back to top

ჰერპესვირუსი მელანომის გამანადგურებელ ეფექტურ იარაღად აქციეს

გააზიარე

მელანომა, კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და მომაკვდინებელი ფორმა, გვიან სტადიებზე ხშირად უკურნებლად მიიჩნევა. თუმცა, უახლესმა კვლევამ, რომელიც USC-ის კეკის მედიცინის ცენტრმა ჩაატარა, ეს წარმოდგენა რადიკალურად შეცვალა. შედეგები Journal of Clinical Oncology-ში  გამოქვეყნდა. 

აღმოჩნდა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ჰერპეს სიმპლექსის ვირუსი ტიპი 1 (HSV-1), შესაძლოა ძლიერი იარაღი იყოს ამ საშიში დაავადების წინააღმდეგ. ეს აღმოჩენა ახალ იმედს აძლევს იმ პაციენტებს, რომელთა მელანომაც რეზისტენტულია არსებული იმუნოთერაპიების მიმართ. ამ მიდგომით, სავარაუდოდ, რადიკალურად შეიცვლება კიბოს მკურნალობა, რადგან ონკოლიზური ვირუსები იმუნურ სისტემას სიმსივნეებთან ეფექტური ბრძოლისთვის ააქტიურებენ.

მელანომა მოზრდილებში კიბოს გავრცელების მიხედვით მეხუთე ადგილზეა. აგრესიული მიმდინარეობა, შეზღუდული თერაპიული რესურსები და უკვე არსებული სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობა, პაციენტებში მაღალ ლეტალობას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ იმუნური საკონტროლო წერტილის ინჰიბიტორებმა (Immune Checkpoint Inhibitors — ICIs), მაგალითად ნივოლუმაბმა, მკურნალობის შედეგები გააუმჯობესა, ისინი პაციენტების 30-50%-ში, რეზისტენტობის გამო, მაინც არაეფექტურია.

ახალი თერაპია ეფუძნება RP1-ს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ HSV-1 ვირუსს, რომელიც მიზანმიმართულად აინფიცირებს და ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ჯანმრთელი ქსოვილების დაუზიანებლად. RP1 ასევე გამოიმუშავებს იმუნომასტიმულირებელ ცილებს. ისინი აძლიერებენ ორგანიზმის სიმსივნის საწინააღმდეგო რეაქციას. ნივოლუმაბთან კომბინაციაში, ეს მიდგომა არა მხოლოდ უტევს ინექციის გზით შეყვანილ სიმსივნეებს, არამედ იწვევს სისტემურ იმუნურ აქტივობას შორეულ მეტასტაზებშიც, მათ შორის სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა ღვიძლი და ფილტვები.

კვლევის ძირითადი შედეგები და კლინიკური მნიშვნელობა:

ფაზა I-II IGNYTE კლინიკურ კვლევაში მონაწილეობდა 140 პაციენტი მელანომის პროგრესული ფორმით, რომლებიც არ რეაგირებდნენ წინამორბედ ანტი-PD-1 თერაპიებზე. პაციენტებს, ნივოლუმაბის ინფუზიასთან ერთად, სიმსივნეში უტარდებოდათ RP1-ის ინექციები.

შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პაციენტების დაახლოებით 33%-ში სიმსივნე შესამჩნევად შემცირდა, ხოლო 15%-ში – სრულად გაქრა. შედეგები ხანგრძლივობითაც გამოირჩეოდა. მკურნალობის ეფექტი საშუალოდ 33 თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ერთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 75% იყო, ორწლიანი — 63%.

მნიშვნელოვანია, რომ სიმსივნე შემცირდა არა მხოლოდ ინექციის უბნებში, არამედ შორეულ მეტასტაზებშიც, რაც ამ თერაპიის სისტემურ ეფექტს ადასტურებს. პაციენტებმა მკურნალობა კარგად გადაიტანეს. გვერდითი მოვლენები ძირითადად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო. მძიმე გართულებები იშვიათად დაფიქსირდა, რაც, არსებულ თერაპიებთან შედარებით, უკეთესი მაჩვენებელია.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მკურნალობის შემდეგ პაციენტების ორგანიზმში გააქტიურდა იმუნური სისტემა, კერძოდ, სიმსივნეებში გაიზარდა CD8+ T უჯრედების რაოდენობა და მოიმატა PD-L1 ცილის ექსპრესიამ. ეს ნიშნავს, რომ იმუნური უჯრედები უკეთესად ამოიცნობდნენ და ებრძოდნენ კიბოს. იგივე ეფექტი დადასტურდა გენების ანალიზითაც. 

ეს აღმოჩენები მიუთითებს RP1-ის უნიკალურ უნარზე, შეცვალოს სიმსივნის მიკროგარემო და გადალახოს იმუნოთერაპიისადმი რეზისტენტობა. კვლევა ონკოლიზურ ვიროთერაპიას კიბოს მკურნალობის ახალ, პერსპექტიულ მიმართულებად წარმოაჩენს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც იმუნოთერაპია ნაკლებად ეფექტურია.

კვლევის მიმდინარე ფაზა III IGNYTE-3 მიზნად ისახავს ამ აღმოჩენების დადასტურებას პაციენტების უფრო ფართო პოპულაციაში. ამას, შესაძლოა, მოჰყვეს მეთოდის დამტკიცება და მისი კლინიკურ პრაქტიკაში დამკვიდრება.

ჰერპესვირუსის გამოყენება კიბოს საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი წინსვლაა ონკოლოგიაში.  ეს ინოვაციური მიდგომა, სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ერთად, პაციენტების ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს. ეს ნიშნავს ახალი ერის დაწყებას, სადაც ვირუსები კიბოსთან ბრძოლის სტრატეგიულ ნაწილად გვევლინებიან.

 

წყარო: Keck Medicine of USC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები