დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ადრეულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინოვაციურ ექსპერიმენტულ მკურნალობას, რომელიც მწყობრიდან გამოსული იმუნური სისტემის ხელახალ „გადატვირთვას“ გულისხმობს, სისტემური წითელი ლუპუსის სრული რემისიაში გადაყვანა შეუძლია. University College London Hospitals-ის (UCLH) მკვლევართა ჯგუფის მიერ რევმატოლოგიის ევროპულ კონგრესზე (EULAR) წარდგენილი მონაცემებით, პირველი ექვსი პაციენტიდან ხუთში დაავადება 18 თვეზე მეტია სტაბილურ რემისიაშია და მათ მედიკამენტური თერაპია სრულად შეწყვიტეს.
ეს მიდგომა, რომელიც მედიცინაში CAR-T (ქიმერული ანტიგენური რეცეპტორის მქონე T-უჯრედები) თერაპიის სახელითაა ცნობილი, აქამდე სისხლის ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, თუმცა ახლა მისი ეფექტურობა აუტოიმუნური პათოლოგიების წინააღმდეგაც დასტურდება. ლუპუსის დროს ორგანიზმის B-უჯრედები მუტაციას განიცდიან და იწყებენ ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც საკუთარ ორგანოებსა და ქსოვილებს ესხმიან თავს. ინოვაციური მეთოდით, მეცნიერებმა თავად პაციენტის T-უჯრედები ლაბორატორიულად გენეტიკურად მოდიფიცირეს, რათა მათ მიზანმიმართულად გაანადგურონ პათოლოგიური B-უჯრედები. მკურნალობიდან რამდენიმე თვეში ორგანიზმში ახალი, ჯანსაღი B-უჯრედები იწყებენ ფორმირებას, რაც იმუნური სისტემის სრულ განახლებას იწვევს.
კვლევის ერთ-ერთმა პირველმა პაციენტმა, 64 წლის ქეითი ტინკლერმა, რომელსაც ლუპუსის აგრესიული ფორმა 30 წლის განმავლობაში სტანჯავდა და თირკმლის, გულისა და ფილტვების დაზიანების გამო დიალიზის ზღვარზე იმყოფებოდა, თერაპია 2024 წლის ნოემბერში ჩაიტარა. პაციენტის განცხადებით, მკურნალობამ მას ჩვეული ცხოვრება დაუბრუნა: შინაგანი ორგანოების ფუნქციონირება სრულად აღდგა, ტკივილის სინდრომი გაქრა და მას ათწლეულის შემდეგ პირველად მიეცა აქტიური ყოველდღიურობისა და სპორტული აქტივობის შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესი რთულია და მოდიფიცირებული უჯრედების უარყოფის პრევენციისთვის წინასწარ ქიმიოთერაპიის კურსს მოითხოვს, კლინიცისტები შედეგებს მაინც იმედისმომცემად აფასებენ. UCLH-ის კონსულტანტი რევმატოლოგი, დოქტორი მარია ლეანდრო აღნიშნავს, რომ თუ პაციენტებში 3-დან 5 წლამდე მყარი რემისია შენარჩუნდება, ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი დაავადების საბოლოო განკურნებისკენ.
სამეცნიერო წრეებში მიიჩნევენ, რომ CAR-T თერაპიის პოტენციალი ლუპუსის ფარგლებს სცილდება. ვინაიდან მრავალი აუტოიმუნური დაავადების პათოგენეზი ანალოგიურ მექანიზმებს ეფუძნება, მეცნიერები უკვე გეგმავენ და აწარმოებენ კლინიკურ კვლევებს ამ მეთოდის გამოსაყენებლად ისეთი მძიმე ქრონიკული პათოლოგიების სამკურნალოდ, როგორებიცაა გაფანტული სკლეროზი (MS) და რევმატოიდული ართრიტი.
წყარო: BBC

