რაისის უნივერსიტეტისა (Rice University) და ტეხასის MD Anderson-ის კიბოს ცენტრის მკვლევრებმა სრულიად ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული მიკროსკოპი შექმნეს. ეს ინოვაციური მოწყობილობა ექიმებს სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისა და დიაგნოსტირების პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.
მოწყობილობას PrecisionView ეწოდება და ის ჩვეულებრივი კალმის ზომისაა. დღემდე ექიმებს უწევდათ კომპრომისზე წასვლა დეტალურ გამოსახულებასა და დაფარვის ფართო არეალს შორის. გარდა ამისა, ეპითელური კიბოს (მაგალითად, საშვილოსნოს ყელის ან პირის ღრუს სიმსივნის) დიაგნოსტირება ხშირად ინვაზიურ და მტკივნეულ ბიოფსიას მოითხოვს. ახალი ტექნოლოგია კი ამ პრობლემას ჭრის – ის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ქსოვილის დიდ ზედაპირზე უჯრედული სტრუქტურები და სისხლძარღვები რეალურ დროში, ბიოფსიის გარეშე დაინახონ.
როგორც წესი, სამედიცინო პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტი უკვე გადაღებული კადრების ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. თუმცა ამ შემთხვევაში მეცნიერებმა AI უშუალოდ მიკროსკოპის ოპტიკური სისტემის შესაქმნელად დააპროგრამეს. შედეგად, PrecisionView-ს ტრადიციულ მოწყობილობებთან შედარებით 5-ჯერ უფრო ფართო ხედვის არე და 8-ჯერ უფრო ღრმა ფოკუსი აქვს, თანაც ისე, რომ უჯრედულ დონეზე გამოსახულების სიზუსტე არ იკარგება.
ეს მიღწევა ნიშნავს, რომ ახლა უკვე ექიმს შეუძლია ერთდროულად დააკვირდეს კიბოს ორ მთავარ მახასიათებელს: ქსოვილის უჯრედულ ცვლილებებსა და ზედაპირის ქვეშ არსებულ მიკროსისხლძარღვებს. მოწყობილობა რეალურ დროში აგენერირებს ქსოვილის დეტალურ რუკას, რაც ჯანსაღი და კიბოსწინარე უჯრედების ერთმანეთისგან გარჩევას ბევრად უფრო სწრაფსა და ზუსტს ხდის.
პირველადმა ტესტირებამ, რომელიც პაციენტების ირის ღრუსა და საშვილოსნოს ყელის ქსოვილებზე ჩატარდა, წარმატებით ჩაიარა; მოწყობილობამ პათოლოგიები უშეცდომოდ ამოიცნო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტექნოლოგია არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ხელმისაწვდომიცაა. მისი დამზადება დაახლოებით 3,000 დოლარი ჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ PrecisionView-ს გამოყენება შესაძლებელი იქნება ისეთ კლინიკებსა და განვითარებად რეგიონებშიც, სადაც ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიის კლინიკურ პრაქტიკაში ფართოდ დასანერგად დამატებითი კვლევებია საჭირო, მეცნიერები დარწმუნებულები არიან – AI-ისა და ინოვაციური ოპტიკის შერწყმა სამედიცინო დიაგნოსტიკის მომავალია, რომელიც მილიონობით ადამიანს დაგვიანებული დიაგნოზისგან დაიცავს.
წყარო: PNAS

