„„სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?“
პავლე მოციქული
ჩემს მეხსიერებაში უამრავ მოგონებას შორის ერთი განსაკუთრებულია: 2012 წლის სექტემბრის ერთ ჩვეულებრივ დილას ნინო ბუცხრიკიძემ დამირეკა და თავის სამუშაო კაბინეტში მისვლა მთხოვა. შესვლისთანავე კომპიუტერის მონიტორზე გახსნილ ელექტრონულ წერილზე საჩვენებელი თითით მიმითითა და გახარებულმა მაუწყა — ეს წერილი შენს წარმატებულ მომავალს ეხებაო. მაშინ პირველად გაჟღერდა ჩემს ცხოვრებაში ემორის უნივერსიტეტის პროფესორის, ზიად კაზის — ამჟამად უკვე ჩემი საუკეთესო მეგობრისა და მენტორის — სახელი და გვარი.
იქ, იმ პატარა ოთახში დაიწერა ჩემი მომავალი წარმატების ისტორია, რაც საბოლოოდ 2024 წლის სექტემბერში გავაცნობიერე, როდესაც გრეიდის ჰოსპიტლის კარი შევაღე და ემორის დიდი ოჯახის წევრი გავხდი.
სამწუხაროდ, სიტყვებს — „მოღვაწეობა“ და „ეპოქალური“ — დღეს ფასი დაკარგული აქვს, თუმცა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ, ნინო, შენ იყავი ეპოქალური ადამიანი! შენი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანე საქართველოში ახალი დარგის — გადაუდებელი მედიცინის — დაფუძნებაში. სრულიად დამსახურებულად გიწოდეს ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა „საქართველოს გადაუდებელი მედიცინის დედა“.
ჩვენმა უმცროსმა კოლეგებმა და მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდნენ ეს ისტორია.
უსაზღვროა შენი ნაადრევი გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება.
თანავუგრძნობ შენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებსა და კოლეგებს. უფალმა მართალთა თანა განუსვენოს შენს უკვდავ სულს.
დროებით, ჩემო მეგობარო…“ — წერს სოციალურ ქსელში ექიმი ტოქსიკოლოგი ოთარ დიხამინჯია.

