ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკის (UCL) მეცნიერებმა ნაწლავის მიკრობიომში სპეციფიკური ცვლილებები აღმოაჩინეს, რომლებიც პარკინსონის დაავადების განვითარების რისკზე მიანიშნებს სიმპტომების გამოვლენამდე გაცილებით ადრე. ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მიკრობული „ხელწერა“ განსაკუთრებით მკაფიოა დაავადების დიაგნოზის მქონე პირებში, თუმცა ის ასევე ფიქსირდება იმ ადამიანებშიც, რომლებსაც პარკინსონის გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ, მაგრამ კლინიკური ნიშნები ჯერ არ გამოვლენიათ.
მეცნიერულად ეს პროცესი იმით აიხსნება, რომ ჩვენს ნაწლავებში მცხოვრები ბაქტერიების ერთობლიობა ნერვული სისტემის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია. აღმოჩნდა, რომ გარკვეული ბაქტერიები ნაწლავში ანთებით პროცესებს იწვევენ, რაც ხელს უწყობს მავნე ცილების წარმოქმნას და მათ გავრცელებას ტვინის იმ უჯრედებში, რომლებიც პარკინსონის დროს ზიანდება. ეს აღმოჩენა ექიმებს საშუალებას მისცემს, დაავადების რისკი წლებით ადრე ამოიცნონ და სპეციალური კვების რაციონით ან მკურნალობით მისი შეფერხება, ან სრული პრევენციაც კი სცადონ.
კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ ენტონი შაპირას განმარტებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მიკრობიომის ცვლილება სიმპტომების გამოჩენამდე დაფიქსირდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პარკინსონის მქონე პაციენტებში ნაწლავის ბაქტერიების მეოთხედზე მეტი (176 სახეობა) განსხვავებული დოზითაა წარმოდგენილი ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ბაქტერიები ზრდიან ცილა ალფა-სინუკლეინის წარმოქმნას, რომელიც ცთომილი ნერვის საშუალებით ტვინში აღწევს და ნეირონებს აზიანებს.
კვლევამ ასევე გამოავლინა კავშირი კვების რაციონსა და მიკრობიომის მდგომარეობას შორის. პაციენტები, რომლებსაც დარღვეული მიკრობული სურათი ჰქონდათ, მოიხმარდნენ მეტ გადამუშავებულ საკვებსა და ნაჯერ ცხიმებს, ნაცვლად ხილის, ბოსტნეულისა და თევზისა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მიკრობიომის მიზანმიმართული ტრანსფორმაცია მომავალში შესაძლებელს გახდის პარკინსონის დაავადების პროგრესირების მნიშვნელოვან შეფერხებას.
წყარო: Nature

