Forbes-ის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, ამერიკის 400 უმდიდრესი ადამიანიდან 15-მა საკუთარი ქონება ჯანდაცვის სფეროში დააგროვა. მათმა საერთო კაპიტალმა 136 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ უმდიდრეს ადამიანებს შორის ოთხი პროფესიით ექიმია.
რეიტინგში პირველ ადგილს ექიმი ტომას ფრისტ უმცროსი და მისი ოჯახი იკავებს, რომელთა ქონება 33.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფრისტმა მამასთან ერთად 1960-იან წლებში კომპანია HCA Healthcare დააარსა, რომელიც დღეს 190 საავადმყოფოსა და 2 400-ამდე სამედიცინო პუნქტს ფლობს. ყოფილი სამხედრო ქირურგი ამერიკის უმდიდრეს ადამიანებს შორის 32-ე პოზიციაზეა, ხოლო ჯანდაცვის სფეროში ის უპირობო ლიდერია.
მეორე ადგილზეა რობერტ დაგანი 13.4 მილიარდი დოლარით (საერთო რეიტინგში 96-ე). 2015 წელს მან თავისი ბიოფარმაცევტული კომპანია, Pharmacyclics, Abbvie-ს სარფიანად მიჰყიდა, მოგვიანებით კი ინვესტიცია ონკოლოგიური პრეპარატების მწარმოებელ Summit Therapeutics-ში ჩადო, სადაც ახლა აღმასრულებელი თანადირექტორია.
მესამე პოზიციას სამედიცინო აღჭურვილობის გიგანტის, Medline-ის, ხელმძღვანელი ჩარლი მილსი იკავებს 11 მილიარდი დოლარით. მეოთხე ადგილზე კი ქირურგი პატრიკ სუნ-შიონგია 10.3 მილიარდი დოლარით. მან სიმსივნის სამკურნალო ცნობილი პრეპარატი, Abraxane, შექმნა. ამასთან, სუნ-შიონგი გამოცემა Los Angeles Times-ისა და საკალათბურთო კლუბ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” აქციების 4%-ის მფლობელია.
სიაში სხვა ექიმები და მეცნიერებიც მოხვდნენ, რომლებმაც ქონება ჯანდაცვის სექტორში დააგროვეს. მათ შორის არიან Inovalon-ის დამფუძნებელი, ექიმი კით დანლივი; კლინიკური კვლევების კომპანია Medpace-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ექიმი ავგუსტ ტრენდლი; და ბიოტექნოლოგიური კომპანია WuXi AppTec-ის ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი ლი გე.
წლევანდელ Forbes 400-ის რეიტინგში ჯანდაცვის სფეროდან რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა. სიაში პირველად მოხვდნენ ჩარლი და ენდი მილსები, ასევე ვენდი აბრამსი, კით დანლივი და ავგუსტ ტრენდლი.
მართალია, ჯანდაცვის 15 მილიარდერის საერთო ქონება 136 მილიარდ დოლარს აღემატება, მაგრამ Forbes-ის სიის სათავეში კვლავ ტექნოლოგიური გიგანტები დომინირებენ. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკია, რომლის კაპიტალი 908 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფი ჯეფ ბეზოსის ქონებას (378 მილიარდი დოლარი). შედარებისთვის, მასკის ქონება 874.4 მილიარდით მეტია ჯანდაცვის სფეროს უმდიდრესი ადამიანის, ტომას ფრისტის, კაპიტალზე — მარტივად რომ ვთქვათ, მასკი ფრისტზე დაახლოებით 27-ჯერ მდიდარია.
ჯანდაცვის სფეროს 2026 წლის უმდიდრესი ამერიკელების სრული სია ასე გამოიყურება:
-
ტომას ფრისტ უმცროსი, მედიცინის დოქტორი (32-ე ადგილი 400-იდან) — HCA Healthcare; ქონება: 33.6 მილიარდი დოლარი
-
რობერტ დაგანი (96-ე ადგილი) — Pharmacyclics; ქონება: 13.4 მილიარდი დოლარი
-
ჩარლი მილსი (141-ე ადგილი) — Medline; ქონება: 11 მილიარდი დოლარი
-
პატრიკ სუნ-შიონგი, მედიცინის დოქტორი (151-ე ადგილი) — Abraxane; ქონება: 10.3 მილიარდი დოლარი
-
ლი გე, ფილოსოფიის დოქტორი (156-ე ადგილი) — WuXi AppTec; ქონება: 10.1 მილიარდი დოლარი
-
კარლ კუკი (187-ე ადგილი) — Cook Group; ქონება: 8.8 მილიარდი დოლარი
-
რონდა სტრაიკერი (241-ე ადგილი) — Stryker Corp.; ქონება: 7.1 მილიარდი დოლარი
-
ჯონ ბრაუნი (251-ე ადგილი) — Stryker Corp.; ქონება: 6.9 მილიარდი დოლარი
-
რაინჰოლდ შმიდინგი (293-ე ადგილი) — Arthrex; ქონება: 5.8 მილიარდი დოლარი
-
ენდი მილსი (311-ე ადგილი) — Medline; ქონება: 5.5 მილიარდი დოლარი
-
ჯონ სტრაიკერი (325-ე ადგილი) — Stryker Corp.; ქონება: 5.2 მილიარდი დოლარი
-
ვენდი აბრამსი (367-ე ადგილი) — Medline; ქონება: 4.7 მილიარდი დოლარი
-
სტიუარტ რარი, სამართლის დოქტორი (367-ე ადგილი) — Kinray; ქონება: 4.7 მილიარდი დოლარი
-
კით დანლივი, მედიცინის დოქტორი (375-ე ადგილი) — Inovalon; ქონება: 4.6 მილიარდი დოლარი
-
ავგუსტ ტრენდლი, მედიცინის დოქტორი (396-ე ადგილი) — Medpace; ქონება: 4.4 მილიარდი დოლარი
წყარო: MedPageToday

