გადანერგილი გულის ბიოლოგიური ასაკი მიმღების ორგანიზმს ერგება — ჰარვარდის კვლევა

გააზიარე

რა ემართება ორგანოებს ტრანსპლანტაციის შემდეგ? გადანერგილი გულის ბიოლოგიური ასაკი შესაძლოა მიმღები ორგანიზმის ასაკის გავლენით იცვლებოდეს. ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა დონორის გული ხანდაზმულ მიმღებში უფრო სწრაფად ბერდება, ხოლო ხანდაზმული დონორის გული ახალგაზრდა მიმღებში გარკვეულწილად ახალგაზრდავდება.

ამის დასადგენად კვლევა თავდაპირველად თაგვებზე ჩატარდა. მკვლევრებმა სიცოცხლის სამ სხვადასხვა ეტაპზე მყოფ თაგვებს დონორის გულები ისე გადაუნერგეს, რომ ცხოველები საკუთარი და გადანერგილი გულით ერთდროულად ცოცხლობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ გადანერგილ ორგანოებში ასაკობრივი ცვლილებები შეაფასეს და დაადგინეს, რომ მათი ბიოლოგიური ასაკი დროთა განმავლობაში მიმღები ორგანიზმის ასაკს უახლოვდებოდა.

შემდეგ მკვლევრებმა ადამიანებში გულის ტრანსპლანტაციის შემთხვევებიც შეისწავლეს. გააანალიზეს 11 დონორისა და მიმღების მონაცემები, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობა იყო – ხანდაზმული დონორის გულის ახალგაზრდა მიმღებში გადანერგვის დროს ასაკობრივი სხვაობა 8-დან 24 წლამდე, ხოლო ახალგაზრდა დონორის გულის ხანდაზმულ მიმღებში გადანერგვისას – 38-დან 50 წლამდე მერყეობდა.

ორგანოს ბიოლოგიური ასაკის შესაფასებლად მათ დნმ-ის მეთილაციის დონე შეისწავლეს. მეთილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც დნმ-ის გარკვეულ უბნებს მეთილის ჯგუფები ემატება, რაც გენების აქტივობაზე ზემოქმედებს. ასაკთან ერთად დნმ-ის სხვადასხვა უბანში მეთილაციის დონე იცვლება და ამ ცვლილებების გარკვეული ნიმუშები ბიოლოგიური ასაკის შეფასების საშუალებას იძლევა. ამ მეთოდით ადამიანებში გადანერგილი გულების შესწავლამაც აჩვენა, რომ მათი ბიოლოგიური ასაკი მიმღების ასაკს უახლოვდებოდა.

საინტერესოა, რომ ეს ეფექტი ცალმხრივი აღმოჩნდა: მიმღები ორგანიზმის სისტემურმა გარემომ გადანერგილი გულის ბიოლოგიური ასაკი შეცვალა, მაგრამ თავად გულის გადანერგვას მიმღების სხვა ორგანოების ფუნქციებში ცვლილებები არ გამოუწვევია.

მკვლევრებმა ასევე გააანალიზეს ასობით პაციენტის სამედიცინო მონაცემი ტრანსპლანტაციიდან ერთი წლის შემდეგ. გულისცემის სიხშირე, გულის უკანა კედლის სისქე და ფიზიკური დატვირთვის უნარი უფრო მეტად მიმღების ასაკს უკავშირდებოდა, ვიდრე დონორისას, მაგრამ ყველა ფუნქციური მაჩვენებელი ამ ცვლილებას არ ასახავდა.

ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი ორგანოების დეფიციტის გამო, ყოველწლიურად ასობით ადამიანი ახალი ორგანოს მოლოდინში იღუპება. კვლევის შედეგებმა შესაძლოა მომავალში ამ პრობლემის მასშტაბის შემცირებას შეუწყოს ხელი. თუ შემდგომი კვლევები დაადასტურებს, რომ გადანერგილი ორგანოს ბიოლოგიური ასაკი მიმღები ორგანიზმის გავლენით იცვლება, შესაძლებელი გახდება ტრანსპლანტაციისთვის უფრო ხანდაზმული დონორების ორგანოების გამოყენებაც და ამ გზით ხელმისაწვდომი ორგანოების რაოდენობის გაზრდა.

წყარო: nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები