ინოვაციური სისხლის ანალიზი პანკრეასის კიბოს ადრეულ ეტაპზე ავლენს — ახალი კვლევა

გააზიარე

ონკოლოგიური კვლევებისა და მკურნალობის ერთ-ერთმა უდიდესმა ცენტრმა, City of Hope-მა, პანკრეასის კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად ახალი, ექსპერიმენტული სისხლის ანალიზი შეიმუშავა. თხევადი ბიოფსია, სახელწოდებით PANXEON, დაავადებას იმ სტადიაზე ავლენს, როდესაც მისი მკურნალობა და სრული განკურნება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

პანკრეასის კიბო ერთ-ერთი ყველაზე ლეტალური დაავადებაა — დიაგნოზის დასმიდან ხუთი წლის განმავლობაში პაციენტთა მხოლოდ 14% ცოცხლობს. ამის მთავარი მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკაა: შემთხვევების 90%-ში სიმსივნე მაშინ ვლინდება, როცა ის უკვე მეტასტაზირებულია და განკურნების შანსი მინიმალურია.

ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული საერთაშორისო კვლევის თანახმად, რომელშიც აშშ-ის, ევროპისა და აზიის მასშტაბით 1 800-მდე პაციენტი მონაწილეობდა, PANXEON-მა მაღალი მგრძნობელობა აჩვენა. ტესტმა პანკრეასის კიბოს პირველი და მე-2 სტადიები შემთხვევათა 87%-ში სწორად ამოიცნო. ამასთან, ცრუ დადებითი (false positive) პასუხების მაჩვენებელი დაბალი რისკის ჯგუფებში მხოლოდ 3%, ხოლო მაღალი რისკის ჯგუფებში 16% იყო.

აღსანიშნავია, რომ სისხლის ანალიზმა შემთხვევათა 64%-ში მაღალი ხარისხის დისპლაზიის — პანკრეასის კიბოსწინარე მდგომარეობის იდენტიფიცირებაც შეძლო, რომელსაც ხშირად დაავადების „ნულოვან სტადიას“ უწოდებენ. ეს ექიმებს საშუალებას მისცემს, ზუსტად განსაზღვრონ, რომელი პანკრეასის კისტა მოითხოვს აქტიურ მონიტორინგს ან ქირურგიულ ჩარევას, სანამ ის ინვაზიურ კიბოდ გადაიქცევა.

სხვა მსგავსი ტესტებისგან განსხვავებით, PANXEON სისხლის ნიმუშში პანკრეასის კიბოს არა ერთ, არამედ სამ მარკერს ამოწმებს. ესენია: ცირკულირებადი მიკრორნმ-ები (circulating microRNAs), ეგზოსომური მიკრორნმ-ები და ცილა CA19-9. ანალიზის აღების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი (AI) სამივე ბიომარკერის მაჩვენებელს აერთიანებს და პაციენტის რისკის ზუსტ, ერთიან ქულას გამოთვლის.

„ბიომარკერების უმეტესობა სურათის მხოლოდ ერთ ნაწილს გვაჩვენებს, რამდენიმე ბიოლოგიური სიგნალის გაერთიანება კი ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა ხდება პანკრეასში. პანკრეასის კიბო ასეთი მომაკვდინებელი დიდწილად იმიტომ არის, რომ მას მაშინ ვპოულობთ, როცა განკურნების ფანჯარა უკვე იხურება. რაც უფრო მალე აღმოვაჩენთ დაავადებას, მით მეტია ეფექტიანი ჩარევის შანსი“, — განმარტავს კვლევის მთავარი ავტორი და მოლეკულური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აჯაი გოელი.

ახალი ტესტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პანკრეასის კიბოს ოჯახური ისტორია (გენეტიკური რისკი), პანკრეასის კისტები ან ქრონიკული პანკრეატიტი აქვთ. მართალია, PANXEON არ ანაცვლებს ტრადიციულ ვიზუალურ დიაგნოსტიკას, თუმცა ის წარმოადგენს სანდო, ნაკლებად ინვაზიურ პირველად ფილტრს, რომელიც ექიმებს დაეხმარება, დროულად გამოავლინონ მაღალი რისკის მქონე პაციენტები შემდგომი, სიღრმისეული შემოწმებისთვის.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები