ინსულტის შემდეგ ტვინის აღდგენას შესაძლოა ორგანიზმის ბიოლოგიური საათის რეგულირება დაეხმაროს

გააზიარე

ინსულტის შემდეგ ორგანიზმში ირღვევა ცირკადული რიტმი — ბუნებრივი, დაახლოებით 24-საათიანი ბიოლოგიური ციკლი, რომელიც ზემოქმედებს ძილ-ღვიძილის რეჟიმზე, ჰორმონების მუშაობასა და სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე. როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის კვლევის მიხედვით, ამ რიტმის გაძლიერებამ შესაძლოა ინსულტის შემდეგ დაზიანებული ტვინის აღდგენას შეუწყოს ხელი.

მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს გლიმფურ სისტემაზე, რომელიც ტვინში სითხის მოძრაობასა და ნარჩენი ნივთიერებების მოცილებაში მონაწილეობს. მისი მუშაობა განსაკუთრებით აქტიურია ძილის პერიოდში. ინსულტის შემდეგ გლიმფური სისტემის ფუნქცია ირღვევა, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ტვინში ანთებით პროცესში მონაწილე ცილების – ციტოკინების დაგროვებას.

სწორედ ამიტომ, მკვლევრები დაინტერესდნენ, როგორ იმოქმედებდა ცირკადული რიტმის გაძლიერება გლიმფური სისტემის მუშაობაზე. თავდაპირველად, თაგვებში მათ ოთხი მიდგომა ცალ-ცალკე გამოსცადეს: სინათლის ზემოქმედება, მელატონინი, KL001 — სინთეზური ნივთიერება, რომელიც უჯრედებში ბიოლოგიური საათის მუშაობაში მონაწილე ცილების დაშლას აფერხებს და დროში შეზღუდული კვება, როდესაც ცხოველებს საკვებზე წვდომა მხოლოდ მათი ბუნებრივი აქტიურობის პერიოდში ჰქონდათ. ოთხივე მიდგომამ გლიმფური სისტემის მუშაობა გააუმჯობესა.

შემდეგ ეტაპზე, უკვე ინსულტის მოდელში, მკვლევრებმა ამ ოთხი მიდგომიდან ორი მიდგომა: KL001 და დროში შეზღუდული კვება შეისწავლეს. ორივე მიდგომის გამოყენება ინსულტიდან სამი დღის შემდეგ დაიწყეს, რათა დაედგინათ, როგორ იმოქმედებდა ცირკადული რიტმის გაძლიერება ინსულტის შემდგომ აღდგენაზე. აღნიშნული ჩარევების შედეგად თაგვებში გლიმფური სისტემის ფუნქციონირება გაუმჯობესდა. ამავდროულად, ტვინში იკლო ციტოკინების საერთო დონემ და აღდგა მოტორული ფუნქციები. მკვლევრებმა ასევე დააფიქსირეს ინსულტით დაზიანებული კერის შემცირება.

საინტერესოა, რომ მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება: KL001 პირდაპირ, ფარმაკოლოგიურად მოქმედებს უჯრედებში ბიოლოგიური საათის მექანიზმზე, ხოლო დროში შეზღუდული კვება ცირკადულ რიტმზე ქცევითი გზით მოქმედებს — საკვების მიღებას ორგანიზმის ბუნებრივი აქტიურობის პერიოდს უკავშირებს.

ამ კვლევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ცირკადულ რიტმზე ზემოქმედება ინსულტიდან სამი დღის შემდეგ დაიწყეს — იმ დროისთვის, როდესაც თრომბის დამშლელი პრეპარატებისა და სხვა მწვავე ჩარევებისთვის გამოსაყენებელი დროის მოკლე პერიოდი უკვე გასულია. მიღებული დადებითი შედეგები მიუთითებს, რომ ცირკადული რიტმის გაძლიერება შესაძლოა ტვინის გრძელვადიანი აღდგენისა და რეაბილიტაციის ახალი თერაპიული მიდგომის საფუძველი გახდეს.

კვლევა ჯერ მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა და მისი ეფექტი ადამიანებზე დადასტურებული არ არის. მომავალში დამატებითი შესწავლა იქნება საჭირო იმის დასადგენად, თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ცირკადული რიტმი, გლიმფური სისტემის მუშაობა და ანთებითი პროცესები და შესაძლებელია თუ არა ამ მიდგომების კლინიკურ კვლევებში გამოცდა.

წყარო:sciencedaily

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები