გლობალური კვლევა: მარტოსული ადამიანები ორჯერ უფრო ხშირად განიცდიან ფიზიკურ ტკივილს

გააზიარე

ლონდონის City St George’s უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა მასშტაბურმა კვლევამ დაადგინა, რომ მარტოობასა და ფიზიკურ ტკივილს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, ხოლო ამ კავშირში გადამწყვეტ როლს ფსიქოლოგიური სტრესი ასრულებს. კვლევა, რომელიც 139 ქვეყანას მოიცავდა, გლობალურ ჭრილში მარტოობის მზარდ პრობლემას უსვამს ხაზს.

კვლევა, რომლის შედეგებიც ჟურნალ „Scientific Reports“-ში გამოქვეყნდა, 2023-2024 წლების Gallup World Poll-ის ფარგლებში შეგროვებულ მონაცემებს ეფუძნება. გაანალიზდა 256 760 ადამიანის მონაცემი, რომელთა ასაკი 15-დან 100 წლამდე მერყეობდა. აღმოჩნდა, რომ მარტოსული ადამიანები ორჯერ უფრო ხშირად განიცდიან ფიზიკურ ტკივილს, ვიდრე ისინი, ვინც მარტოობას არ გრძნობენ.

ლონდონის City St George’s უნივერსიტეტის მკვლევრებმა, დოქტორ ლუსია მაკიამ და დოქტორ ანა-კატრინ ფეტმა, დაადგინეს, რომ მარტოობასა და ფიზიკურ ტკივილს შორის მჭიდრო კავშირში ყველაზე დიდ წვლილს ფსიქოლოგიური სტრესი ასრულებს, რომელიც ამ ასოციაციის 60%-ზე მეტს შეადგენს. კვლევის თანახმად, ამ კავშირს ჯანმრთელობის პრობლემები 18.9%-ით, ხოლო სოციალური და დემოგრაფიული ფაქტორები (მაგალითად, სოციალური მხარდაჭერა) 14%-ით ხსნის. 

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მარტოსულ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი: მათ ხშირად აქვთ მხოლოდ დაწყებითი განათლება, არიან უმუშევრები ან ნაწილობრივ დასაქმებულები და აქვთ საშუალოზე დაბალი შემოსავალი.

კავშირი მარტოობასა და ტკივილს შორის შეინიშნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა, სქესის მიხედვით, ის ქალებში უფრო გამოხატულია, ვიდრე მამაკაცებში. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულები უფრო ხშირად გრძნობენ მარტოობას და აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მარტოობასა და ტკივილს შორის ურთიერთკავშირი მთელი ცხოვრების განმავლობაში თანმიმდევრულია.

დოქტორ მაკიას განცხადებით, ეს კავშირი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სიძლიერით ვლინდება, რაც მიუთითებს კულტურული ფაქტორების მნიშვნელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მარტოობის, ტკივილისა და სტრესის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სიღარიბის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა, კავშირები ეკონომიკური განვითარების დონეს სრულად არ ემთხვეოდა, რაც კულტურული ნორმების, სოციალური სტრუქტურების როლზე მიანიშნებს.

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს მარტოობის გლობალურ მასშტაბებს. გამოკითხულთა 22.7%-მა განაცხადა, რომ კვლევის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე თავს „ძალიან მარტოსულად“ გრძნობდა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მარტოობა არ არის მხოლოდ სოციალური კონტაქტების ნაკლებობის შედეგი. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის გაუარესებასთან და საერთო კეთილდღეობის შემცირებასთან.

 მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მარტოსულმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ მათ ჰყავდათ მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომელთა იმედიც შეეძლოთ ჰქონოდათ, მარტოობასა და ფიზიკურ ტკივილს შორის კავშირი მაინც მნიშვნელოვანი რჩებოდა. ეს მიუთითებს, რომ მარტოობის განცდა შეიძლება არსებობდეს სოციალური კავშირების არსებობის პირობებშიც, რაც ხაზს უსვამს პრობლემის კომპლექსურ ბუნებას.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები