შვედეთში მცხოვრები ათასობით ტყუპის მონაცემების ანალიზი მიუთითებს, რომ მხატვრული კრეატიულობა შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, ხოლო სამეცნიერო შემოქმედებითობა — არა. კვლევა მაქს პლანკის ემპირიული ესთეტიკის ინსტიტუტისა და კაროლინსკის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. შედეგები ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
მკვლევართა ვარაუდით, ეს მიგნება ხსნის, თუ რატომ იძლეოდა წარსულში ჩატარებული კვლევები ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს. როგორც ჩანს, კავშირი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ კრეატიულობის რომელ ფორმას ზომავენ მეცნიერები.
კვლევის ავტორებმა 2012-2013 და 2022-2023 წლებში ჩატარებული ორი გამოკითხვის მონაცემები შეისწავლეს, რომელშიც შვედეთში მცხოვრები 14 658 ტყუპი მონაწილეობდა. კითხვარი აფასებდა ტყუპების მიღწევებს როგორც ხელოვნებაში (მუსიკა, მწერლობა, ცეკვა, თეატრი, სახვითი ხელოვნება), ისე მეცნიერებაში. ამასთან, შეფასდა მონაწილეთა პროფესიები, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიმპტომები და სიახლეებისადმი ღიაობა.
მეორე ეტაპზე მეცნიერებმა მონაწილეთა დივერგენტული აზროვნება — პრობლემის გადასაჭრელად მრავალფეროვანი იდეების გენერირების უნარი შეამოწმეს. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაფასებლად კი სამედიცინო ჩანაწერები (მაგალითად, ბიპოლარული აშლილობისა და დიდი დეპრესიული აშლილობის დიაგნოზები) და თვითშეფასების კითხვარები გამოიყენეს.
„დიდი ხანია არსებობს მოსაზრება, რომ გენიოსობა და „სიგიჟე“ ერთმანეთის თანმდევია, განსაკუთრებით შემოქმედებით სფეროებში. მიაჩნიათ, რომ ბევრი ცნობილი ხელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა. თუმცა, ამ კავშირის დამადასტურებელი ემპირიული მტკიცებულებები არაერთგვაროვანია“, — აღნიშნავს ნაშრომის თანაავტორი მირიამ მოზინგი.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პენგჰაო სიას, განმარტებით კი, ანალიზმა მხატვრულ კრეატიულობასა და ფსიქიკურ სირთულეებს შორის კავშირი მართლაც აჩვენა:
„ჩვენი დაკვირვებით, მაღალი მხატვრული კრეატიულობა მეტწილად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ასოცირდება და ამ კავშირში მნიშვნელოვან როლს გენები თამაშობს.
მიუხედავად გენების მნიშვნელობისა, ეს არ ნიშნავს, რომ გარემო ფაქტორები უმნიშვნელოა. ამიტომ, ამ კავშირის განმაპირობებელი სხვა ფაქტორების შესწავლა კვლავ აუცილებელია.“, — განაცხადა სიამ.
მხატვრული კრეატიულობისგან განსხვავებით, სამეცნიერო შემოქმედებითობასა და ფსიქიკურ აშლილობებს შორის მნიშვნელოვანი კავშირი არ გამოვლენილა. მეტიც, ზოგიერთი საზომით ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაკლებ სირთულეზე მიუთითებდა.
კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო კანონზომიერება გამოავლინა: ადამიანები, რომლებსაც წარსულში დეპრესიული სიმპტომები აღენიშნებოდათ, მოგვიანებით სიახლეებისა და უცხო გამოცდილებების მიმართ უფრო გახსნილები ხდებოდნენ. ეს ტენდენცია იდენტურ ტყუპებშიც გამოიკვეთა. მკვლევართა აზრით, ეს დეპრესიულ სიმპტომებსა და სიახლეებისადმი ღიაობას შორის შესაძლო მიზეზშედეგობრივ კავშირზე მიუთითებს, თუმცა მის საბოლოოდ დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
მეცნიერები ასკვნიან, რომ შემოქმედებითობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირის შესწავლისას, ყველა სახის კრეატიულობა ერთნაირად არ უნდა განიხილებოდეს — მხატვრული და სამეცნიერო კრეატიულობის გაერთიანებამ შესაძლოა მათ შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებები დაფაროს. სამომავლოდ, გუნდი გეგმავს შეისწავლოს, კონკრეტულად რომელი გენები და რა მექანიზმები უდევს საფუძვლად ხელოვნებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირს.

