მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს და გამოსცადეს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მომუშავე სმენის ტესტი, რომელიც კომპიუტერზე ან სმარტფონზე კლინიკური ზედამხედველობის გარეშე, მაღალი საიმედოობით ახერხებს ადამიანის სმენის შემოწმებას.
კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Trends in Hearing-ში გამოქვეყნდა, მაღალტექნოლოგიური ტესტი პაციენტებს საშუალებას აძლევს შეიმოწმონ სმენა სახლის პირობებში და აღარ დასჭირდეთ კლინიკაში ვიზიტი. AI-ის გამოყენებით, ტესტი ახერხებს ფონური ხმაურის გაფილტვრას, რაც ზრდის მის სიზუსტეს.
რეალურად, მკვლევრებმა შექმნეს ტრადიციული “ციფრები ხმაურში” (Digits-in-Noise – DIN) ტესტის AI-ზე დაფუძნებული ვერსია, რომელიც აერთიანებს ტექსტი-მეტყველებაში (TTS) და მეტყველების ავტომატური ამოცნობის (ASR) ტექნოლოგიებს.
შედეგად მიიღეს სრულად ავტომატიზებული სმენის ტესტი, რომელიც შეიძლება შესრულდეს 10 წუთში სამედიცინო პერსონალის მონაწილეობის გარეშე. ტესტის კლინიკური სიზუსტე შემოწმდა 31 ზრდასრულ ადამიანზე, რომელთა შორის იყვნენ როგორც ნორმალური სმენის, ასევე სმენის დაქვეითების მქონე პირები. აღნიშნული ტესტი შეადარეს ორ კონვენციურ DIN ტესტს. შედეგებმა აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ტესტმა პრაქტიკულად იგივე შედეგები მოგვცა, რაც ტრადიციულმა მეთოდებმა, რაც ტექნოლოგიის საიმედოობასა და სიზუსტეს ადასტურებს.
კვლევის წამყვანი ავტორი, მოჰსენ ფატეჰიფარი მანჩესტერის უნივერსიტეტიდან, აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია რევოლუციურ ცვლილებას მოასწავებს:
“ამ ტექნოლოგიის გამოცდის შემდეგ, დარწმუნებულები ვართ, რომ AI-ის დახმარებით სავსებით შესაძლებელია სმენის ტესტის ავტომატიზაცია იმგვარად, რომ მისი ჩატარება სახლის პირობებშიც მოსახერხებელი იქნება”
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ სმენის პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად აჭიანურებენ დახმარების ძებნას – სმენის აპარატის საჭიროებიდან მის მიღებამდე საშუალოდ 8.9 წლიანი დაგვიანებაა. ეს ახალი სისტემა, რომელიც კლინიკაში ვიზიტს არ საჭიროებს, ხელს შეუწყობს პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და დროული ზომების მიღებას.
მეცნიერები გეგმავენ, რომ პროგრამა ყველასთვის უფასო გახდეს. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მეტყველების მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
წყარო: sagepub

