ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მმართველ დირექტორთან

გააზიარე

სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის საინვესტიციო ბაზრის არსებობა გადამწყვეტი მნიშვენლობისაა, რადგან ის ინოვაციური იდეების მქონე სტარტაპებს ზრდისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფს. საქართველოში ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს აქსელი (Axel), ანგელოზი ინვესტორების ქსელი, რომელიც სტარტაპერებსა და ანგელოზ ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს და საინვესტიციო გარიგებების დადებას უწყობს ხელს.

Medscriptum-ი ესაუბრა აქსელის მმართველ დირექტორს – ირო ცაგარეიშვილს. მან საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ორგანიზაციის საქმიანობაზე, მისიასა და ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროს პოტენციალზე, ასევე  აქსელის როლზე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. 

არსენ სებისკვერაძე: როგორც აქსელის, საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის მმართველი დირექტორი, როგორ აღწერდით ორგანიზაციის საქმიანობას და მის მთავარ მისიას?

ირო ცაგარეიშვილი: აქსელი, იგივე საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი, ოთხი წლის წინ დაარსდა და მისი მთავარი მისიაა სტარტაპერებისა და ინვესტორების ერთმანეთთან დაკავშირება. კომპანია ფასილიტაციას უწევს მთელ პროცესს, რაც საჭიროა სტარტაპის ინვესტორთან დასაკავშირებლად და საინვესტიციო გარიგების დასადებად.

აქსელი ამჟამად 100-მდე ინვესტორს აერთიანებს. ესენი არიან გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც დაგროვილი აქვთ როგორც ფინანსური კაპიტალი, ასევე მნიშვნელოვანი გამოცდილება და კონტაქტები სხვადასხვა ინდუსტრიაში. ისინი მზად არიან, საკუთარი რესურსები – როგორც ფინანსური, ისე სოციალური – პოტენციურ პორტფოლიო სტარტაპებს მოახმარონ.

აქსელი ინვესტიციებს დებს ყველა ინდუსტრიასა და სექტორში. ამ დროისთვის, ორგანიზაციას 30 დახურული გარიგება აქვს, რომლის ფარგლებშიც ჯამურად 1.3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტირება ძირითადად ქართულ კომპანიებში ხდება, აქსელს შვედურ, ფრანგულ და ამერიკულ კომპანიებში ინვესტირების გამოცდილებაც აქვს.

ჩვენი მიზანია, საქართველოში ანგელოზ ინვესტორთა ქსელმა მიაღწიოს იმ განვითარებული ეკოსისტემების დონეს, სადაც მსგავსი ორგანიზაციები ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებს დებენ სტარტაპებში.

არსენ სებისკვერაძე: რამ შთააგონა აქსელის გუნდი, დაეწყო ინვესტირება ქართულ სტარტაპებში და რა გაძლევთ, ზოგადად, მოტივაციას, ხელი შეუწყოთ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას?

ირო ცაგარეიშვილი: აქსელის დაარსების მთავარი მოტივაცია გახდა საქართველოში სტარტაპებისთვის ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა. აქსელის დამფუძნებელი პარტნიორები 2015-2016 წლიდან იყვნენ ჩართულები ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობაში და კარგად ხედავდნენ არსებულ პრობლემას – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხრიდან მიღებული დაფინანსების შემდეგ, რომელიც დაფინანსების ძირითადი წყარო იყო იმ პერიოდში, სტარტაპები, კაპიტალის სიმცირის გამო, ხშირად ვეღარ ვითარდებოდნენ. ბევრი პოტენციურად წარმატებული პროექტი ამ მიზეზით ჩერდებოდა, მაშინ, როცა სტარტაპები მსგავსი იდეებით სხვა ბაზრებზე წარმატებული კომპანიები ხდებოდნენ.

საინვესტიციო პროცესი საქართველოში არ იყო სტრუქტურიზებული. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში დაინახა აქსელის გუნდმა საკუთარი შესაძლებლობა. აქსელი დაარსდა დაახლოებით 20 პოტენციური ანგელოზი ინვესტორის მონაწილეობით. მათ თავიდანვე ჰქონდათ ეკოსისტემის დახმარების სურვილი. ამ გუნდთან ჩემი შემოერთების მიზეზიც სწორედ პირადად გამოცდილი სირთულეები იყო – სტარტაპის დამფუძნებლისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის არარსებობა. ერთი სიტყვით, ორგანიზაციის მიზანი იყო სტარტაპებისთვის საინვესტიციო ბაზრის შექმნა.

არსენ სებისკვერაძე: თქვენი აზრით, რა როლი მიუძღვის აქსელს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში?

ირო ცაგარეიშვილი: აქსელი ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის წევრია (EBAN), რაც ორგანიზაციას და მის პორტფოლიო სტარტაპებს ევროპის 80-მდე ანგელოზ ინვესტორთა ქსელზე წვდომას აძლევს. აქსელის 100-ზე მეტ ინვესტორს კავშირები აქვს საქართველოს, ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის მასშტაბით. ინვესტიციის გარდა, აქსელი სტარტაპებს ეხმარება უცხოურ ბაზრებზე გასვლაში, კლიენტების მოზიდვასა და ახალი პარტნიორობების შექმნაში. ეს “Smart Money”-ის პრინციპია, რაც ფულთან ერთად, გულისხმობს გამოცდილებისა და კონტაქტების გაზიარებას.

იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდოს, აქსელი ყოველწლიურად აწყობს დიდ საინვესტიციო ღონისძიებას, სადაც ინვესტორები ჩამოდიან. ასევე, აქსელის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებს, სადაც ქართული დელეგაციის სახელით წარმოაჩენენ საქართველოს სტარტაპ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას. ამით ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას.

აქსელი ჩართულია ეკოსისტემის განვითარების სხვადასხვა ნაწილში. წევრი ინვესტორები აქტიურად მონაწილეობენ აქსელერატორების პროგრამებში მენტორებად და ტრენერებად. აქსელი ასევე ლობირებს სტარტაპების დაკავშირებას სხვა საინვესტიციო ფონდებთან, რითაც მათ ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი კლიენტების მოპოვებაში ეხმარება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი – განსაკუთრებით კი აქცენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებაზე, სადაც საქართველოს ძლიერი IT ტალანტი ჰყავს – ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოს შექმნას.

არსენ სებისკვერაძე: ჩვენი ინფორმაციით, აქსელი აქტიურად ეხმარება ინვესტორების მოძიებაში მედიცინისა და ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სტარტაპებს. რამ განაპირობა ამ სექტორის მიმართ ინტერესი? რა პოტენციალს ხედავთ ამ სფეროში?

ირო ცაგარეიშვილი: საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავირჩიოთ ერთი კონკრეტული ინდუსტრია, რომელზეც აქსელი კონცენტრირდება, არც გვინდა, რომ ასე იყოს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. რასაც ყველაზე მეტად ვაკვირდებით, არიან დამფუძნებლები და არის პროდუქტის შემქმნელი გუნდი. სტარტაპის იდეა, პროდუქტი და ბაზარი, მომდევნო წლების განმავლობაში, შესაძლოა ბევრჯერ შეიცვალოს, მაგრამ რაც არ იცვლება, ეს გუნდია. სწორედ ეს იყო პირველი მოტივაცია, როცა ჩვენთან მოვიდნენ სტარტაპები ჯანდაცვის სექტორიდან. პირველად მათი გუნდებით აღვფრთოვანდით და შემდეგ – სხვა ყველაფრით.

გარდა ამისა, გვჯერა, რომ აქსელმა ბაზარზე სტარტაპებისთვის შემოიტანა მაღალი რისკის კაპიტალის ინვესტირების პრაქტიკა. ჯანდაცვის სფერო საქართველოში საკმაოდ ჩაკეტილი სივრცეა, ამიტომ ჩვენი როლი დავინახეთ “თამაშის წესების შემცვლელის” ამპლუაში.

არსენ სებისკვერაძე: როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს აქსელს, როგორც ანგელოზ ინვესტორთა ქსელს, ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების წახალისებაში?

ირო ცაგარეიშვილი: ამ ეტაპზე აქსელმა ინვესტიცია განახორციელა ორ სტარტაპში, თუმცა რეალურად სამი გარიგება შედგა, რადგან ერთ-ერთ სტარტაპში ინვესტიცია ორჯერ მოხდა. ჩვენ გვჯერა, რომ ორივე სტარტაპი ხელს უწყობს ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას ფართო საზოგადოებისთვის.

ჯანდაცვის სექტორში სტარტაპები არსებითად ცვლიან მომსახურების ხარისხს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის, სადაც მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა გასაუმჯობესებელია. ჩვენი მიზანია, ეს სტარტაპები არ შემოიფარგლონ საქართველოს საზღვრებით და გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზეც.

ზოგადად, მსოფლიოში ჯანდაცვის ტექნოლოგიები ვითარდება და ის არაა ისეთ ეტაპზე, როგორც, მაგალითად, ფინანსური ტექნოლოგიების სექტორი და სხვა მიმართულებები. ვთვლით, რომ ჩვენ აქ ჩვენი სიტყვა ვთქვით. თუმცა, საქართველო  მსოფლიოს მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ მიმართულებით. მაგალითად,  ევროკავშირის ქვეყნებისთვის ჯანდაცვის ტექნოლოგიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ახლა ძალიან აქტუალურია ბიოტექნოლოგიების განვითარებაც და ამ თემაზე აქტიურად მუშაობენ მსოფლიოში. საქართველოში, სამწუხაროდ, Deep Tech მიმართულება არ არის განვითარებული, სწორედ ამიტომ აქსელი უფრო მეტად არის კონცენტრირებული Software სტარტაპების დაფინანსებაზე.

არსენ სებისკვერაძე: ამ კონკრეტული სტარტაპების მაგალითზე გვითხარით, როგორ ცვლიან ისინი ჯანდაცვის სექტორს  და, თქვენი აზრით, რა გავლენა ექნებათ მათ ჯანდაცვაზე ქართული ან რეგიონული მასშტაბით?

ირო ცაგარეიშვილი: ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიმართულება, ჩემი აზრით, მომავლის ინდუსტრიაა. ჩვენი დაფინანსებული სტარტაპებით ხელს ვუწყობთ ჯანდაცვის სექტორში ციფრული სერვისების განვითარებას. რთული სათქმელია, სწორედ მათგან შეიქმნება თუ არა ციფრული ჯანდაცვის ეკოსისტემა, მაგრამ ნაბიჯები ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გადაიდგას.

როდესაც სტარტაპი იღებს დაფინანსებას კონკრეტულ სექტორში, ეს დამაიმედებლად მოქმედებს სხვა დამფუძნებლებზეც — ისინი ხედავენ, რომ ამ მიმართულებით ინტერესი არსებობს და მაღალი რისკის კაპიტალი ინვესტირდება. შესაბამისად, მათაც უჩნდებათ მზაობა, თავად წამოიწყონ სტარტაპი. საბოლოო ჯამში, ჩვენი ინვესტიციები მიზნად ისახავს სერვისების გაციფრულებას, ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ტელემედიცინის განვითარებას. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც არსებობს ინტერესი და არა მარტო.

სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს გლობალური მასშტაბით კვლევებისა და Hardware მიმართულებით, თუმცა აპლიკაციებისა და Software პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში ქართველი სტარტაპერები საკმაოდ ძლიერები არიან და ძალიან კარგადაც ვითარდებიან.

არსენ სებისკვერაძე: ხომ არ გაგვიზიარებდით რომელიმე კონკრეტულ სტარტაპებს, რომლებსაც აქსელი სამედიცინო-ტექნოლოგიების მიმართულებით დაეხმარა?

ირო ცაგარეიშვილი: მაგალითად, სტარტაპი “მედიკი”, რომელიც ციფრულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს და ამარტივებს სამედიცინო სერვისებზე წვდომას, სწორედაც Software ტექნოლოგიის წაყლობით.

ასევე, გამოვარჩევდი კიდევ ერთ ქართულ სტარტაპს, რომელიც ჯერ არ არის ჩვენს პორტფელში. BiteriumAI – ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული ტექნოლოგიური კომპანია. ის ადამიანებს ეხმარება ადრეულ ეტაპზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 70%-ით პრევენციაში. ამასთან, ჯანდაცვის პროვაიდერებს სთავაზობს AI-ზე დაფუძნებულ SaaS გადაწყვეტას, რომელიც დიაგნოსტიკის პროცესს აჩქარებს, უზრუნველყოფს ზუსტ მკურნალობას და ზოგავს დროს.

არსენ სებისკვერაძე: თქვენი აზრით, სად არის საქართველო დღეს ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარების მხრივ გლობალურ კონტექსტში?

ირო ცაგარეიშვილი: დღეს ჯანდაცვის სექტორში უამრავი შიდა, მოუწესრიგებელი პროცესია, რომელთა გაციფრულება და ავტომატიზაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას. მაგალითად, პრობლემები გვაქვს ჯავშნების სისტემაში, დაზღვევასა და კლინიკებს შორის კომუნიკაცია ხშირად ელექტრონული ფოსტით ან სატელეფონო ზარებით ხდება, რაც არაეფექტურია.

ბევრი რამ არის გასამართი. უპირველეს ყოვლისა, ბიზნესმა უნდა დაინახოს საკუთარი პრობლემები, ხმამაღლა ისაუბროს მათზე, რათა სტარტაპების დამფუძნებლებმა მეტი იფიქრონ ამ გამოწვევებზე და იმუშაონ მათი გადაჭრის გზებზე. ბიზნესს უნდა ჰქონდეს დიდი ინტერესი, რადგან მისთვის ეს ფინანსების დაზოგვის კუთხით მომგებიანია – უნდა ესმოდეთ, რომ დღეს დახარჯული რესურსი მათ ბიზნესს გრძელვადიან მოგებას მოუტანს. სწორედ ამ ხედვის ნაკლებობაა დღეს პრობლემა. როგორც აღვნიშნე, ჯანდაცვის სექტორი საკმაოდ ჩაკეტილი წრეა, სადაც შეღწევა მარტივი არ არის, თუმცა ეს მიდგომები ძალიან ნელა, მაგრამ მაინც იცვლება.

არსენ სებისკვერაძე: რას აკეთებს საქართველო, როგორც ქვეყანა, ინოვაციების ხელშესაწყობად ჯანდაცვის სფეროში?

ირო ცაგარეიშვილი: არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება. საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო (GITA) არის ერთგვარი ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ზოგადად ეხმარება სტარტაპებს, მაგრამ GITA არ არის კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ ინდუსტრიაზე და არც უნდა იყოს, ის ყველა სექტორის სტარტაპის მხარდამჭერია. 

ჩვენთან არსებული პრობლემები, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიც ანალოგიურია. გვჯერა, რომ ასეთი სტარტაპების დახმარება ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს საზღვრებს გასცდებიან, როგორც კი სატესტო პროდუქტს კარგად დაამუშავებენ ადგილობრივ ბაზარზე.

მეორე საკითხი, რაზეც სახელმწიფომ უნდა იმუშაოს, არის სტარტაპებისთვის კარის გახსნა, მათთვის მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან კომუნიკაციის დამყარებაში დახმარება. ჯანდაცვის სექტორი საკმაოდ ჩაკეტილი წრეა და მასში შეღწევა რთულია, თუ ამ მიმართულებით გამოცდილება არ გაქვს.

ხშირად ციფრული სერვისები თავად კომპანიის შიგნით იქმნება, რაც რიგ შემთხვევებში გამართლებულია, თუმცა ზოგჯერ – გაუმართლებელიც. შესაძლებელია ეს ყველაფერი გენიალურმა გუნდმა შექმნას გარედან, მეტი ინტერესითა და თან დამფუძნებლის როლშიც. გვინახავს ბევრი წარუმატებელი პროექტი ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც აქტორმა დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა.

გარდა ამისა, კლინიკების მიმართულებით დიდი პრობლემაა IT პერსონალის დეფიციტი — სპეციალისტების, რომლებიც რეალურად შეძლებენ მუშაობას და კონკრეტული სტარტაპების ინტეგრირებას კლინიკებსა და კომპანიებში. ამის საჭიროებაც არსებობს და ამის ლობირება ნაწილობრიც სახელმწიფომ შესაძლოა უზრუნველყოს, რომ პროცესი ეფექტურად წარიმართოს.

გამართლებული პრაქტიკაა ზოგადად ჰაკათონებისა და აიდეათონების დაორგანიზება დიდი ბიზნესების მიერ, რაც ჯანდაცვის სექტორში არ ხდება. არ მომწონს, როდესაც ყველაფერს სახელმწიფო აკეთებს. მნიშვნელოვანია ბიზნესის როლიც, რომელმაც სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ თავზე უნდა აიღოს ამ მიმართულებით განვითარება.

ჯანდაცვის სექტორში არსებულმა ბიზნესებმა, რომლებსაც გადასაჭრელი აქვთ ტექნოლოგიური გამოწვევები, პროექტები უნდა დაუთმონ ახალგაზრდულ სტარტაპ გუნდებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ ინოვაციებს შექმნიან ამ გამოწვევების გადასაჭრელად. ჩემი აზრით, ბევრად უკეთესსაც, ვიდრე თავად ამ კომპანიის გუნდი.

ამაზე უნდა დაიწყოს საუბარი და უფრო მეტად უნდა გაუღონ კარი სტარტაპებს, როგორც ბიზნესმა, ისე – სახელმწიფომ.

არსენ სებისკვერაძე: როგორ ხედავთ საქართველოს პოტენციალს ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიმართულებით? გვაქვს თუ არა უნიკალური ნიშა ან ზოგადად მიმართულება, სადაც შეგვიძლია გამორჩეულები ვიყოთ?

ირო ცაგარეიშვილი: ჩემი აზრით, საქართველოს კონკურენტული უპირატესობა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაშია (Software development) . ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ბევრი საინტერესო ციფრული სერვისი და პროდუქტი, რაც რეალურად სჭირდება ჯანდაცვის სექტორს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გვყავს ძალიან ძლიერი IT სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა კომპანიებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მეორე მიმართულება, სადაც სერიოზული ჩავარდნა გვაქვს, არის ღრმა ტექნოლოგიების (Deep Tech) განვითარება, რაც სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას ეფუძნება. ამის ძალიან დიდი რესურსი არსებობს საქართველოში. გამოყენებითი მეცნიერების ბევრი კვლევითი ინსტიტუტი მოქმედებს, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების ფარგლებში, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ცოდნა და თაროზე შემოდებული მრავალი გენიალური პროექტი. ბევრი ჩართული მხარე ცდილობს ამ პროექტების კომერციალიზაციას, მაგრამ, ჩემი აზრით, სანამ ახალგაზრდა თაობა, სტუდენტები, არ ჩაერთვებიან ამ საქმეში, ეს კვლევები კვლავ თაროზე დარჩება. ვგულისხმობ  თაობას, რომელმაც იცის რა არის სტარტაპი და როგორ კეთდება ის.

გულდასაწყვეტია, როცა ვხედავთ, საერთოდ რა ტექნოლოგიებზე საუბრობენ უცხოეთში და ჩვენ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ვართ კონცენტრირებული. მართლაც, დღეს საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით უამრავი ნიჭიერი ადამიანია. ეს პოტენციალი არსებობს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მისი წახალისება არ ხდება. ამ მიმართულებით ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს და ეს, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

არსენ სებისკვერაძე: რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს აქსელი ამ პოტენციალის გამოსავლენად და გასაძლიერებლად?

ირო ცაგარეიშვილი:  პირველ რიგში, ჩვენ ვცდილობთ სიღრმისეულად გავეცნოთ სხვადასხვა ინდუსტრიებს, რადგან ჩვენი ქსელის წევრები თითქმის ყველა სექტორში არიან წარმოდგენილნი. ჩვენ არ ვართ ვიწრო სპეციალიზაციის ექსპერტები კონკრეტულ მიმართულებებში, ყველა სფეროში გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას ვფლობთ.

ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო ტენდენციების კვლევა. ვსწავლობთ, რა ხდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ამჟამად ღრმა ტექნოლოგიების (Deep Tech) მიმართულებით ჯანდაცვის სექტორში დიდი ბუმია. საქართველოში ამ მიმართულებით სტარტაპები თითქმის არ არსებობს. შეიძლება გაგვახსენდეს ერთი-ორი, ან ქართველი დამფუძნებლის მიერ უცხოეთში შექმნილი სტარტაპი, რომელიც რეალურად ქართულად ვერ ჩაითვლება.

ჩვენი დღევანდელი მისიაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საუკეთესო გამოცდილებებზე, რომ ის ჩვენს ქვეყანაშიც დავნერგოთ.

მეორე, ჯანდაცვის ტექნოლოგიების სტარტაპებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, მოვიდნენ ჩვენთან და მოიპოვონ დაფინანსება. ჩვენი მისია მხოლოდ ინვესტიციით არ შემოიფარგლება, ჩვენი მთავარი მიზანია სოციალური სიკეთეების შექმნა ხვალინდელი დღისათვის. გვსურს, ტექნოლოგიების გამოყენებით გავაჯანსაღოთ ის სექტორი, რომელიც, ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, არც თუ ისე ჯანსაღ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, ტექნოლოგიები არის გზა ნებისმიერი სექტორის დემოკრატიზაციისა და მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და სწორედ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი.

არსენ სებისკვერაძე: თუკი ვინმე ახლა კითხულობს ამ ინტერვიუს და გადაწყვეტს, რომ დღესვე დაიწყოს საკუთარი სტარტაპი, სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით, რა არის ის ერთი მთავარი რჩევა, რასაც მისცემდით?

ირო ცაგარეიშვილი: ჩემი მთავარი რჩევაა – არ დაიწყოთ სტარტაპი, მანამ, სანამ არ გამოიკვლევთ, რომ არსებობს თქვენი პროდუქტის რეალური საჭიროება. ბაზარი მართლაც რთულია, მაგრამ არა აუთვისებელი. არსებობენ სტარტაპები, მათ შორის ჩვენი პორტფოლიოდანაც, რომლებიც წარმატებით ითვისებენ ამ ბაზარს, რომელიც დიდია და გამოწვევებით სავსეა, თქვენ კი – მასთან მუშაობა უნდა იცოდეთ.

ვფიქრობ, ჯანდაცვა ის სფეროა, სადაც გარკვეული გამოცდილება აუცილებელია, რათა შემდგომში გზა უფრო მარტივად გაიკვალოთ, ზოგადადაც ასეა ყველა ინდუსტრიაში.

თუმცა, ასეთ რთულ ინდუსტრიაში შესვლამდე, საჭიროა ბაზრის სიღრმისეული ცოდნა. არ უნდა იმოქმედოთ თვალდახუჭულმა – ეს, შესაძლოა, მრავალი დაბრკოლების მიზეზი გახდეს და, დროთა განმავლობაში, საერთოდაც დაგიკარგოთ სტარტაპის კეთების სურვილი და მოტივაცია.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები