“ღორის შარდის ბუშტისგან მიღებული ფხვნილი მოწყვეტილ თითებს ზრდის” – ტყუილი, რომელმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა

გააზიარე

ბოლო დღეებში ქართულ მედიასივრცეში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მეცნიერებმა ღორის შარდის ბუშტისგან დამზადებული სპეციალური ფხვნილით ადამიანს მოწყვეტილი თითი გაუზარდეს. სინამდვილეში, ეს სენსაციური ამბავი სიცრუეა, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიც კი შეცდომაში შეიყვანა.

ისტორია, რომელიც ახლა ქართულ ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება, რეალურად 2005 წელს მოხდა. პაციენტმა, სახელად ლი სპიევაკმა, თითის წვერზე დაახლოებით 1 სანტიმეტრის სიღრმის კანი და რბილი ქსოვილი დაკარგა, მაგრამ ამ ადამიანის ფრჩხილის ბუდე ხელუხლებელი დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მედიამ (მათ შორის BBC) დამუშავებულ გამოსახულბებს ავრცელებდა, სადაც მამაკაცს თითის ნახევარზე მეტი თითქოს თავიდან გაეზარდა, რეალური ფოტოები სულ სხვა რეალობას ასახავდა. ლიდსის უნივერსიტეტის ხელის ქირურგიის პროფესორის, საიმონ ქეის შეფასებით, რომელიც პაციენტის ფოტოებს გაეცნო, ეს იყო თითის წვერის სრულიად სტანდარტული ტრავმა, რომელიც ორგანიზმმა ბუნებრივი რეგენერაციის ხარჯზე თავად მოიშუშა. ქირურგმა გავრცელებულ ვერსიას პირდაპირ „ფსევდომეცნიერება“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ჭრილობები ადამიანებს ჩვეულებრივად უხორცდებათ.

ისტორიის ყველაზე სკანდალური ნაწილი კი ინტერესთა აშკარა კონფლიქტი აღმოჩნდა. ე.წ. „ჯადოსნური ფხვნილი“, რომელმაც თითქოს უჯრედების აღდგენის პროცესი აამოქმედა, პაციენტს ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Acell-მა მიაწოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი, ალან სპიევაკი თავად პაციენტის, ლი სპიევაკის ღვიძლი ძმა იყო.

კომპანიის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი, დოქტორი ბადილაკი 2007–2008 წლებში აქტიურად აძლევდა ინტერვიუებს საერთაშორისო მედიას, მაგრამ ვერცერთ ეტაპზე ვერ წარმოადგინა კლინიკური კვლევის დეტალები, უსაფრთხოების მონაცემები ან რეცენზირებული სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელიც ფხვნილის ეფექტიანობას დაადასტურებდა.

ამგვარად, ამბავი, რომელსაც წლების წინ უდიდესი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა, რეალურად ერთი კომპანიის სარეკლამო კამპანია გამოდგა. ადამიანის სხეულს რეგენერაციისა და ჭრილობის შეხორცების საოცარი უნარი მართლაც აქვს, მაგრამ მოწყვეტილი კიდურების აღმდგენი „ჯადოსნური ნივთიერებები“ დღემდე სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ რჩება.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები