გენური თერაპია სპინალური კონთოვანი ატროფიის წინააღმდეგ

გააზიარე

სპინალური კუნთოვანი ატროფია (SMA) იშვიათი ნეირომუსკულური დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესირებად სისუსტესა და გავლენას ახდენს სუნთქვის, ყლაპვისა და მოძრაობის უნარზე. ეს არის SMN1 გენის დეფექტით გამოწვეული მძიმე მდგომარეობა, რომლისთვისაც აქამდე შეზღუდული თერაპიული საშუალებები არსებობდა, განსაკუთრებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

გენური თერაპიის ახალი პრეპარატის, OAV101 IT-ის, ერთჯერადი ინტრათეკალური (ზურგის ტვინის გარშემო არსებულ სივრცეში) ინექცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოტორულ ფუნქციას SMA-ით დაავადებულ 2 წელზე უფროს ბავშვებსა და მოზარდებში. ის იყენებს Zolgensma-ს აქტიურ კომპონენტს (გენის მიმტან ვექტორს). შეყვანის ინტრათეკალური გზა ამცირებს ვირუსული ვექტორის სისტემურ გავრცელებასა და გვერდით ეფექტებს. ამ მიდგომის უსაფრთხოება მანამდე დადასტურდა STRONG კვლევაში (6 თვიდან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში).

კვლევის დეტალები:

კლინიკურ კვლევაში შეფასდა OAV101 IT – გენის ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც გათვლილია 2-დან 18 წლამდე ასაკის (საშუალო – 5.9 წელი) SMA-ის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჯდომის უნარი, მაგრამ დამოუკიდებლად არასოდეს გაუვლიათ. 

ეფექტურობის შესაფასებლად, ჩატარდა ფაზა 3-ის კონტროლირებული STEER კვლევა, რომლის ფარგლებში მედიკამენტის ერთჯერადი დოზა შეადარეს პლაცებოს (ე.წ. sham treatment – იმიტირებულ მკურნალობას) 126 პაციენტთან. მნიშვნელოვანია, რომ კვლევაში მონაწილეობდნენ ის პაციენტები, რომელთაც მანამდე SMA-ის სამკურნალო არცერთი დამტკიცებული პრეპარატი არ მიუღიათ. 

კვლევის ფარგლებში, 75 პაციენტმა მიიღო OAV101 IT-ის ერთი დოზა,  ხოლო 51-მა – პლაცებო. პაციენტებზე დაკვირვება გაგრძელდა 52 კვირის განმავლობაში. კვლევის დასაწყისში ჯგუფებში უნარშეზღუდულობის გადანაწილება მეტწილად თანაბარი იყო: მოტორული ფუნქციის შეფასების (HFMSE) საწყისი ქულა ორივე ჯგუფში 18-ს შეადგენდა, ხოლო ხელის მოტორული უნარების (RULM) ქულა 17-ს. ეს დეტალები ადასტურებს, რომ მკურნალობის დაწყებამდე ჯგუფები ასაკისა და გენეტიკური მახასიათებლების მხრივ თანაბრად იყვნენ განაწილებული.

ადრინდელი გენური თერაპიისთვის გამოყენებული მედიკამენტი, როგორიცაა Zolgensma, განკუთვნილი იყო 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და შეჰყავდათ ინტრავენურად. სხვა თერაპიული საშუალებები, მაგალითად Nusinersen მოითხოვს განმეორებით ინტრათეკალურ ინექციებს, Risdiplam-ის მიღება კი საჭიროა ყოველდღიურად პერორალურად. 

ამ მედიკამენტების ფონზე, OAV101 IT წარმოადგენს ერთჯერად გენურ თერაპიას. მისი ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს შეყვანის გზაში: ფიქსირებული დოზა უშუალოდ ზურგის ტვინში შედის, რაც მას შესაფერისს ხდის უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, მათი წონისა და ასაკის მიუხედავად. მოტორული ფუნქციის გაუმჯობესება OAV101 IT-ის მიღების შემდეგ იწყება მე-4 კვირიდან და ეს პოზიტიური ეფექტი სტაბილურად ნარჩუნდება ერთი წლის განმავლობაში (კვლევის მიმდინარეობის პერიოდში). აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ მისი დამტკიცება სახელწოდებით Itvisma, მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა SMA-ით დაავადებული პაციენტებისთვის.

კვლევის შედეგები:

მოტორული ფუნქცია თერაპიის ჯგუფში გაიზარდა 2.39 ქულით, პლაცებოს ჯგუფში – 0.51-ით. ხელის მოტორიკაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: თერაპიის ჯგუფში ზრდა 2.44 ქულას შეადგენდა, პლაცებოს ჯგუფში –  0.92.

ამავე დროს, გამოიკვეთა განსხვავება ასაკობრივ ქვეჯგუფებს შორის:

უმცროს ჯგუფში (2-5 წელი) HFMSE გაიზარდა +3 ქულით (+1.56 პლაცებოსთან შედარებით).

უფროს ჯგუფში (5-18 წელი) დაფიქსირდა +1.6 ქულით ზრდა, მაშინ როდესაც პლაცებოს ჯგუფში ამ პარამეტრის მნიშვნელოვანი კლება  აღინიშნა (-0.86). ეს შედეგი ფაქტობრივად დაავადების პროგრესირების შეჩერებასა და ფუნქციის გაუმჯობესებას ნიშნავს.

უსაფრთხოების პროფილი და გვერდითი მოვლენები

საერთო გვერდითი მოვლენების (AEs) სიხშირე თითქმის თანაბრად დაფიქსირდა ორივე ჯგუფში (97% თერაპიის ჯგუფში და 90% პლაცებოს ჯგუფში). თუმცა, სერიოზული გვერდითი მოვლენები (SAEs) უფრო ნაკლებად გამოვლინდა თერაპიის ჯგუფში (28% 33%-ის წინააღმდეგ). ყველაზე ხშირად დაფიქსირდა სასუნთქი გზების ინფექციები და ცხელება, რაც ტიპურია SMA-ით დაავადებული პაციენტებისთვის. ასევე აღინიშნა, რომ ღებინება უფრო ხშირად ვითარდებოდა ინტრათეკალური ინექციის შემდეგ (15%- 2%-ის წინააღმდეგ).

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოტენციურ რისკებს:

ჰეპატოტოქსიკურობა (ღვიძლის დაზიანება): ორივე ჯგუფში დაფიქსირდა 9%-ში, რაც გამოიხატა ღვიძლის ტრანსამინაზების მსუბუქი, დროებითი მატებით.

თრომბოციტოპენია: თრომბოციტების დროებითი დაქვეითება დაფიქსირდა მკურნალობის პირველ კვირას.

განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ზურგის დორსალური ფესვების განგლიონის (DRG) შესაძლო დაზიანებას.  DRG-ის ნიშნები იშვიათად დაფიქსირდა და გამოვლინდა, როგორც პარესთეზია (კონკრეტულად ჩხვლეტითი შეგრძნება) თერაპიის ჯგუფის 2 და პლაცებოს ჯგუფის 1 ბავშვთან. ეს მოვლენები დასტაბილურდა შემდგომი მკურნალობის ფონზე. 

კვლევის ფარგლებში არ დაფიქსირებულა არც ერთი მძიმე გართულება, როგორიცაა ღვიძლის მძიმე უკმარისობა (Hy’s law) ან ონკოლოგიური შემთხვევა.

ექსპერტების აზრით, OAV101 IT არის მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი SMA-ის მენეჯმენტში. პრეპარატი მიზანმიმართულად მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე და ხელს უწყობს დაავადების პროგრესირების შეჩერებას უფროსი ასაკის პაციენტებში. 

წყარო: nature medicine



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები