ჰანტავირუსის ეპიდაფეთქება საკრუიზო ლაინერზე: ვირუსმა 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

გააზიარე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო ლაინერზე (MV Hondius) იშვიათი ჰანტავირუსის სავარაუდო ეპიდაფეთქება დაფიქსირდა.

ინფექციას უკვე ემსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის ხანდაზმული ნიდერლანდელი ცოლ-ქმარი, ხოლო სულ მცირე სამი პირი ინფიცირებულია. ჯანმოს ინფორმაციით, დადასტურებულია ვირუსის მინიმუმ ერთი შემთხვევა და ამჟამად დეტალური ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის ვირუსის სექვენირება მიმდინარეობს.

გემი, რომელიც არგენტინიდან კაბო-ვერდეს მიმართულებით მოგზაურობდა, ამჟამად კაბო-ვერდეს დედაქალაქის პორტთანაა გაჩერებული. ინფიცირებულთაგან ერთი პაციენტი სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ხოლო კიდევ ერთი – 69 წლის ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც ჰანტავირუსი დაუდასტურდა, იოჰანესბურგის კერძო კლინიკაშია მოთავსებული.

ლაინერის ოპერატორი კომპანიის (Oceanwide Expeditions) განცხადებით, გემზე მყოფ ეკიპაჟის ორ წევრს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი გადმოსხდომის ნებართვა ჯერ არ გასცა. ევაკუაციისა და რეპატრიაციის პროცესების კოორდინაციაში აქტიურადაა ჩართული ჯანმო და ნიდერლანდების მთავრობა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ჰანტავირუსი ძირითადად ინფიცირებული მღრღნელების შარდთან ან ფეკალიებთან კონტაქტით ვრცელდება. ვირუსი იწვევს ორ მძიმე სინდრომს: ჰანტავირუსულ პულმონურ სინდრომს, რომელიც ფილტვებს აზიანებს, და ჰემორაგიულ ცხელებას თირკმლის სინდრომით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მართალია ჰანტავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია, თუმცა ინფექციის ადამიანებს შორის გავრცელება მაინც შესაძლებელია.

მიმდინარე ეტაპზე ჰანტავირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა ან ვაქცინა არ არსებობს, შესაბამისად, ლეტალობის რისკს მხოლოდ დროული სამედიცინო ჩარევა ამცირებს. MV Hondius-ზე, რომელიც 170 მგზავრსა და ეკიპაჟის 70 წევრს იტევს, მგზავრთა სამედიცინო მონიტორინგი გრძელდება. სიტუაციას აკვირდება დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაც.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები