გლობალური კვლევა: სმარტფონები 13 წლამდე ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზინოა

გააზიარე

ახალი გლობალური კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Journal of the Human Development and Capabilities-ში გამოქვეყნდა, 13 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სმარტფონების გამოყენებამ, შესაძლოა, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა დააზიანოს.

კვლევა, რომელიც 163 ქვეყნის თითქმის 2 მილიონი ინდივიდის თვითშეფასების მონაცემებს ეფუძნება, ცხადყოფს, რომ ბავშვები, რომლებმაც სმარტფონების გამოყენება 13 წლამდე დაიწყეს, უფრო მეტად არიან მიდრეკილი სუიციდური აზრების, ემოციების კონტროლის პრობლემების, დაბალი თვითშეფასებისა და რეალობისგან მოწყვეტისკენ. ეს გვერდითი ეფექტები განსაკუთრებით გამოკვეთილია გოგონებში.

თუკი ბავშვი 13 წლამდე იყენებს სმარტფონს, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა უარესდება. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც მეცნიერმა ტარა თიაგარაჯანმა და მისმა გუნდმა კვლევის შედეგად მიიღეს. მეცნიერების დასკვნით, რაც უფრო პატარა ასაკში იწყებს ბავშვი სმარტფონის მოხმარებას, მით უფრო უარესდება მისი მენტალური მდგომარეობა.

მკვლევრები ამ პრობლემებს სოციალური მედიის ზედმეტად გამოყენებას, ძილის რეჟიმის დარღვევას, კიბერბულინგს და ოჯახურ ურთიერთობებში დაძაბულობას უკავშირებენ. მიღებული შედეგები იმდენად საგანგაშოა, რომ ავტორები 13 წლამდე ბავშვებისთვის სმარტფონებსა და სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვისკენ მოგვიწოდებენ.

„აუცილებელია, რომ 13 წლამდე ბავშვებს სმარტფონებზე წვდომა შეეზღუდოთ და ციფრული გარემო უკეთესად მოწესრიგდეს,“ — აღნიშნა თიაგარაჯანმა. მისი თქმით, ეს კვლევა, შფოთვასა და დეპრესიაზე ფოკუსირების ნაცვლად, სხვა ნაკლებად შესწავლილ საკითხებს, ემოციურ რეგულაციასა და თვითშეფასებას, იკვლევს.

ჯონათან ჰაიდტი, წიგნის „The Anxious Generation“ ავტორი და სოციალური ფსიქოლოგი, გვირჩევს, რომ ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება 16 წლამდე შევუზღუდოთ. ეს რჩევა ეფუძნება კვლევას, რომლის მიხედვითაც, მოზარდობის ასაკში სოციალური მედიის აქტიური გამოყენება, გარკვეული პერიოდის შემდეგ , ცხოვრებით უკმაყოფილების მაღალ დონეს იწვევს.

ბევრი მშობელი შიშობს, რომ თუ ბავშვს სმარტფონს არ მისცემს, ის სოციალურად იზოლირებული დარჩება. ამ შიშის დასაძლევად არსებობს ინიციატივები, მაგალითად „Wait Until 8th“. ამ ინიციატივის ფარგლებში მშობლები ერთმანეთს უთანხმდებიან, რომ ბავშვებს სმარტფონებს მე-8 კლასის დასრულებამდე არ მისცემენ.

კლინიკური ფსიქოლოგი მელისა გრინბერგი მშობლებს, რომელთა შვილებიც უკვე აქტიურად იყენებენ სმარტფონებს, აფრთხილებს, რომ ნუ შეშინდებიან. მისი თქმით, თუკი მშობელი ბავშვში საგანგაშო სიმპტომებს შენიშნავს, დასახმარებლად პროფესიონალებს  უნდა მიმართოს .

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ სმარტფონებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ ოჯახში შეუძლებელია, რადგან ბავშვები შესაძლოა თანატოლების გავლენის ქვეშ მოექცნენ, მაგალითად, სკოლაში ან ნებისმიერ სხვა გარემოში.

ექსპერტების აზრით, ბავშვებისთვის სმარტფონებისა და სოციალური მედიის გამოყენების შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად. ეს კი საერთო ძალისხმევით უნდა მოხდეს.

წყარო: Human Development and Capabilities

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები