JAMA-ს მასშტაბური კვლევა: მოზარდობისას კანაფის მოხმარება ფსიქიკური აშლილობების რისკს ორჯერ ზრდის

გააზიარე

ახალი მასშტაბური კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა, მოზარდობის ასაკში მარიხუანას მოხმარება ზრდასრულობისას მძიმე ფსიქიკური დაავადებების განვითარების საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის. 

მეცნიერებმა 460,000-ზე მეტი 13-დან 26 წლამდე მოზარდის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ნივთიერების მოხმარება ხშირად წინ უსწრებს სერიოზული დიაგნოზების დასმას.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ახალგაზრდებში, რომლებიც მოზარდობისას კანაფს მოიხმარდნენ, ორჯერ მეტია ისეთი მძიმე მდგომარეობების განვითარების ალბათობა, როგორიცაა, მაგალითად ფსიქოზური და ბიპოლარული აშლილობები. გარდა ამისა, საგრძნობლადაა მომატებული დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების რისკიც. 

საშუალოდ, კანაფის პირველი მოხმარებიდან ფსიქიკური დიაგნოზის სიმპტომების გამოვლენამდე 1.7-დან 2.3 წლამდე გადის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ნივთიერება, შესაძლოა, დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი იყოს.

მეცნიერები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ თანამედროვე კანაფის პროდუქტები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე წინა ათწლეულებში. მაგალითად, კალიფორნიაში გაყიდული კანაფის ყვავილში THC-ის (მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერება) შემცველობა 20%-ს აჭარბებს, კონცენტრატებში კი 95%-საც კი აღწევს. ასეთი მაღალი დოზები მოზარდის ჩამოუყალიბებელი ტვინისთვის განსაკუთრებით საზიანოა.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კანაფის მოხმარება მოზარდებში არ უნდა აღიქმებოდეს როგორც „უწყინარი ქცევა“. საფრთხე ეხება არა მხოლოდ მათ, ვისაც დამოკიდებულება აქვს, არამედ მათაც, ვინც ნივთიერებას ეპიზოდურად იყენებს. 

მკვლევრები ასევე შიშობენ, რომ კანაფის კომერციალიზაციამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაბალი შემოსავლის მქონე ფენებში შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმაოს, სადაც ნივთიერების მოხმარება უფრო ხშირია.

წყარო: JAMA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები