წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლა აღარ იქნება ადამიანებისთვის განაჩენი. დღეს ეს მიზანი სულ უფრო რეალური ხდება შვედეთის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტის მკვლევრების წყალობით. მეცნიერთა გუნდმა შექმნა ინოვაციური, ულტრათხელი ბიოელექტრული იმპლანტი, რომელმაც ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ვირთხებში ნაწილობრივ აღადგინა მოძრაობა და მგრძნობელობა.
ეს მნიშვნელოვანი კვლევა ცოტა ხსნის წინ Nature Communications-ში გამოქვეყნდა. სამეცნიერო მიღწევამ შესაძლოა რევოლუციურად შეცვალოს იმ დაავადების მკურნალობა, რომელიც მედიკოსებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება. იმპლანტის უნიკალური დიზაინი და ფუნქციონალი იმედს აძლევს მილიონობით ადამიანს მსოფლიოში, რომლებიც ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეულ ჯანმრთელობის გართულებებს ებრძვიან.
ზურგის ტვინის დაზიანებით მსოფლიოში დაახლოებით 15 მილიონ ადამიანი ცხოვრობს. ასეთი დაზიანება ხშირად იწვევს სრულ ან ნაწილობრივ დამბლას, ასევე მგრძნობელობის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას, რაც პაციენტის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოების რთული ქსელი ტვინსა და სხეულს შორის სასიცოცხლო კომუნიკაციის მაგისტრალია. ამ სისტემის დაზიანებით გამოწვეულ შდეგებს ისიც ამძაფრებს, რომ დაზიანებულ ქსოვილს აღდგენის უნარი თითქმის არ აქვს, რის გამოც პაციენტებს გამოჯანმრთელების ძალიან მცირე შანსი რჩებათ.
ამ რეალობის ფონზე ახალი ბიოელექტრული იმპლანტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს მოწყობილობა, რომელიც ადამიანის თმაზე თხელია, პირდაპირ დაზიანებულ უბნებზე ახდენს რეგულირებულ ელექტროსტიმულაციას .შედეგად, ხელს უწყობს დაზიანებული ნერვული კავშირების აღდგენასა და მათ ხელახალ დაკავშირებას ერთმანეთთან.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიური ელექტროსტიმულაციის ფონზე ვირთხები შესამჩნევად გამოჯანმრთელდნენ. მათ გაუუმჯობესდათ მოძრაობის უნარი და შეგრძნებები იმ ვირთხებთან შედარებით, რომლებსაც ბიოელექტრული იმპლანტით არ მკურნალობდნენ. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ეს დადებითი ტენდენცია 12 კვირიანი დაკვირვების განმავლობაში, გართულების გარეშე, შენარჩუნდა.
მკვლევართა გუნდის განცხადებით, ეს იმპლანტი რევოლუციურია, რადგან ის პირდაპირ ზურგის ტვინზეა მიმართული მინიმალურად ინვაზიური, ზუსტი ელექტრული სიგნალით, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმითაა, რომ მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს იმ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, ვინც დღეს ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრობს. ახალი ტექნოლოგია გზას უხსნის მკურნალობის ისეთ მეთოდებს, რომლებიც პაციენტებს დაეხმარება მოძრაობის უნარის აღდგენასა და დამოუკიდებელი ცხოვრების წესის დაბრუნებაში.
მომავალში გუნდი გეგმავს სტიმულაციის ისეთი პარამეტრების დახვეწას, როგორებიცაა ინტენსივობა, სიხშირე და ხანგრძლივობა. ამ გზით მკურნალობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება. მეცნიერების საბოლოო მიზანია ამ ტექნოლოგიის გარდაქმნა ადამიანებისთვის უსაფრთხო, იმპლანტირებად სამედიცინო მოწყობილობად.
შვედი და ახალ ზელანდიელი მეცნიერების ეს მიღწევა ნეირომეცნიერებასა და რეგენერაციულ მედიცინაში ახალ, პერსპექტიულ ეტაპს უყრის საფუძველს. ის კიდევ ერთხელ აჩვენებს ბიოელექტრონიკის ძალას მედიცინის ყველაზე რთული გამოწვევების გადასაჭრელად.
წყარო: Nature Communication

