GIMPHA 2026 ხელოვნებისა და ჯანმრთელობის აქტივობების შეფასების ჩარჩო: სისტემური მიდგომა და ახალი პერსპექტივები

გააზიარე

საქართველოში ხელოვნებისა და ჯანდაცვის აქტივობები თუ პროგრამები, ძირითადად, არასისტემური ხასიათისაა, რაც ხელს უშლის მათ ინტეგრირებას ფართო ჯანდაცვის სისტემაში. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, GIMPHA 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე ბავშვთა ფსიქოლოგმა, ფსიქოდიაგნოსტირებისა და კონსულტირების მაგისტრმა თამთა ქამუშაძემ მოხსენება წარადგინა, რომელიც დარგის პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით ერთიანი შეფასების ჩარჩოს შემუშავებას ეხება, არსებული ინსტრუმენტების კონსოლიდირებასა და ახალი მიდგომების ადაპტირებას.

 

რა არის შეფასების ჩარჩო და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

შეფასების ჩარჩო არის სტრატეგიული გზამკვლევი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, თუ როგორ მივყავართ პროგრამის კონკრეტულ აქტივობებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შედეგებამდე. ჩარჩოს შექმნა რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორს ეფუძნება. ის აყალიბებს საერთო ენას სფეროს წარმომადგენლებს შორის, უზრუნველყოფს თანმიმდევრულობასა და ხარისხს, ქმნის პროგრესის გაზომვის შესაძლებლობას, ხელს უწყობს დარგის განვითარებას და ახდენს რესურსების განაწილების ოპტიმიზაციას.

პროექტის გრძელვადიანი მიზანია ხელოვნებისა და ჯანმრთელობის პრაქტიკების ინტეგრირება, შეფასება და ლეგიტიმაცია საქართველოს ჯანდაცვის, სოციალურ და კულტურულ სექტორებში. ეს პროცესი რამდენიმე ძირითად ორიენტირს ეყრდნობა, როგორიცაა სწავლისა და განვითარების ხელშეწყობა, მონაწილეებისა და თემის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, ასევე პროგრამების დაკვეთისა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების წარმართვა. ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკის შემუშავების პროცესის ინფორმირებას და სანდო მტკიცებულებების გაზიარებას ჯანდაცვის, კულტურის, სოციალური დაცვის სფეროებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს შეფასებისა და კვლევის ცნებები. შეფასება არის მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სტრუქტურირებული პროცესი, რომელიც პროგრამის ეფექტურობას, ღირებულებას, ოპერაციულ გამოწვევებსა და საერთო წარმატებას განსაზღვრავს. კვლევა კი მიზნად ისახავს ფართო, ახალი ცოდნის შექმნას, რომლის გამოყენებაც შემდგომში უფრო მასშტაბურად მოხდება.

ცვლილების თეორია და ლოგიკური მოდელი

ცვლილების თეორია განმარტავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს პროგრამამ სასურველ შედეგებს. მისი პრაქტიკული გამოხატულებაა ლოგიკური მოდელი, რომელიც ასახავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს სხვადასხვა კომპონენტებს შორის. პირველ ეტაპს წარმოადგენს რესურსები, რაც გულისხმობს აქტივობისთვის საჭირო ბაზისს, როგორიცაა დაფინანსება, პერსონალის სამუშაო დრო და მასალები. ამას მოსდევს მონაცემები ანუ პროდუქტები, რომლებიც პროექტის პირდაპირ მიღწევებს, მაგალითად, ჩატარებული სესიების რაოდენობას ასახავს. შუალედური შედეგები მოკლევადიანი, აუცილებელი პირობებია მთავარი მიზნების მისაღწევად, სადაც იგულისხმება მონაწილეთა კმაყოფილება. უშუალოდ შედეგები კი უკვე მოიცავს კონკრეტულ ცვლილებებს, რომელთა მიღწევასაც პროექტი ისახავს მიზნად, როგორიცაა კეთილდღეობის ან სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესება. საბოლოო საფეხურია გავლენა, რომელიც გრძელვადიან და ფართომასშტაბიან სოციალურ ცვლილებებს, მათ შორის სტიგმის შემცირებასა და ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.

ამ კავშირების თვალსაჩინო მაგალითია მუსიკალური სისტემის დამონტაჟება ქირურგიულ მიმღებში. პროექტის რესურსს წარმოადგენს აუდიოსისტემის შესაძენი დაფინანსება და პერსონალი მონიტორინგისთვის. პროდუქტად გვევლინება მიმღებში მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა და სპეციალურად შერჩეული ფლეილისტები. შუალედური შედეგის ეტაპზე პაციენტები სიამოვნებას იღებენ მუსიკის არჩევით, ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ და ამ გამოცდილებას უზიარებენ ოჯახის წევრებს. ეს ყოველივე იწვევს საბოლოო შედეგს, რაც გამოიხატება უფრო მშვიდ პაციენტებსა და საავადმყოფოში ყოფნის უკეთეს გამოცდილებაში. გრძელვადიანი გავლენა კი კლინიკურ გარემოში მუსიკის როლის უკეთ გააზრება და საავადმყოფოს საერთო გარემოს გაუმჯობესებაა.

შეფასების ტიპები და მეთოდები

სრულფასოვანი მონიტორინგისთვის გამოიყენება სამი ტიპის შეფასება, სადაც ფორმატიული შეფასება ხორციელდება საწყის ეტაპზე და აფასებს პროგრამის შესაფერისობას, პროცესის შეფასება მიმდინარეობს აქტივობის პარალელურად და იკვლევს ოპერაციულ გამოწვევებს, ხოლო შედეგების შეფასება განსაზღვრავს, მოახდინა თუ არა აქტივობამ სასურველი გავლენა მონაწილეებზე.

ინფორმაციის მრავალფეროვნების მისაღწევად შეფასების ოთხი ძირითადი მეთოდი გამოიყენება. რაოდენობრივი მეთოდი ფოკუსირებულია ახსნასა და ობიექტურობაზე და ეყრდნობა ციფრობრივ მონაცემებს, სადაც ინსტრუმენტებად გამოიყენება თვითშეფასების, ადაპტირებული ან მესამე პირისათვის განკუთვნილი სტანდარტიზებული კითხვარები. თვისებრივი მეთოდი იკვლევს სუბიექტურ გამოცდილებას და რიცხვების ნაცვლად ნარატივებს ეყრდნობა ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა სტრუქტურირებული თუ ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები და მონაწილეთა დღიურები. მონაწილეობითი მეთოდი ორიენტირებულია ერთობლივ შექმნაზე, პროცესის ცენტრში აყენებს მონაწილეს და იყენებს შემოქმედებით ინსტრუმენტებს, მათ შორის კითხვარებისა და ინტერვიუს ჩარჩოს ერთობლივ შემუშავებას. ეკონომიკური მეთოდი კი ფოკუსირებულია დანახარჯებსა და ფულად ღირებულებაზე და მიზნად ისახავს პროგრამის ეკონომიკური სარგებლის დემონსტრირებას. ასევე მნიშვნელოვან მიდგომას წარმოადგენს უშუალო დაკვირვება ბუნებრივ ან სპეციალურად მოწყობილ გარემოში, რაც ნახევრად სტრუქტურირებული ფორმების, ჩეკლისტებისა და შეფასების ბადეების მეშვეობით ხორციელდება.

შეფასების სფეროები და ინდიკატორები პრაქტიკაში

შეფასების დაწყებამდე აუცილებელია განისაზღვროს პროგრამის მიზანი, შეფასების საჭიროება და მასში ჩართული დაინტერესებული მხარეები, რადგან მოლოდინები და ინდიკატორები განსხვავდება კონკრეტული პრაქტიკის მიხედვით. ხელოვნება ჯანდაცვის სფეროში მოიცავს ხელოვანებსა და სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ინდიკატორები ორიენტირებულია გამოცდილებაზე, კეთილდღეობასა და კომუნიკაციაზე. არტ თერაპიები საჭიროებს ლიცენზირებულ თერაპევტებს და კლინიკურ სერვისებს და მისი ინდიკატორები ზომავს ფსიქოსოციალურ, სარეაბილიტაციო ან ფსიქოთერაპიულ შედეგებს. ხელოვნებაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანდაცვა კი ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებსა და სათემო დაწესებულებებში, სადაც მთავარი ინდიკატორებია სტიგმის შემცირება, პრევენცია და თემის მედეგობა.

ზოგადი შეფასების სისტემა რამდენიმე ძირითად სფეროს აერთიანებს. დაფარვა და ხელმისაწვდომობა ზომავს დარეგისტრირებულ მონაწილეებსა და დასწრებას, ხოლო განხორციელება და სტანდარტების დაცვა ორიენტირებულია ჩატარებულ სესიებსა და სუპერვიზიაზე. მონაწილეთა გამოცდილების სფეროში ფასდება უსაფრთხოება, ნდობა და შემოქმედებითი თავისუფლება, ხოლო კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის მიმართულებით იზომება ფსიქიკური მდგომარეობა. სოციალური ურთიერთობების კვლევისას ყურადღება ექცევა მიკუთვნებულობის განცდასა და იზოლაციის შემცირებას, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ასპექტების შეფასებისას კი მოტორულ ფუნქციებს, ძილის ხარისხსა და სტრესზე რეაგირებას აკვირდებიან.

მოდელის სტრუქტურა: სამეურნეო მაღაზიის მეტაფორა

შეფასების სტრუქტურის უკეთ გასააზრებლად სამეურნეო მაღაზიისა და ფარდულის მეტაფორა გამოიყენება. სამეურნეო მაღაზია გულისხმობს იმ ფართო შესაძლებლობებსა და ალტერნატივებს, რომლებსაც შეფასების მოდელის ასაგებად საუკეთესო მიდგომის ძიებისას განიხილავთ. უშუალოდ ფარდული, ანუ ჩარჩო (Framework), წარმოადგენს მთავარ, გამაერთიანებელ სტრუქტურას, სადაც მეთოდებია თავმოყრილი. ეს ჩარჩო შეიძლება იყოს როგორც კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, ისე სტანდარტული და უნივერსალური სტრუქტურის მქონე.

ამ სტრუქტურის შიგნით არსებობს ინსტრუმენტების ნაკრები (Toolkit), რომელიც აერთიანებს და აწესრიგებს შეფასებისთვის საჭირო სხვადასხვა მეთოდს. თავად ინსტრუმენტები ანუ საზომები (Tools) კი არის ცალკეული, კონკრეტული საშუალებები, როგორიცაა კეთილდღეობის საზომი კითხვარი ან სუპერვიზიის ჩანაწერები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას ცალკეული ინდიკატორის შესახებ. საბოლოო ჯამში, ის, თუ ინსტრუმენტთა რომელ ნაკრებს შეარჩევს მკვლევარი, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის სამიზნე ჯგუფი და კონკრეტულად რა კითხვებზე სურთ პასუხის გაცემა.

გააზიარე

სარჩევი

spot_img

სხვა სიახლეები