ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას ქმნის

გააზიარე

ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას ქმნის.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონში “ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია შექმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა.

ეს ინიციატივა, რომლის ამოქმედების ვადად 2026 წლის 1 მარტი განისაზღვრა, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მონაცემები გამოყენებული იქნება მოქალაქეებზე მომეტებულ საფრთხესთან დაკავშირებული ლიცენზიების, ნებართვების და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემის საკითხების გადასაწყვეტად, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდაზე დაშვებისთვის. ცვლილებები ასევე შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების ამავე ბაზაში განთავსებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის შესახებ, მყისიერად მოჰყვა პროფესიული წრეებისა და საზოგადოების აღშფოთება. სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის გაზრდილ რისკს.

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირმა მკაფიო განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია ამ ინიციატივის პოტენციური საფრთხეები:

„ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა იყოს ადამიანების კონტროლის, დისკრიმინაციისა ან მანიპულაციის იარაღი!

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ეკუთვნის იმ განსაკუთრებით მგრძნობიარე მონაცემთა კატეგორიას, რომლის შეგროვება, შენახვა ან გავრცელება ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევის საფრთხეს ქმნის და ზრდის მისი დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის რისკს.

ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები, რომელშიც ეს ინფორმაცია მოიყრის თავს, უკიდურესად მაღალი რისკის მატარებელია.

ასეთი სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას მოქალაქეების კონტროლისთვის, დისკრიმინაციისთვის, დასაქმების, განათლებისა და სხვა უფლებების შეზღუდვისთვის.

მონაცემთა ბაზაში მოხვედრის თანმდევი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ადამიანმა შეიძლება უარი თქვას დახმარების ძიებაზე, რაც გაამწვავებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას.“

ფსიქოლოგთა პროფკავშირი მოუწოდებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ემყარებოდეს კონფიდენციალურობის, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტებს.

ფსიქიატრი გიორგი ბერულავა „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რეესტრის შექმნა უპირველეს ყოვლისა, პაციენტების უფლებებს ეწინააღმდეგება:

„უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა არის მთავარი საკითხები. პაციენტებისათვის როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე პაციენტის უფლებების შესახებ დაცვის კანონი არის გარანტირებული უფლება კონფიდენციალურობაზე და სრულ ანონიმურობაზე მოთხოვნისდა მიხედვით. ამიტომ ამდაგვარი ერთიანი რეესტრის ელექტრონული ფორმატით შექმნა არის დაკავშირებული უზარმაზარ რისკებთან, რომ პაციენტთა მონაცემები გაჟონავს და საჯარო გახდება.“

ბერულავა ხაზს უსვამს, რომ მთავრობის აქცენტი უნდა იყოს არსებული პრობლემების გამოსწორებაზე: „საქართველოში არის უმძიმესი ეპიდემია სუიციდების, რასაც ამწვავებს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით სტაციონარებში ადგილები არ არის. ანუ ამ ტიპის პრობლემების გამოსწორებაზე უნდა იყოს აქცენტი და არა სიების შექმნაზე“.

თსსუ-ს პროფესორი, ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი “ყველაზე სარისკო და სენსიტიური გადაწყვეტილება”. ის ხაზს უსვამს, რომ რეესტრის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის ადამიანს სტატუსის მიხედვით ამოიცნობს და აჯგუფებს, და არა მკურნალობის საჭიროების მიხედვით.

პროფესორი ოკრიბელაშვილი განმარტავს:

”რას ნიშნავს “რეესტრი”? ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა: ის ადამიანს, არა მკურნალობის საჭიროების მიხედვით, არამედ სტატუსის მიხედვით ამოიცნობს და აჯგუფებს.

ანუ, თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება, რაც იწვევს სტიგმას, კონტროლს და უფლებების შეზღუდვას.

მაგალითად, თუ ადამიანს აქვს დიაგნოზი: F63.3 ტრიქოტილომანია (იწიწკნის თმას), მისი მართვის მოწმობის გაცემაზე ექმნება კანონმდებლობასთან სერიოზული სირთულეები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობას მგზავრებისა და გზის უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.”

როგორც ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი აღნიშნავს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მაღალი რისკის მატარებელ გადაწყვეტილებად ითვლება. ისტორიული და თანამედროვე მაგალითები ცხადყოფს, რომ ასეთი ბაზები ადვილად შეიძლება იქცეს პოლიტიკური, სუბიექტური ან ბიუროკრატიული დევნის იარაღად:

  • სამხრეთ კორეაში სადაზღვევო კომპანიებმა უკანონოდ გამოიყენეს ფსიქიატრიული მონაცემები და მოქალაქეებს დაზღვევაზე უარი უთხრეს.
  • აშშ-ში (1950-იან წლებში) ფსიქიატრიული ისტორიის გამო ადამიანებს შავ სიებში შეჰყავდათ და მუშაობის უფლებას უკრძალავდნენ.
  • რუსეთში „ზედამხედველობის რეესტრში“ მოხვედრა პროფესიული უფლებების დაკარგვას და სახელმწიფო კონტროლს ნიშნავს.
  • ბელარუსსა და ჩინეთში მსგავსი სისტემები გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ოპონენტების იძულებითი მკურნალობისთვის და კონკრეტული პოზიციებიდან კანდიდატების გასარიცხად.
  • უსაფრთხოების რისკების მაგალითია ფინეთი, სადაც 30,000 ფსიქოთერაპიული ჩანაწერი მოიპარეს, რასაც ხალხის შანტაჟით მუქარა მოჰყვა.

ეს მაგალითები ხაზს უსვამს მთავარ ეთიკურ კითხვას: „ვინ და რა კრიტერიუმით გადაწყვეტს, რა არის „რისკი“ და ვინ ჩაითვლება „საფრთხედ“?“ დემოკრატიული ქვეყნები უპირატესობას ანიჭებენ მკაცრად კონფიდენციალურ სამედიცინო ჩანაწერებს და არა სახელმწიფო იდენტიფიცირებად საჯარო რეესტრებს.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი გაცილებით ფართო მასშტაბის საფრთხეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეესტრის შექმნა უპრეცედენტო მასშტაბის დისკრიმინაციაა. მისი თქმით, მსოფლიო სტატისტიკით, ე.წ. „გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები“ (შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სხვ.) ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს ყოველ მეოთხე ადამიანს, ხოლო კონფლიქტითა და კრიზისით დაზარალებულ საქართველოში ეს მაჩვენებელი 30%-ს და მეტს აღწევს.

„რა გამოდის – რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი მესამედი ექიმებმა და ფსიქოლოგებმა შსს-ს სპეციალურ სიაში უნდა შეატანინონ. ეს უპრეცედენტო მასშტაბის დისკრიმინაციაა.“

ჯავახიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი კანონი მკვეთრად შეამცირებს ფსიქიკური დახმარების სერვისებში მიმართვიანობას: „უამრავი ადამიანი პროფესიული დახმარების გარეშე დარჩება, გაიზრდება სუიციდის სტატისტიკა.

იგი ქმედებას რუსულ სცენარს ადარებს, სადაც რეესტრები მოსახლეობის დაშინებისა და ჩაგვრის ბერკეტად გამოიყენება, ცივილიზებული დასავლური სახელმწიფოების მიდგომის საპირისპიროდ, რომლებიც სოციალურ დაცვას ზრდიან და სერვისებს აფინანსებენ.

ფსიქოლოგ ლოლა ლომიძის შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის კანონპროექტი ადამიანის უფლებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ მსგავსი აღრიცხვები გადაიქცევა კონტროლისა და რეპრესიის იარაღად. მაგალითად, საბჭოთა კავშირში მოქმედი ფსიქიკური დაავადებების „აღრიცხვა“ (учёт) მოქალაქეებს „საშიშ“ კატეგორიებად ჰყოფდა და მონაცემები ავტომატურად გადაეცემოდა უშიშროების ორგანოებს (КГБ), რაც სისტემატურად გამოიყენებოდა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის

მსგავსი მძიმე შედეგები თანამედროვე მაგალითებშიც გვხვდება: ჩინეთში „უსაფრთხოების რეესტრმა“ გამოიწვია მონაცემთა გაჟონვა და მკურნალობაზე მიმართვიანობის 27%-ით ვარდნა. ყველაზე საგანგაშო კი იაპონიის მაგალითია, სადაც „ევგენიკური დაცვის აქტის“ (1948–1996) ფარგლებში, ფსიქიკური დარღვევის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა გამოიყენებოდა იძულებითი სტერილიზაციისთვის, რის გამოც მთავრობამ 2019 წელს ოფიციალური ბოდიშიც მოიხადა.

ლომიძე ასევე მეცნიერულ უსაფუძვლობაზე მიუთითებს: ის აცხადებს, რომ რეესტრი არ არის უსაფრთხოების გამაუმჯობესებელი ინსტრუმენტი, რადგან ჯანმო-ს მონაცემებით, ზედამხედველობის შიში ფსიქიკური დახმარების ძიებას 30–50%-ით ამცირებს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ American Journal of Psychiatry-ის მეტაანალიზის მიხედვით, ფსიქიკური დაავადებები კრიმინალის მხოლოდ 3–5%-თან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ფსიქოლოგის თქმით, რეესტრი არამეცნიერულ, არაეფექტურ და საზიანო მექანიზმს წარმოადგენს, რომლის გამოყენებამაც ისტორიულად უკვე აჩვენა თავისი რეპრესიული პოტენციალი.

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები