ევროპის რადიოლოგიის კონგრესი (ECR) 2026 ვენაში: გაეცანით რადიოლოგიის უმნიშვნელოვანეს მოვლენასა და დარგის, სხვადასხვა, ექსპერტის შეფასებას

გააზიარე

2026 წლის მარტის დასაწყისში, საერთაშორისო რადიოლოგიური საზოგადოება კვლავ შეიკრიბა ვენაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამედიცინო ღონისძიებაზე — ევროპის რადიოლოგიის კონგრესზე (ECR 2026). კონგრესი ევროპის რადიოლოგიის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, ის  4-დან 8 მარტის შუალედში ჩატარდა და მას მედსკრიპტუმიც დაესწრო.

ECR საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც უდიდესი რადიოლოგიური კონგრესი ევროპაში და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო ვიზუალიზაციის ფორუმი გლობალურად. ყოველწლიურად კონგრესი ათობით ათას მონაწილეს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ბოლო წლებში ღონისძიებამ 20,000–30,000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა 100-ზე მეტი ქვეყნიდან მათ შორის ქართულ დელეგაციას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხსენებელი იყო კონგრესზე. კონგრეს ექიმების გარდა  სამედიცინო ფიზიკოსები, რადიოგრაფები, ინჟინრები, მკვლევარები, ინდუსტრიის ლიდერები და მედიცინის სტუდენტები ესწრებოდნენ.

კონგრესის უზარმაზარი მნიშვნელობა რომ გავიაზროთ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სწორედ აქ წარედგინება საზოგადოებას უახლესი სამეცნიერო აღმოჩენები, ვიზუალიზაციის ტექნოლოგიები და ჯანდაცვის სტრატეგიები. ხუთდღიანი ღონისძიების განმავლობაში ტარდება ასობით სამეცნიერო სესია, ლექცია, პანელური დისკუსია და ვორქშოფი, რომლებიც მოიცავს თემებს ხელოვნური ინტელექტიდან და კარდიოლოგიური ვიზუალიზაციიდან ონკოლოგიურ დიაგნოსტიკასა და ინტერვენციულ რადიოლოგიამდე.

ახალგაზრდა ექიმებისა და მედიცინის სტუდენტებისთვის კონგრესი წარმოადგენს განსაკუთრებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობას. პროგრამა მოიცავს სტრუქტურირებულ სასწავლო სესიებს, რომლებიც გათვლილია ექსპერტიზის სხვადასხვა დონეზე, რაც საშუალებას აძლევს როგორც გამოცდილ სპეციალისტებს, ისე დამწყებებს, მიიღონ სარგებელი უახლესი სამეცნიერო ცოდნისგან.

ინდუსტრიული გამოფენა: ტექნოლოგია, რომელიც მართავს თანამედროვე რადიოლოგიას

2026 წლის ევროპის რადიოლოგიის კონგრესის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელია მისი მასშტაბური ინდუსტრიული გამოფენა იყო, რომელსაც კონგრესის 2-ვე ცენტარული შენოვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს. აქ მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანიები წარადგენენ თავიანთ უახლეს ვიზუალიზაციის სისტემებს, სადიაგნოსტიკო პროგრამულ უზრუნველყოფასა და კვლევით ინოვაციებს.

გამოფენაში მონაწილე ყველაზე გამორჩეულ კომპანიებს შორის იყვნენ:

  • Siemens Healthineers
  • GE HealthCare
  • Philips
  • FUJIFILM Healthcare
  • Canon Medical Systems
  • Bayer
  • Bracco Imaging
  • Guerbet

ამ კომპანიებმა მოაწყვეს ინტერაქტიული ვორქშოფები, ცოცხალი დემონსტრაციები და პრეზენტაციები, რომლებიც აჩვენებდნენ, თუ როგორ შეუძლია მათ უახლეს ტექნოლოგიებს დიაგნოსტიკური სიზუსტისა და პაციენტის მოვლის გაუმჯობესება.

საგამოფენო სივრცე საშუალებას აძლევს ექიმებსა და მკვლევარებს უშუალო ურთიერთობა იქონიონ იმ ინჟინრებთან და დეველოპერებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უახლესი ვიზუალიზაციის სისტემების შექმნაზე. ეს ურთიერთქმედება ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო ტექნოლოგიების მომავალი განვითარების ფორმირებაში.

მაგალითად, Siemens Healthineers-მა და GE HealthCare-მა წარადგინეს უახლესი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) სკანერები და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით აღჭურვილი ვიზუალიზაციის პლატფორმები. ეს სისტემები ხელოვნურ ინტელექტს პირდაპირ სამუშაო პროცესში აინტეგრირებენ, რაც სკანირების უფრო სწრაფ ანალიზსა და პათოლოგიური ცვლილებების უკეთეს გამოვლენას უზრუნველყოფს.

პარალელურად, Philips-მა წარმოადგინა ახალი MRI სისტემები, რომლებიც შექმნილია მაგნიტის მუშაობისთვის საჭირო ჰელიუმის რაოდენობის შესამცირებლად. ეს ინოვაცია პასუხობს თანამედროვე რადიოლოგიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მდგრადი განვითარების კუთხით, რადგან ჰელიუმი შეზღუდული რესურსია, რომელიც აუცილებელია ტრადიციული MRI ტექნოლოგიისთვის, როგორც ფილიპსის წარმომადგენლებმა მედსკრიპტუმს განუმარტეს უახლესი აპარატი ძველ მოდელებთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფი, ეკოლოგიურად სუფთა და მსუბუქია, სწორედ ეს სიმსუბუქე აძლევს ტექნიკოსებს აპარატიის სწრაფად გადაადგლების საშუალებას, შესაბამისად მისი მიტანა ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიცაა შესაძლებელი. ტექნიკოსებს მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლებლობა მოგვეცა გულის 3D ტომოგრაფია გდაგვეღო. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან უახლესი აპარატი საგრძნობლად ამცირებს პაციენტის მიერ სუნთქის შესაკავებელი დროის საჭიროებას და სისტემური მხარდაჭერით შედეგებს ბევრად უფრო სწრაფად იძლევა.

ასევე უაღრესად დასამახსოვრებელი ფარმაცევტული და საკონტრასტო ნივთიერებების მწარმოებელი კომპანიების, როგორებიცაა Bayer, Bracco Imaging და Guerbet, მიერ წარმოდგენილი ახალი საკონტრასტო აგენტები და ვიზუალიზაციის მიგნებები, რომლებიც CT და MRI კვლევებში ვიზუალიზაციის ხარისხის გაუმჯობესებაზეა მიმართული. თავად ნივთიერების საჭიროებას ძლიერ ამცირებს და ნაკლები რენოტოქსიური ეფექტით გამოირჩევიან. 

ფოტონების დამთვლელი CT: სამედიცინო ვიზუალიზაციის ახალი ეპოქა

კონგრესზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ტექნოლოგიური ინოვაცია იყო ფოტონების დამთვლელი კომპიუტერული ტომოგრაფია (photon-counting CT) — ახალი თაობის CT სკანერები, რომლებსაც შეუძლიათ რადიკალურად გააუმჯობესონ გამოსახულების გარჩევადობა და სადიაგნოსტიკო შესაძლებლობები, რამდენადმე შეამცირონ გამოსხივების დოზა, რომელსაც პაციენტი კვლევისას იღებს და პოტენციურად გააქროს ინვაზიური დიაგნოსტიკის საჭიროება.

კონგრესის მიმდინარეობისას პროფესორმა პალ მაუროვიჩ-ჰორვატმა, ბუდაპეშტის სემელვეისის უნივერსიტეტის მთავარი რადიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა, და პროტონულ თვლის კომპიუტერული ტომოგრაფიის წამყვანმა სპეციალისტმა მედსკრიპტუმს ამ უახლესი ტექნოლოგიის მნიშვნელობა განუმარტა.

 

ინტერვიუ პროფესორ პალ მაუროვიჩ-ჰორვატთან

„ფოტონების დამთვლელი CT წარმოადგენს დღეს არსებულ ყველაზე მოწინავე CT ტექნოლოგიას. მთავარი განსხვავება ტრადიციულ CT სკანერებთან შედარებით დეტექტორის ტექნოლოგიაში მდგომარეობს. დეტექტორებს შეუძლიათ დაითვალონ რენტგენის ენერგიის ცალკეული ფოტონები, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მნიშვნელოვნად უკეთესი სივრცითი გარჩევადობა პაციენტისთვის გამოსხივების უფრო დაბალი დოზების გამოყენებისას.

ამ ტექნოლოგიით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შრის სისქეს 0.2 მილიმეტრზე ნაკლებს, რაც ნახევარმილიმეტრიანი გარჩევადობის მქონე კონვენციურ CT სისტემებთან შედარებით უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარდიოლოგიური ვიზუალიზაციისთვის. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში CT სკანერების სივრცითი გარჩევადობა შედარებით სტაბილური რჩებოდა, ამიტომ დეტექტორების ეს ახალი თაობა წარმოადგენს შემდეგ მთავარ უმთავრეს ნაბიჯს CT-ის განვითარებაში.

ბუდაპეშტში, ჩვენს დაწესებულებაში, ამჟამად სამი ფოტონების დამთვლელი CT სკანერი გვაქვს. ეს სკანერები ჩვენი წამყვანი ვიზუალიზაციის სისტემებია. ისინი გამოიყენება მრავალი სახის გამოკვლევისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურია კარდიოლოგიური ვიზუალიზაციისა და გადაუდებელი დიაგნოსტიკისთვის. ვინაიდან ფოტონების დამთვლელი CT ავტომატურად უზრუნველყოფს სპექტრულ ვიზუალიზაციას, ჩვენ შეგვიძლია კორონალური ფოლაქების ზუსტი ვიზუალიზაციის მიღება. შესაძლებლობა გავქვს  აღმოვაჩინოთ ისეთი დაფარული პათოლოგიები, როგორიცაა მიკროსისხლჩაქცევები ან ძალიან მცირე მოტეხილობები, რომელთა იდენტიფიცირება სხვაგვარად რთული იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია ძალზე მძლავრია, ის ჯერ კიდევ ძვირია. ამჟამად ის ძირითადად საუნივერსიტეტო ჰოსპიტალებსა და კვლევით ინსტიტუტებშია ხელმისაწვდომი. თუმცა, რაც უფრო მეტი მწარმოებელი შექმნის საკუთარ ფოტონების დამთვლელ სისტემებს, კონკურენცია ფასს დაბლა დასწევს. მჯერა, რომ ხუთი წლის განმავლობაში ეს ტექნოლოგია ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ხელოვნური ინტელექტი ასევე გადამწყვეტ როლს შეასრულებს CT ვიზუალიზაციის მომავალში. AI გააუმჯობესებს როგორც სკანირების პროცესს, ისე მათ ინტერპრეტაციას. ბევრ ქვეყანაში უკვე იგრძნობა რადიოლოგების დეფიციტი და ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება ექიმებს იმუშაონ უფრო ეფექტურად და გააანალიზონ მეტი მონაცემი დიაგნოსტიკური ხარისხის დაქვეითების გარეშე.“

ხელოვნური ინტელექტი და რადიოლოგიის მომავალი

ხელოვნური ინტელექტი იყო, ალბათ, ყველაზე ხშირად განხილული თემა კონგრესის განმავლობაში. თითქმის ყველა პავილიონში რომელსაც კი ვესტურეთ მომხსენებლები ამა თუ იმ სადიაგნოსტიკო მეთოდის ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრაციის ჭრილში განიხილავდა. მრავალრიცხოვანმა სესიამ შეისწავლა, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერლ  ალგორითმებს დაეხმაროს ექიმებს ვიზუალიზაციის მონაცემების ანალიზში, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და კლინიკური სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციაში.

რადიოლოგიის რეზიდენტმა რაზვან სლატინეანუმ რუმინეთიდან გაგვიზიარა თავისი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ეს სფერო.

ინტერვიუ ექიმ რეზიდენტ რაზვან სლატინეანუსთან

„ასეთი კონგრესები უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესიული კავშირების დასამყარებლად და რადიოლოგიასა და ზოგადად მედიცინაში უახლესი მიღწევების გასაცნობად. გასულ წელსაც ვესწრებოდი კონგრესს და ნათლად ვხედავ, რომ ყოველწლიურად სამეცნიერო დისკუსიები და ტექნოლოგიური ინოვაციები უფრო და უფრო მოწინავე ხდება.

რადიოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება. როდესაც ოთხი წლის წინ რეზიდენტურა დავიწყე, სფერო უკვე სწრაფად იცვლებოდა, მაგრამ დღეს განვითარების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარებულია. ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად შეცვლის რადიოლოგების როლს საავადმყოფოებში. თუმცა, არ მჯერა, რომ AI ჩაანაცვლებს რადიოლოგებს. ნაცვლად ამისა, ის შეცვლის ჩვენი მუშაობის წესს. სულ ის შედარება მახსენდება, როდესაც გასული საუკუნის მიდგომებს ვსწავლობდით, მეთოდები და ტექნკები იმდენად პიონერული და ხანდახან უსაფუძვლო იყო რომ დღეს ისინი ბრუტალისტურად გვეჩვენება. ალბათ ამას მოიტანს სწორედ ხელოვნური ინტელექტი, რომ ოცი წლის შემდგომ ჩვენი მომავალი კოლეგები ზუსტად იმავეს იფიქრებენ ჩვენზე.

AI დაგვეხმარება რუტინული და განმეორებადი დავალებების ავტომატიზაციაში და დაგვეხმარება სტანდარტული გამოკვლევების ანალიზში. ეს საშუალებას მისცემს რადიოლოგებს მეტი დრო დაუთმონ რთულ შემთხვევებსა და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას. პაციენტებს კვლავ დასჭირდებათ ექიმი, რომელიც მათ შედეგებს განმარტავს და პასუხისმგებლობას აიღებს მათ დიაგნოზზე. არ მჯერა რომ თავად პაციენტს ექნება სურვი თავი რობოტს ანდოს და არა სულიერ ექიმს”.

განათლება და თანამშრომლობა

ტექნოლოგიური ინოვაციების მიღმა, კონგრესმა ასევე ხაზი გაუსვა განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ღონისძიება მოიცავდა ასობით ლექციას და ტრენინგს, რომლებიც სპეციალურად სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის იყო მომზადებული.

პედიატრმა რადიოლოგმა დიანა ველგა-კანუტომ აღწერა კონგრესის საგანმანათლებლო ღირებულება.

ინტერვიუ დოქტორ დიანა ველგა-კანუტოსთან

„ეს კონგრესი რადიოლოგიური საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. სამეცნიერო თვალსაზრისით, ის გვაძლევს წვდომას უამრავ საგანმანათლებლო სესიასა და ლექციაზე, რომლებიც ექსპერტიზის სხვადასხვა დონეს ფარავს. იქნება ეს მედიცინის სტუდენტი, რეზიდენტი თუ უფროსი სპეციალისტი, ყოველთვის მოიძებნება სესიები, რომლებიც მათ ცოდნის დონეზეა მორგებული. ტყუილად არ იძახიან რომ კონტაქტები და ნეთვორქინგი გასაღებია. ამ კონგრესზე მრავალი ისეთი კავშირი ყალიბდება, რომელიც სამომავლოდ ძალიან დიდ რამეს დაუდებს საფუძველს. თუნდაც მრავალი კომპანიისა და კვლევითი ცენტრების ერთობლივი შრომის დამსახურებაა ის მრავალი არაჩვეულებრივი მიგნება, რასაც ასე აქტიურად განიხილავენ ჩვენი მომხსენებლები.

ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე რადიოლოგიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა და კონგრესის მრავალი ლექცია ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ შეიძლება AI-ის ინტეგრირება კლინიკურ პრაქტიკაში. როგორც ადამიანს, რომელსაც სადოქტორო კვლევისას შეხება მქონია ხელოვნურ ინტელექტთან, მჯერა, რომ AI არ ჩაანაცვლებს რადიოლოგებს, არამედ დაეხმარება მათ.“

გლობალური პერსპექტივები რადიოლოგიაში

კონგრესის საერთაშორისო ხასიათი ასევე აისახა მისი მონაწილეების მრავალფეროვნებაში. რადიოლოგები ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან და მრავალი სხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გასაზიარებლად.

კარდიოთორაკალურმა რადიოლოგმა ფარა კადურმა, რომელიც საფრანგეთში მომზადების შემდეგ ამჟამად ტორონტოში მოღვაწეობს, ხაზი გაუსვა ასეთი გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ინტერვიუ დოქტორ ფარა კადურთან

„ევროპის რადიოლოგიის კონგრესი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სამედიცინო ვიზუალიზაციის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის შესახვედრად და იდეების გასაცვლელად. ის აერთიანებს რადიოლოგებს, ინჟინრებს, მკვლევარებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან.

ხელოვნური ინტელექტი აშკარად ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა, რომელიც განსაზღვრავს რადიოლოგიის მომავალს. ჩვენ ის უნდა მივიღოთ და არა მისი გვეშინოდეს. AI არ ჩაანაცვლებს ექიმებს, არამედ დაგვეხმარება ვიმუშაოთ უფრო ეფექტურად დროში გაწელილი დავალებების საკუთარ თავზე აღებით.

ევროპას სამედიცინო განათლებისა და კვლევის წარმოუდგენლად ძლიერი ტრადიცია აქვს. მსგავსი კონგრესები აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სამედიცინო ინოვაციების დაჩქარება.“ 

 საინტერესო ფაქტია, რესპოდენტებისთვის დასმულ კითხვაზე თუ ამჟამად რომელი ქვეყანაა რადიოლოგიის კუთხით მოწინავე, თითქმის ყველამ დაუფიქრებლად გვიპასუხა, რომ ეს საფრანგეთია, რაც ნამდვილად იყო გაოცების საგანი, 

კონგრესის ბოლოს მედსკრიპტუმი ქართულ დელეგაციასაც შეხვდა, რომელმაც ჩვენ თავიანთი ემოციები და იდეები გაგვიზიარა. განსაკუთრებით საინტერესო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ექიმ რადიოლოგ გრიგოლ ნემსაძესთან გასაუბრება გამოდგა, რასაც მკითხველს ცალკე სტატიაში შევთავაზებთ. 

 

2026 წლის ევროპის რადიოლოგიის კონგრესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ ითვლება ეს ღონისძიება თანამედროვე რადიოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეკრებად. ათობით ათასის მონაწილეობით, ასობით სამეცნიერო სესიითა და მასშტაბური საერთაშორისო ტექნოლოგიური გამოფენით, კონგრესი გვთავაზობს უნიკალურ პლატფორმას, სადაც მეცნიერება, ტექნოლოგია და კლინიკური მედიცინა ერთმანეთს ხვდება.

ფოტონების დამთვლელი CT სკანერებიდან და მოწინავე MRI სისტემებიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტითა და სამედიცინო კვლევებში გლობალური თანამშრომლობით დასრულებული  კონგრესზე წარმოდგენილი ინოვაციები ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება სამედიცინო ვიზუალიზაციის სფერო.

ახალგაზრდა ექიმებისა და მომავალი რადიოლოგებისთვის კონგრესი იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შთაგონებასაც,  ეს არის მომავლის ხედვა, სადაც ვიზუალიზაციის ტექნოლოგიები კვლავაც გააგრძელებს დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმვისა და პაციენტების მოვლის ტრანსფორმაციას მთელ მსოფლიოში.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები