ამერიკის წითელმა ჯვარმა (American Red Cross), რომელიც აშშ-ში სისხლის მარაგის დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფს, თავისი 150-წლიანი ისტორიის განმავლობაში მეორედ გამოაცხადა სისხლის მარაგის კრიზისი. ორგანიზაციის განცხადებით, არსებული მდგომარეობა განპირობებულია სისხლის პროდუქტების მარაგის მკვეთრი შემცირებით, რაც დონაციის სეზონურმა კლებამ, ექსტრემალურმა სიცხემ, ტყის ხანძრებმა და ინფექციური დაავადებების გავრცელებამ გამოიწვია.
ამერიკის წითელი ჯვრის მონაცემებით, გასულ თვეში ქვეყანაში სისხლის მარაგი დაახლოებით 25%-ით შემცირდა. დეფიციტი განსაკუთრებით პრობლემურია ზაფხულის პერიოდში, როდესაც საავადმყოფოებში სისხლის პროდუქტებზე მოთხოვნა ჩვეულებრივ იზრდება. თბილი ამინდის პირობებში მატულობს ავტოსაგზაო შემთხვევები, იზრდება გარე აქტივობები და შესაბამისად — ტრავმებთან დაკავშირებული სისხლის გადასხმის საჭიროება.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ კორტნი ლოურენსის განცხადებით, ამჟამად ამერიკის წითელი ჯვარი ჩვეულებრივ პერიოდთან შედარებით დღეში დაახლოებით 3 500 ერთეულით მეტ სისხლის პროდუქტს ანაწილებს, რის გამოც არსებული მარაგები კრიტიკულად მცირდება. მისი განმარტებით, სისხლის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენახვა შეუძლებელია, რადგან სისხლის კომპონენტებს შეზღუდული ვარგისიანობის ვადა აქვთ. კერძოდ, ერითროციტული მასა გამოყენებული უნდა იქნეს დაახლოებით 42 დღის განმავლობაში, ვინაიდან დროთა განმავლობაში სისხლის უჯრედების ხარისხი მცირდება.
ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისხლის ყველა ჯგუფის დონაცია, განსაკუთრებით კი O დადებითი სისხლის ჯგუფის მარაგების აღდგენა. ამერიკის წითელი ჯვრის განცხადებით, სისხლის მარაგების დეფიციტის გაგრძელებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საავადმყოფოების შესაძლებლობაზე, დროულად უზრუნველყონ როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ტრანსფუზიული დახმარება. არსებული მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება უკვე განიხილავს პაციენტების გადამისამართების შესაძლებლობას სხვა ტრავმატოლოგიურ ცენტრებში, რათა შენარჩუნდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა.
კრიზისის გაღრმავებაზე გავლენა იქონია რამდენიმე გარემო ფაქტორმა, მათ შორის ზაფხულის პერიოდში დაფიქსირებულმა მაღალმა ტემპერატურამ, რამაც შეამცირა დონორთა აქტივობა და გარკვეულ შემთხვევებში ხელი შეუშალა სისხლის დონაციის დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას. ამასთან, ტყის ხანძრებმა დამატებითი რესურსების მობილიზება მოითხოვა, ხოლო სურსათისმიერი დაავადებების, მათ შორის ციკლოსპორიაზიას, გავრცელებამ კიდევ უფრო გაართულა სისხლის მარაგების მართვა.
ამერიკის წითელმა ჯვარმა სისხლის მარაგის კრიზისი პირველად 2022 წლის იანვარში გამოაცხადა, როდესაც COVID-19 პანდემიითა და მძიმე ზამთრის ამინდით გამოწვეულმა გარემოებებმა სისხლის დონაციის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია.
მსგავსი ვითარება აღინიშნება კანადაშიც, სადაც Canadian Blood Services-ის მონაცემებით, ივნისის დასაწყისიდან სისხლის მარაგები თითქმის 20%-ით შემცირდა. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში დონაციის წინასწარი რეგისტრაციები ყოველ კვირას 1 500–2 500 შემთხვევით ჩამორჩებოდა დაგეგმილ მაჩვენებლებს, რის გამოც ორგანიზაცია არსებული მარაგების გამოყენებას საჭიროებს. სისხლის დონაციის შემცირების ზუსტი მიზეზი კანადაში ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიმდინარე კლება მნიშვნელოვნად აღემატება ზაფხულის პერიოდში მოსალოდნელ სეზონურ შემცირებას, რის შედეგადაც რამდენიმე სისხლის ჯგუფის მარაგი უკვე არასტაბილურ დონეზეა.
სისხლის მარაგის კრიზისი ხაზს უსვამს დონაციის სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და მიუთითებს ჯანდაცვის სისტემების მიერ წინასწარი დაგეგმვისა და რისკების მართვის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით სეზონური მერყეობისა და საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული გამოწვევების პირობებში.
წყარო: www.bbc.com

