მეცნიერებმა შემაშფოთებელი აღმოჩენა გააკეთეს. გაირკვა, რომ ფსევდომონას აერუგინოზას (Pseudomonas aeruginosa-ს) ზოგიერთი კლინიკური შტამი, რომელიც საავადმყოფოს პირობებში გავრცელებული სუპერბაქტერიაა, სამედიცინო პლასტმასით იკვებება. სამედიცინო ინსტრუმენტებს ის გადარჩენისთვის და ბიოფილმების წარმოქმნისთვის იყენებს. ეს აღმოჩენა ართულებს სამედიცინო მოწყობილობების სტერილიზაციას და ინფექციების კონტროლს.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან კიბოს დიაგნოზისა და იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დროს ხშირად სჭირდებათ პლასტიკური სამედიცინო მოწყობილობები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ახალი ანტიბიოტიკებისა ან თერაპიების შემუშავებას. ეს მიმართული იქნება Pap1 ფერმენტის ბლოკირებაზე, რითაც შეფერხდება ბაქტერიის უნარი, იკვებოს პლასტმასით და შექმნას ბიოფილმები.
საფრთხე ჯანდაცვისთვის
Pseudomonas aeruginosa ოპორტუნისტული პათოგენია, რომელიც ხშირად იწვევს ინფექციებს საავადმყოფოებში, განსაკუთრებით იმუნიტეტდაქვეითებულ პირებში. ის ცნობილია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობით და ბიოფილმების წარმოქმნის უნარით, რაც მას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. ბიოფილმები ბაქტერიების თავდაცვის მექანიზმია, რომელიც მათ ანტიბიოტიკებისა და იმუნური სისტემისგან იცავს. ეს კი ინფექციების მკურნალობას კიდევ უფრო ართულებს. ამ ბაქტერიით გამოწვეული ინფექციები ხშირად ფატალურად სრულდება.
პლასტმასით კვება – ახალი მექანიზმი
ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ P. aeruginosa-ს ზოგიერთ შტამს, მათ შორის PA-W23-ს, შეუძლია პლასტიკური პოლიმერების, კერძოდ პოლიკაპროლაქტონის (PCL) დაშლა და მისი საკვების წყაროდ გამოყენება. PCL ფართოდ გამოიყენება იმპლანტებში, ნაკერებსა და სხვა სამედიცინო მოწყობილობებში. მკვლევრებმა აღმოაჩინეს ახალი ფერმენტი – Pap1 (Pseudomonas aeruginosa polyesterase 1), რომელიც პასუხისმგებელია ამ პლასტიკის დეგრადაციაზე. Pap1-ის აქტივობა მნიშვნელოვანია, რადგან ის სუპერბაქტერიას საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ იარსებოს პლასტიკურ ზედაპირებზე, არამედ აქტიურად წარმოქმნას ბიოფილმები, რაც ინფექციის რისკს კიდევ უფრო ზრდის.
მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივები
ეს აღმოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროსთვის, რადგან სამედიცინო პლასტმასი დიდი რაოდენობით გამოიყენება კათეტერებში, იმპლანტებში, სუნთქვის აპარატებსა და სხვა მოწყობილობებში. სუპერბაქტერიას უნარი, მოიხმარონ ეს პლასტმასი, ზრდის ინფექციების გავრცელების რისკს. კვლევა მიუთითებს, რომ საჭიროა სამედიცინო მოწყობილობების დიზაინისა და სტერილიზაციის მეთოდების გადახედვა.
ბაქტერიების შესახებ დეტალურად იხილეთ კვლევა:
Howard, S. A., de Dios, R., Maslova, E., Myridakis, A., Miller, T. H., & McCarthy, R. R. (2025). Pseudomonas aeruginosa clinical isolates can encode plastic-degrading enzymes that allow survival on plastic and augment biofilm formation. Cell Reports, 44(5), 115650.

