24 აპრილს მსოფლიო ჰორმონების დღეს აღნიშნავს, რასაც საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM) მასშტაბური ღონისძიებებით უერთდება.
წელს კამპანიის ცენტრალური ნაწილია სპეციალური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ონკოენდოკრინოლოგიის მიმართულებით გამორჩეულ საკითხებს დაეთმობა.
კონფერენცია სპეციალურად ექიმებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს ონკოლოგიური და ენდოკრინული დაავადებების თანაკვეთაზე არსებული უახლესი მიღწევებისა და მკურნალობის მეთოდების განხილვას. ეს არის პლატფორმა დარგის პროფესიონალებისთვის, რათა გაიზიარონ გამოცდილება და აიმაღლონ კვალიფიკაცია ამ რთულ და მზარდ მიმართულებაში.
სამეცნიერო ნაწილის პარალელურად, ასოციაცია ფართო საზოგადოებაზეც ზრუნავს. GAEM წარმოადგენს ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE) მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ქართულ ენაზე. ეს გზამკვლევი მოქალაქეებს დაეხმარება გაიგონ, როგორ შეინარჩუნონ ჰორმონალური ჯანმრთელობა ოპტიმალურ ფორმაში.
ჰორმონების როლი ორგანიზმისთვის გადამწყვეტია. ისინი არეგულირებენ მეტაბოლიზმს, ენერგიის მიწოდებას და სტრესთან გამკლავებას. სწორედ ამ მოლეკულების მნიშვნელობის უკეთ გასაცნობად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ასოციაციის წამყვანი ექიმები საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ და სხვადასხვა ჰორმონების ფუნქციებზე ისაუბრებენ.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია იხილონ ოფიციალურ ვებგვერდზე worldhormoneday.org და თვალი ადევნონ ასოციაციის ფეისბუქ გვერდს, სადაც ეტაპობრივად გამოქვეყნდება ექიმების რჩევები და დაგეგმილი სიახლეები.

