კუჭის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა AI-ს დახმარებით

გააზიარე

ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ სამედიცინო სამყარო გააოცა. Alibaba-მ შექმნა მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც შეუძლია კუჭის კიბოს აღმოჩენა კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების (CT) ანალიზით.

ჩინელი მეცნიერების ეს მიღწევა ნიშნავს, რომ კიბოს დიაგნოსტირება შესაძლებელი გახდება ადრეულ სტადიაზეც კი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საჭირო აღარ იქნება ინვაზიური პროცედურები, როგორიცაა ენდოსკოპია. Alibaba-ს AI მოდელი გვთავაზობს ნაკლებად ინვაზიურ, სწრაფ და ეფექტურ მეთოდს, რომელმაც შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდიკა.

სისტემა GRAPE (კუჭის კიბოს რისკის შეფასების პროცედურა) ერთობლივად შეიმუშავეს Alibaba-ს DAMO აკადემიის გუნდმა და ჟეჟიანგის პროვინციის საავადმყოფოს მეცნიერებმა. ეს ინოვაციური სისტემა მანქანურ სწავლებას (Deep Learning) იყენებს სამგანზომილებიანი კომპიუტერული ტომოგრაფიების (CT) ანალიზისთვის და  მიზნად ისახავს კიბოს ნიშნების უპრეცედენტო სიზუსტით გამოვლენას.

ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომლის კლინიკურ ტესტირებაშიც ათიათასობით პაციენტი მონაწილეობდა, განსაკუთრებულ შედეგებს აჩვენებს. დაავადების დიაგნოსტირებისას მან 85.1%-იანი მგრძნობელობა (sensitivity) და 96.8%-იანი სპეციფიკურობა (specificity) მიიღო. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება გამოცდილი რადიოლოგების შედეგებს, კერძოდ, GRAPE-მ მათ 21.8%-ით მგრძნობელობაში, ხოლო სპეციფიკურობაში 14%-ით აჯობა.

ჟეჟიანგის კიბოს მკურნალობის ცენტრის ქირურგის, დოქტორ ჩენგ სიანგდონგის, განცხადებით,  ამ ტექნოლოგიას შეუძლია სრულად  შეცვალოს კუჭის კიბოს სკრინინგის მეთოდი. კერძოდ, უფრო ადრეულად, ნაკლებად ინვაზიური გზით გამოავლინოს დაავადება, რაც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

კუჭის კიბო სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა მსოფლიოში და სიკვდილიანობით მეოთხე ადგილზეა.  ეს დაავადება ხშირად შეუმჩნევლად პროგრესირებს სიმპტომების კომპლექსურობისა და არაკომფორტული დიაგნოსტიკური ინსტრუმენტების, მაგალითად ენდოსკოპიის, გამოყენების გამო.

ამის ფონზე, GRAPE შესანიშნავი ალტერნატივაა. მკვლევრები აღწერენ, რომ ერთ-ერთ პაციენტს მძიმე სტადიის კიბო ექვსი თვით ადრე აღმოუჩინეს, ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, რაც  ვერ მოახერხეს რადიოლოგებმა.

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სამედიცინო ტექნოლოგიების შექმნის მიმართულებით, ეს Alibaba-ს პირველი წარმატება არ არის. 2023 წელს კომპანიამ წარმოადგინა Damo Panda, პანკრეასის კიბოს სკრინინგის ინსტრუმენტი, რომელიც კომპიუტერულ ტომოგრაფიას იყენებს. მოგვიანებით, AI ინსტრუმენტმა აშშ-ის FDA-სგან აღიარება მოიპოვა.

ამ წარმატებამ საფუძველი მოამზადა GRAPE-ს შექმნისთვის და დაამტკიცა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები შესაძლოა გახდეს საიმედო საშუალება კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის.

„ჩვენი საბოლოო მიზანია, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არაინვაზიური კიბოს სკრინინგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ“, – განაცხადა სია ინგდამ, DAMO-ს ალგორითმების უფროსმა ექსპერტმა და კვლევის თანაავტორმა.

ეს ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მასშტაბური პროგრამის ნაწილია, მიანიშნებს, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე აქტიურად ცვლის სამედიცინო სფეროს.

წყარო: Nature Medicine

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები