„კიბო გცვლის ფიზიკურად, მაგრამ არსებობს ბევრად უფრო ღრმა რამ, რასაც ეს დიაგნოზი შენში ცვლის“

გააზიარე

უელსის პრინცესა კეტრინი ახალ დოკუმენტურ ფილმში Heal ონკოლოგიური დიაგნოზისა და გამოჯანმრთელების პირად გამოცდილებაზე გულწრფელად საუბრობს. ფილმის პრემიერა BBC-ზე 29 ნოემბერს გაიმართება.

დოკუმენტური ფილმი კიბოს ფიზიკურ და ემოციურ ტვირთსა და რეაბილიტაციის სირთულეებს ასახავს. „კიბო ნამდვილად გცვლის — ცვლის შენს სხეულს, გცვლის ფიზიკურად. მაგრამ არსებობს ბევრად უფრო ღრმა შრეც, რომელსაც ეს დიაგნოზი შენში ცვლის“, — ამბობს 44 წლის პრინცესა ფილმის ტრეილერში. მისი თქმით, „ხშირად სწორედ ტკივილის გავლით ვაცნობიერებთ, რომ მის მიღმა უფრო დიდი სილამაზე არსებობს“.

ფილმი ასახავს, როგორ მონაწილეობს პრინცესა „სამი მწვერვალის ეროვნულ გამოწვევაში“ (National Three Peaks Challenge) — ძმასთან, ჯეიმს მიდლტონთან, ერთად იგი 24 საათში შოტლანდიის, ინგლისისა და უელსის უმაღლეს მწვერვალებს იპყრობს. ონკოლოგიურ კლინიკებში გავრცელებული ტრადიციით, მკურნალობის დასრულებისას პაციენტები სპეციალურ ზარს რეკენ. გზაში კეტრინი ამბობს, რომ მას ეს ზარი არ დაურეკავს, რაზეც ძმა პასუხობს: „შესაძლოა, შენთვის იმ ზარის დარეკვა სწორედ ესაა“.

კენსინგტონის სასახლის ცნობით, პრინცესა იმედოვნებს, რომ ფილმი სხვა პაციენტებს დიაგნოზთან გამკლავებასა და მკურნალობის შემდგომ ცხოვრებაში დაეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს ჰოლისტიკური ონკოლოგიური ზრუნვის, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური მხარდაჭერის, ხელმისაწვდომობის გაზრდას. ფილმის გავრცელებიდან მიღებული მთელი შემოსავალი საქველმოქმედო ორგანიზაცია The Royal Marsden Cancer Charity-ს გადაერიცხება, რომელიც სწორედ იმ საავადმყოფოს უჭერს მხარს, სადაც კეტრინი მკურნალობდა.

უელსის პრინცესამ კიბოს დიაგნოზის შესახებ საჯაროდ 2024 წლის მარტში, მუცლის ღრუს ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ განაცხადა. იმავე წლის სექტემბერში მან ქიმიოთერაპიის კურსის დასრულება დაადასტურა, 2025 წლის იანვარში კი — რემისიაში გადასვლა, მაგრამ სიმსივნის კონკრეტული ტიპი არ დაუსახელებია. კეტრინი სამეფო მოვალეობებს ეტაპობრივად უბრუნდება: ამ კვირაში იგი პრინც უილიამთან ერთად ინდოეთში, Earthshot Prize-ის დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფებოდა, რაც ბოლო ოთხ წელიწადში წყვილის პირველი ოფიციალური საზღვარგარეთული ვიზიტი იყო.

წყარო: CNN

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები