თანამედროვე მედიცინა სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით საინტერესო ცვლილებები კარდიოქირურგიაში შეინიშნება. ბოლო წლებში ქირურგიაში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება რობოტული ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევა ურთულესი ოპერაციები ჩატარდეს მინიმალურად ინვაზიური მეთოდებით. ამ პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი გახდა მსოფლიოში პირველი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმებმა ერთ ქირურურგიული ჩარევით გულზე შვიდი სხვადასხვა პროცედურა რობოტული ტექნოლოგიის გამოყენებით შეასრულეს.
ეს ისტორიული ოპერაცია საუდის არაბეთში “King Faisal Specialist Hospital & Research Centre”-ში ჩატარდა. აღნიშნული შემთხვევა მედიცინის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი დოკუმენტირებული ოპერაცია, სადაც მრავალრიცხოვანი გულის პათოლოგიების კორექცია ერთ რობოტულ ჩარევაში განხორციელდა.
გულის დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რთული კარდიოლოგიური პაციენტები ხშირად ერთდროულად რამდენიმე პათოლოგიით იტანჯებიან და მათ მკურნალობას რამდენიმე ოპერაცია სჭირდება. ტრადიციულად ეს მინიმუმ ერთხელ მაინც გულმკერდის გახსნას ანუ სტერნოტომიას და მრავალ შემდგომ ინვაზიურ ოპერაციას მოიაზრებს. რაც პაციენტის სარეაბილიტაციო პერიოდზე, მის შემდგომ საერთო ჯანმრთელობაზე და მენტალურ ფონზე უარყოფითად აისახება.
რობოტული ქირურგიის განვითარებამ ეს ხედვა მნიშვნელოვნად შეცვალა. ქირურგები დღეს უკვე სპეციალური კონსოლის საშუალებით მუშაობენ, საიდანაც მიკროსკოპული სიზუსტის მქონე რობოტულ ინსტრუმენტებს აკონტროლებენ. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ოპერაცია ჩატარდეს რამდენიმე მცირე განაკვეთით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ტრავმას.
ისტორიული ოპერაცია
ისტორიული ოპერაცია 70 წლის ქალბატონს ჩაუტარდა, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე რთული კარდიოლოგიური პათოლოგია ჰქონდა. ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევაში საჭირო რამდენიმე ეტაპად ჩატარებული ოპერაცია იქნებოდა. თუმცა ქირურგებმა გადაწყვიტეს ყველა პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტა რობოტული მინიმალურად ინვაზიური მიდგომით.
ოპერაციის დროს შემდეგი პროცედურები შესრულდა:
- მიტრალური სარქვლის ჩანაცვლება
- ტრიკუსპიდული სარქვლის რეკონსტრუქცია
- არითმიის მკურნალობა, აბლაცია ლაბირინთის მეთოდი
- მარცხენა წინაგული — “ყურის ამოკერვა”
- წინაგულთა შორისი ძგიდის დეფექტის დახურვა
- ფილტვის ვენის ანატომიური დეფექტის კორექცია
- დამატებითი კარდიული კორექციები, რომლებიც დაკავშირებული იყო პაციენტის თანმხლებ პათოლოგიებთან
ამგვარად, ერთ ოპერაციაში შვიდი სხვადასხვა კარდიოქირურგიული ჩარევა შესრულდა, რაც მსოფლიო პრაქტიკაში პირველად დაფიქსირდა.
როგორ ტარდება გულის რობოტული ოპერაცია
რობოტული ქირურგიის დროს ექიმი არ დგას უშუალოდ პაციენტთან. იგი ზის სპეციალურ კონსოლთან, საიდანაც მართავს რამდენიმე მექანიკურ „ხელს“.
პროცედურის ძირითადი ეტაპებია:
- გულმკერდში კეთდება რამდენიმე მცირე განაკვეთი(1–2 სმ).
- ინციზიებიდან შეჰყავთ კამერა და მიკროინსტრუმენტები.
- ქირურგი კონსოლიდან აკონტროლებს რობოტულ ხელს, რომელიც იმეორებს მის მოძრაობებს.
- სისტემა უზრუნველყოფს 3D მაღალი გაფართოების გამოსახულებას.
- რობოტი ანეიტრალებს ხელის ბუნებრივ ტრემორს და ზრდის სიზუსტეს.
ამ ტექნოლოგიის წყალობით ქირურგს შეუძლია იმუშაოს გულის ღრმა ანატომიურ სტრუქტურებში, სადაც ტრადიციული ოპერაცია უფრო რთულია.
რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდს
რობოტულ კარდიოქირურგიას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
- მინიმალური ტრავმა
ოპერაცია ტარდება მცირე ჭრილობებით და არ არის საჭირო გულმკერდის სრული გახსნა. - ნაკლები სისხლდენა და ინფექციის რისკი
- სწრაფი რეაბილიტაცია
ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტი ოპერაციიდან დაახლოებით რვა დღეში გაწერეს სრულად აღდგენილი გულის ფუნქციით. - ერთ ოპერაციაში რამდენიმე პათოლოგიის მკურნალობა
- მაღალი სიზუსტე და კონტროლი
მნიშვნელობა კარდიოქირურგიისთვის
ეს ოპერაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს კარდიოქირურგიის ისტორიაში. მან აჩვენა, რომ რობოტული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ერთ ოპერაციაში შესრულდეს ისეთი რთული კომბინირებული პროცედურები, რომლებიც ადრე მხოლოდ რამდენიმე ეტაპად იყო შესაძლებელი.
ამ მიღწევას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს:
- ხანდაზმული პაციენტებისთვის
- მრავალპათოლოგიური გულის დაავადებების შემთხვევაში
- მაღალი რისკის მქონე ოპერაციებში
ასეთიმა მიდგომამ მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს კარდიოქირურგიული მკურნალობის სტანდარტები.
კარდიოქირურგიის მომავალი
რობოტული ტექნოლოგიები უკვე სწრაფად ცვლიან ქირურგიულ პრაქტიკას. ბოლო წლებში ადგილი რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევას აქვს, მათ შორის რობოტული ტექნოლოგიით შესრულებული გულის ტრანსპლანტაცია, რომელიც ასევე განხორციელდა იმავე ცენტრში.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალში განვითარდება:
- ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ქირურგიული სისტემები
- დისტანციური (tele-surgery) ოპერაციები
- უფრო მცირე ინვაზიური მიდგომები
- ავტომატიზებული ქირურგიული ინსტრუმენტები
ეს ყველაფერი შეიძლება ნიშნავდეს, რომ მომავალში გულის ოპერაციები უფრო უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური გახდება.
მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც ერთ რობოტულ ოპერაციაში შვიდი კარდიოქირურგიული პროცედურა შესრულდა, ნათლად აჩვენებს თუ როგორ სწრაფად ვითარდება თანამედროვე მედიცინა. რობოტული ქირურგია არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციაა, არამედ ახალი ეპოქის დასაწყისი კარდიოქირურგიაში, ეპოქის, სადაც რთული ოპერაციები უფრო უსაფრთხოდ და ნაკლები ტრავმით ჩატარდება.

