლებიც ამ ეტაპზე კვლევის ფაზაშია.

რაც შეეხება მავაკამტენს, ეს არის ახალ თაობის, პირველი კლასის მიოზინის ინჰიბიტორი, რომელიც რეკომენდებულია როგორც ამერიკული, ისე ევროპული გაიდლაინებით ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის (oHCM) მქონე პაციენტებში. პრეპარატი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობის სიმპტომები (NYHA II ან III კლასი) და მიზნად ისახავს გულის ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და სიმპტომების შემსუბუქებას.

მავაკამტენის გამოყენება არაობსტრუქციული HCM – ის შემთხვევაში ამჟამად რეკომენდებული არ არის. 

როგორც ჩემთვის ცნობილია, მავაკამტენი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, პრეპარატის ღირებულება საკმაოდ მაღალია და მისი მიღებისას საჭიროა პაციენტის მუდმივი მონიტორინგი — გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით, რაც მოითხოვს ძვირადღირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები